"სულის სვლა კუზიან დროში!" - კვირის პალიტრა

"სულის სვლა კუზიან დროში!"

შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ანდრე ფოგ რასმუსენის ვიზიტს წინ  უძღოდა საკმაოდ წარმომადგენლობითი საზოგადოების თავშეყრა.  მართალია, ეს შეხვედრა სულ სხვა თემებს ეხებოდა და ერთი წინადადებაც არ თქმულა რასმუსენის მოსალოდნელ სტუმრობაზე,  მაგრამ არაერთი გამომსვლელი, შეფარულად თუ პირდაპირ, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობდა.

ექსპერტებად აღიარებულმა ადამიანებმა საქართველოს ხელისუფლებას გაურკვეველი საგარეო პოლიტიკური კურსიც  გაუხსენეს, ირანთან ურთიერთობისკენ სწრაფვაც და პრეზიდენტი ქვეყნის "სინგაპურიზაციის" მცდელობისთვისაც გააქილიკეს. ცხადია,  ბევრს ნატოსთან რუსეთის თანამშრომლობა უფრო რეალურად ეჩვენება, ვიდრე საქართველოს შესვლა ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში. ასეთი განწყობა ქართველებს 2008 წლის მოვლენების შემდეგ გაუჩნდათ, როცა აშშ-ის და დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად, ტერიტორიები კვლავ დავკარგეთ,  "მცოცავ ანექსიას" კი ბოლო არ უჩანს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ომის გახსენებამ თავიდანვე მიიპყრო  ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადოების ყურადღება. საგანგებოდ მომზადებულმა ფილმმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, არც ერთი ნაციონალური არხი არ უჩვენებს, კიდევ ერთხელ შეგვახსენა 7 აგვისტო და პრეზიდენტის სიტყვები, როცა მან ბანდფორმირებებისაგან ცხინვალის  გათავისუფლება გვახარა:

"რუსეთი გვბომბავდა სწორედ იმიტომ, რომ მერე ჩვენს ჯარისკაცებს ჩაეტარებინათ ცხინვალის გათავისუფლების ოპერაცია" (?!).

სააკაშვილის ამ სიტყვების შემდეგ გვაჩვენეს, როგორ ისროლა ქართულმა  მხარემ ცხინვალის მიმართულებით  50-მდე ჭურვი, შემდეგ კი ისევ სააკაშვილის "წლის ტყუილმა" მიიპყრო საზოგადოების ყურადღება:

"ცხინვალის გათავისუფლების ოპერაცია იყო ურთულესი, ბრძოლა  მიდიოდა ყოველ ბუჩქთან, ყოველ პატარა შენობასთან, იყო აბსოლუტურად გააფთრებული და ხელჩართული, ბევრად უფრო რთული, ვიდრე ოდესმე გადახდენია თავს საქართველოს და ქართველ მებრძოლებს და ის განსაზღვრავდა საბოლოო ჯამში ჩვენს სრულ უპირატესობას."

რასაკვირველია, ამის შემდეგ  ჩვენი ჯარისკაცების, პირტიტველა  ბიჭების დასახიჩრებული და დამწვარი ცხედრებიც ვნახეთ. "ეს არ უნდა შევარჩინოთ!" - გრგვინავდა დარბაზი და ძნელი მისახვედრი არ იყო, მუქარა რუსებს ეხებოდა თუ მატყუარა პრეზიდენტს. "კაცო, დედები მადლობას უხდიან სააკაშვილს და თქვენ ვის რა არ უნდა შეარჩინოთ!" - გაისმა ერთ-ერთი მოქალაქის რეპლიკა. მინდორში უპატრონოდ დაყრილი ცხედრების დანახვისას დარბაზში ვიღაცას გული წაუვიდა და ამის გამო ფილმის ჩვენება შეწყვიტეს. ცოტა ხნის შემდეგ  სცენაზე ირაკლი ბათიაშვილი გამოჩნდა და  დამსწრე საზოგადოებას ძალის მოკრება სთხოვა.

დარბაზში ნემსიც არ ჩავარდებოდა. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც საკონცერტო დარბაზში ვერ მოხვდა, ფოიეში იყო და სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდა თვალს დარბაზში  მიმდინარე მოვლენებს.

