"შეგვიძლია "თიბისი ბანკის" საქმეს დავაწეროთ - No comment და უბრალოდ ვუყუროთ და დავიზაფროთ - მეტი არაფერი დაგვრჩენია" - კვირის პალიტრა

"შეგვიძლია "თიბისი ბანკის" საქმეს დავაწეროთ - No comment და უბრალოდ ვუყუროთ და დავიზაფროთ - მეტი არაფერი დაგვრჩენია"

ჩვენ შეგვიძლია ამ საქმეს დავაწეროთ - No comment და უბრალოდ ვუყუროთ და დავიზაფროთ, მეტი არაფერი დაგვრჩენია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ იმ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

გია ხუხაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიერ მუქარის წერილის მიღებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა, ამის გარდა, "ჩნდება მთავარი შეკითხვა, სისხლის სამართლის საქმის მასალების პროკურატურიდან მედიაში "გაჟონვასთან" დაკავშირებით დაიწყო თუ არა გამოძიება"?

"საერთო შთაბეჭდილება უმძიმესია. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი და არა მხოლოდ ეს, იგივე მართლმსაჯულების სისტემა, "თიბისის საქმე" და კიდევ ბევრი სხვა რამ, ყველა მიმართულებით დაპირისპირებაა და ამ ქვეყანაში ხელისუფლება უკვე აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ ინტერეს-ჯგუფების ძალაუფლება. უკვე კონკრეტული თემების კომენტირებაც კი მიჭირს. მე მითქვამს, რომ რაღაც უცნაური ბაბილონის "გოდოლი" აშენდა, რომელმაც დაიწყო ნგრევა და ჩვენი მთავარი საფიქრალი უნდა იყოს ის, რომ ამ ყველაფრიდან რაღაც მაინც მაქსიმალურად გადავარჩინოთ.

რა თქმა უნდა, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს და უნდა იყოს ყველაფერი დადგენილი და გამოძიებული, მაგრამ მთავარი კითხვა უკვე არის ის, თუ საერთოდ რა ხდება? ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ არა? - უკვე ამ კრიტიკულ ზღვარს მივაღწიეთ", -განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, თუ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის მედიაში "გაჟონვასთან" დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია, "ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებული და ორკესტრირებული იყო".

"ფაქტი ერთია, რომ სისტემური შეტევა განხორციელდა. სისტემური შეტევა მიმდინარეობდა ბანკზე. ქრონოლოგიას რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, გაჟონვით დაწყებული საქმე. გუშინ პროკურორის კომენტარი მოვისმინე, რომ ისინი იძულებული გახდნენ, რომ განცხადება გაეკეთებინათ, იმიტომ რომ მოხდა გაჟონვა. ეს არ იყო უბრალო "გაჟონვა". ერთ-ერთმა სააგენტომ ფაქტობრივად, მთელი სისხლის სამართლის საქმე დეტალურად აღწერა. მე მიჩნდება კითხვა, თვითონ ამ "გაჟონვის" ფაქტზე თუ აღიძრა საქმე? იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმე ფაქტობრივად, მთლიანად მოხვდა რომელიღაც მედიის ხელში და თუ აღძრეს საქმე, რომელმა თანამშრომლებმა მოაწყეს ეს გაჟონვა?", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემსაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ კი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტეს, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"