ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" გადასარჩენად - ექსპრემიერი, მისი ცოლის ნათესავები და მორიგი "მადლობა ბატონ ბიძინას!" - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" გადასარჩენად - ექსპრემიერი, მისი ცოლის ნათესავები და მორიგი "მადლობა ბატონ ბიძინას!"

ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" გადასარჩენად

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ინფორმაცია უკვე დაადასტურა "ქართული ოცნების" გენერალურმა მიდვანმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, ღარიბაშვილი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

წლების წინ თანამდებობიდან და პოლიტიკიდან უეცრად და უცნაურად გამქრალი ღარიბაშვილი ისევ იმ პარტიას უბრუნდება, საიდანც დაიწყო პოლიტიკური ცხოვრება, პარტიას, რომელიც დღეს დაქსაქსულია და გახლეჩის ზღვარზეა მისული. როგორც ამბობენ, ღარიბაშვილის დაბრუნება ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. შეძლებს თუ არა პარტიაში არეული სიტუაციის დალაგებას ექსპრემიერი, ჯერ უცნობია, თუმცა გავიხსენოთ, თუ საიდან დაიწყო მან პოლიტიკური კარიერა.

პირველად პოლიტიკაში პოლიტიკაში მოსვლამდე, წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის "ბანკ ქართუში" მუშაობდა. ის 2011 წელს "ქართული ოცნების" დამფუძნებელთა შორის იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი ის ჯერ პარლამენტის წევრი გახდა, შემდეგ კი მთავრობის ფორმირებისას, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა, შესაბამისად, პარლამენტი დატოვა. ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

შს მინისტრად ყოფნისას ღარაბაშვილის ერთ-ერთი ხმაურიანი ნაბიჯი უკნანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიო ასობით ფაილის, ჟურნალისტების თვალწინ, განადგურება იყო, თუმცა ეს მაინც არ გახდა გარანტი იმისა, რომ ეს ბინძური პროცესი ქვეყანაში დასრულებულიყო, სამწუხაროდ, ფარული ჩანაწერების გავრცელება დღემდე პრობლემაა.

ღარიბაშვილი და მისი ცოლის ნათესავები

ცალკე აღნიშვნის ღირსია ღარიბაშვილის ნათესაური კლანი, რომელიც შეიძლება ითქვას, მისი თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა. როგორც ცნობილია ის არის კახეთის პოლიცის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის სიძე. მისი ცოლისძმა, ლექსო თამაზაშვილი კი დეპუტატი გახლდათ. ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებს ე.წ. კახურ კლანადაც მოიხსენიებდნენ, რომელშიც შედიოდა თამაზ თამაზაშვილი, ღარიბაშვილის ცოლის კიდევ ერთი ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი. ასევე, ძმები ჩხენკელები, რომლებიც ასევე ღარიბაშვილის ნათესავები არიან.

ალბათ მკითხველს ახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის ხმაურიანი სტუმრობა პარლამენტში, როდესაც ჯერ კიდევ შს მინისტრმა, ნეპოტიზმთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხად, განაცხადა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის...  ეს ფრაზა შეიძლება ითქვას, რომ ლამის ფრთიან ნათქვამად იქცა. ლექსო თამაზაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

შს მინისტრად დანიშვიდან დაახლოებით ერთ წელში ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად მოგვევლინა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

მისი ამ თანამდებობაზე მოღვაწეობის ყველაზე ნათელი და დასამახსოვრებელი მომენტი არის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. პრემიერობის დროს მასვე ეკუთვნის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება ქორწინებასთან დაკავშირებით. მისი ინიციატივის მიხედვით, კონსტიტუციაში განისაზღვრა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, თუმცა თავად ღარიბაშვილმა ქორწინების ნაცვლად ოჯახი თქვა, მოგვიანებით კი მისმა თანაგუნდელებმა განმარტეს, რომ იმ დროის პრემიერმა სწრედ ქორწინება იგულისხმა. მის კიდევ ერთ ფარაზას საკმაოდ ხშირად იხსენებდნენ მისი ოპონენტები, ის ლამის ყველა თავის საჯარო გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდიდა. ფრაზა "მადლობა ბატონ ბიძინას!" - ლამის სახუმარო ფრაზად იქცა...

პოლიტიკიდან წასვლა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ისე გადადგა, საზოგადოებამ ინფორმაციის სრულად გაცნობიერებაც ვერ მოასწრო. 2015 წლის 23 დეკემბრის დილით, ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოზე გავრცელებულ ინფორმაცია პრემიერის ადმინისტრაციამ კატეგორიულად უარყო, საღამოს კი საგანგებო ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი პოსტიდან წასვლის შესახებ იუწყებოდა. აღსანიშნავია, რომ სიტყვის დასასრულს მან მადლობა ოჯახს, მეუღლესა და შვილებს გადაუხადა, თუმცა არ გახსენებია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მემკვიდრედაც ის 2013 წელს დასახელდა და რომლისთვისაც სამადლობელ სიტყვებს არასდროს იშურებდა. როგორც ამბობენ, ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის ერთერთი მიზეზი მისი "კახური კლანის" ფინანსური მაქინაციები გახდა, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა შეიტყო.

ახლა კი, როგორც ჩანს, ისევ ივანიშვილის გადაწყვეტილებით ბრუნდება პოლიტიკაში. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ღარიბაშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც ჩნდებოდა ივანიშვილთან. მას შემდეგ, იყო საუბრები, რომ ღარიბაშვილი ოპოზიციაში გადაინაცვლებდა, რომ მიიღებდა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა საუბრები საუბრებად დარჩა... ირაკლი ღარიბაშვილი ცოლთან და შვილებთან ერთად

ბოლო პერიოდში, თანამდებობიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად მუშაობდა.

ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. მას ნათესაური კავშირიც აქვს ივანიშვილებთან - ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი ვაჟის ნათლიაა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო - ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე

(სპეციალურად საიტისთვის)