"იმედი მაქვს, ეს განსაცდელი მალე დამთავრდება, იმედი მაქვს, რუსეთი და საქართველო, როგორც მეგობრები,  ისევ ერთად იქნებიან. არ უნდა შეგეშინდეთ არაფრის, ჩვენთან არს ღმერთი!" - ფილარმონიაში შეკრებილთ  საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ეს ცნობილი განცხადებაც შეგვახსენეს. ცხადია, რომ ამგვარი ბრძნული მჭევრმეტყველების წყალობით პატრიარქმა მართლაც  მოახერხა ჯარისკაცთა გადმოსვენება. ამ ფილმშიც, ისევე როგორც რენე ჰარლინის ფილმში, გამოყენებული იყო მიხეილ სააკაშვილის ცნობილი განცხადება:

"ჩვენ თუ ახლა რუსეთი არ შევაჩერეთ, მთელმა მსოფლიომ თუ არ შეაჩერა, ხვალ რუსული ტანკები ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქამდე მივლენ!" თუმცა, შესაძლოა, ბევრს არ ახსოვს ამ განცხადების  გაგრძელება: "ვნახეთ, როგორი ამბავია  ატეხილი მსოფლიოს არხებზე, მე დღეს მოვიარე ყველა საბრძოლო პოზიცია, ჩემი თვალით ვნახე მათ შორის რუსული თვითმფრინავის მიერ დაბომბვა!" (აქ, რაღა თქმა უნდა, გაისმა აღშფოთებული დარბაზის სტვენა და უმალ გვაჩვენეს რუსული ბომბდამშენის გადაფრენის ხმაზე მთავარსარდლის გაქცევის ამსახველი კადრებიც). ფილმი კი დასრულდა ნაცმოძრაობის აქტივისტებთან ერთ-ერთ რესტორანში მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი ფრაზით:

"ამ ომის შედეგად დავკარგეთ სულ რამდენიმე ჩვენი სოფელი"

და დაკარგული სოფლების საკმაოდ გრძელი ჩამონათვალიც მოვისმინეთ.

მალე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო სიმღერის  კლიპმა - "გამარჯობა, აფხაზეთო, შენი", სადაც ჩანს, თუ როგორ ბრუნდებიან დევნილები აფხაზეთში და ამავე დროს, გასაყიდი შენობებიდან დევნილთა გამოყრისა და ცემის ფაქტებიც  შეახსენეს საზოგადოებას. აღნიშნული სიმღერის ფონზე სლოგანი: "ნუ გაგვყრით დევნილებს ქუჩაში" საკმაოდ მრავლისმთქმელი გახლდათ.

კლიპის ჩვენებისას ყველაზე დიდი სტვენა მერაბ სეფაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის გამოჩენას მოჰყვა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან ძნელი იყო დარბაზის განწყობის შენარჩუნება, თუმცა, გენიალურმა რეჟისორმა რეზო ესაძემ იმ წუთებში შეუძლებელი შეძლო: გამოვიდა და წინასწარ დაწერილი სიტყვის მხოლოდ სათაური წაიკითხა:

"ჩანაწერი ეროვნული წარმომადგენლობითი კრების შესახებ ანუ სულის სვლა კუზიან დროში!"  შემდეგ კი ისევ ილია ჭავჭავაძის მოშველიებით იპოვა სათქმელი: "მას ნუღარ ვსტირით, რაც დაკარგულა!.." ლექსი ბოლომდე წაიკითხა, ფურცელზე დაწერილი სიტყვა ხალხის თვალწინ გადახია და ტაშის გრიალში გაეცალა სცენას.…ვინ იცის, რა ეწერა იმ ფურცელზე, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ წუთებში რეზო ესაძეს იმაზე მეტის თქმა არ სურდა, რაც ერთხელ უკვე გვითხრა თავდადებულმა და  საამაყო წინაპარმა: "ძმობა, ერთობა, თავისუფლება!"

გადაწყდა, რომ  ეროვნული წარმომადგენლობითი სახალხო კრება 25 ნოემბერს გაიმართება.