"გახარიას კომენტარში ქუჩური გარჩევის ელემენტები დავინახე" - კვირის პალიტრა

"გახარიას კომენტარში ქუჩური გარჩევის ელემენტები დავინახე"

ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ დღეს სრულიად სხვა გახარია ვიხილეთ. ასეთი გახარია არ გვახსოვს - ერთი მხრივ, წონასწორობა დაკარგული, მეორე მხრივ, თავდაცვით პოზაში, რადგან ის შეტევა, რაც მან განახორციელა, სინამდვილეში თავდაცვა იყო, - ამის შესახებ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

უსუფაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ კომენტარში ქუჩური გარჩევის ელემენტები დაინახა.

"ქურდული გარჩევების კანონს ვიღებთ, უნდა გავამკაცროთო პარლამენტში და ამ კომენტარში სწორედ ქუჩური გარჩევის ელემენტები დავინახე, რომ ყველას თავისას მიუზღვავდა, მე წერილებს კი არ ვწერ, პირადად ვარკვევ საკითხებს და ა.შ. სწორედ პრივილეგირებული ადამიანი გველაპარაკებოდა, რომელიც თვლის, რომ მას რაღაცეები ზურგს უმაგრებს და ამიტომ სწორედ პრივილეგირებული მდგომარეობა აძლევს საშუალებას, ასე ილაპარაკოს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

საპასუხოდ გახარიამ განაცხადა, რომ ის წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირადად ეუბნება.

"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები, პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"