"ღარიბაშვილის დაბრუნებას "ოცნებაში" რადიკალური საკადრო ცვლილებები მოჰყვება, რაც განაჩენია კობახიძისთვის" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილის დაბრუნებას "ოცნებაში" რადიკალური საკადრო ცვლილებები მოჰყვება, რაც განაჩენია კობახიძისთვის"

ღარიბაშვილის დაბრუნებას "ქართულ ოცნებაში" რადიკალური საკადრო ცვლილებები მოჰყვება, რაც ფაქტობრივად, განაჩენია ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც გვერდზე გაიწევს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.

ლაგაზიძემ ჩამოთვალა სამი ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც გადაწყდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.

"ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა. პირველი: "ქართული ოცნების" პოლიტიკური "ლიდერშიპი" დიდწილად კობახიძეზეა მიბმული, მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციები და იქ კვირიკაშვილის კადრებიც არიან. ივანიშვილს რომ დაეწყო რადიკალური საკადრო ცვლილებები, ალტერნატიული დასაყრდენი უნდა ჰქონოდა, ასეთი კი დღეს ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება პარტიის მთელ ვერტიკალში განახლება. იგივე კობახიძის თუ კვირიკაშვილის კადრები გადახალისდებიან, ჩანაცვლდებიან ან გაჯერდებიან ღარიბაშვილის კადრებით. ეს ფაქტობრივად, განაჩენს ნიშნავს კობახიძისთვის, რომელიც თანდათან გაიწევს გვერდზე და მისი გავლენა როგორც პარტიულ ვერტიკალში, ისე პარლამენტში ცალსახად შემცირდება. მეორე მიზეზია, რომ "ოცნებას", განსაკუთრებით მოსამართლეების თემის ფონზე ხელიდან ეცლება მისი ძირძველი ელექტორატი, განსაკუთრებით ის ე.წ. ძველი გვარდიის ნაწილი, რომელსაც ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირადად მოუწოდა, თქვენ ოღონდ მობრუნდით და ზურაბიშვილს ხმა მიეცით, დანარჩენი ჩემზეაო. დღეს აღმოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებასა" და ძველ გვარდიას შორის უზარმაზარი უფსკრულია. ღარიბაშვილს მოუხმეს, როგორც პირველი თაობის "ქართული ოცნების" ერთგვარ სიმბოლოს, ის ძველი გვარდიისთვის შეასრულებს როლს, რომ "ოცნება" პირველ საწყისებს, იმ ღირებულებებსა თუ პრინციპებს უბრუნდება, რაზე დაყრდნობითაც ხელისუფლებაში მოვიდა. მესამე მიზეზი დაშლისა და გადინების პროცესის შეჩერებაა, აქაც ძველ თაობაზე ვსაუბრობ", - აღნიშნა ლაგაზიძემ.

ექსპერტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში საკმაოდ მძიმე პერიოდში ბრუნდება და მან მნიშვნელოვან კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი, ხოლო თავად "ქართული ოცნების" მიდგომებში ამ სიახლის პარალელურად რადიკალური ცვლილებები უნდა მოხდეს.

"ღარიბაშვილს ძალიან მძიმე დროში უწევს შემოსვლა და რა თქმა უნდა, მან უნდა გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რასაც დღეს "ქართულ ოცნებას" მთავარ ბრალდებად უყენებენ, იგივე, მოსამართლეების თემა თუ ხაზარაძის საქმე. აქ მას ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს - ან ჩაებმება "ქართული ოცნების" მიერ გაჩაღებულ ფერხულში, ან არა და, მის შემოსვლასთან ერთად რადიკალური ცვლილებები უნდა იყოს ჩაფიქრებული, რადგან ისიც დაბრუნებისთანავე ამ ნიაღვარში არ ჩაირეცხოს. ამჟამინდელი რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად ღარიბაშვილის, როგორც სიმბოლოს მობრუნება საკმარისი ნამდვილად არ არის. ერთია, დააბრუნო ასეთი ადამიანი, მეორეა, რომ თუ შენ, როგორც პარტია და ხელისუფლება ყველა შენი ნაბიჯით საწყის ღირებულებებსა და პრინციპებს დაშორდი, რომელი ღარიბაშვილი გიშველის? სიმბოლო დარჩება სიმბოლოდ. რადიკალური ცვლილებების აუცილებლობის წინაშე დგას "ქართული ოცნება", ხოლო თუ ეს სინთეზში არ მოხდა, შედეგი მათთვის სასურველი ნამდვილად არ იქნება. მარტივად რომ ვთქვა, ღარიბაშვილი მოვიდა და ამავდროულად "ოცნებამ" გააგრძელა ასოცირება ამ მოსამართლეების კლანთან, ამ შემთხვევაში რომელი უფრო გადაწონის?" - განუცხადა ლაგაზიძემ "ინტერპრესნიუსს".

"ინტერპრესნიუსი"