"ევროპის ყველაზე აღმოსავლეთ ნავსადგურის" პროექტი, რომელიც კრემლს ძალიან არ მოსწონს - საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივები 2019 წელს - კვირის პალიტრა

"ევროპის ყველაზე აღმოსავლეთ ნავსადგურის" პროექტი, რომელიც კრემლს ძალიან არ მოსწონს - საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივები 2019 წელს

იტალიურ გამოცემა  «Il Caffè Geopolitico» -ში გამოქვეყნდა პერიჯას უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ მათია ბალდონის  სტატია, სათაურით: "საქართველო და რუსეთი: ურთიერთობის პერსპექტივები 2019 წელს", რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

2019 წელი საქართველოში მრავალრიცხოვანი კითხვებით და მომავლის იმედებით დაიწყო. თბილისს უკვე ათ წელზე მეტია მოსკოვთან რთული დამოკიდებულება აქვს: სამხრეთკავკასიური სახელმწიფო ყოყმანობს სტატუს კვოს, ნორმალიზების იმედებს და ნატო-ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერ სწრაფვას შორის. ალბათ, საინტერესოა გავიგოთ - რა წინაპირობები არსებობს სერიოზული დიალოგის დაწყებისათვის, საქართველო-რუსეთს შორის არსებული რთული პრობლემების მოსაგვარებლად?

თბილისი "ორ ცეცხლს შორის"

მიმდინარე წელს საქართველო რიგი სერიოზული სიძნელეების წინაშე აღმოჩნდება: ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ინსტიტუციონალური რეფორმები, განამტკიცოს დემოკრატიული სისტემა და თან ისე, რომ ლავირება მოახდინოს ძლიერ პროევროპულ სწრაფვასა და რუსეთთან ურთთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას შორის. ქვეყნის ახალ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შუამავლის რთული როლის შესრულება მოუწევს. მისი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება, რომელსაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო პარტიამ "ქართულმა ოცნებამ", იმ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს იძლევა, რომ იგი შედარებით უფრო ნაკლებად "მეომრულ" პოზიციას დაიკავებს მოსკოვთან ძნელ დიალოგში.

უფრო უარესი იქნებოდა, მის ადგილზე გრიგოლ ვაშაძე რომ ყოფილიყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიის წარმომადგენელია. პრინციპში, კაცმა რომ თქვას, რუსეთთან დიალოგისთვის მომენტი საკმაოდ ხელსაყრელია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა დაუყონებლივ "დაამშვიდა""ენთუზიასტები" და განაცხადა, რომ სერიოზული და ეფექტიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა - პირველ რიგში აუცილებელია, რომ სტრატეგიული პარტნიორების (ანუ ევროკავშირის და ნატოს) მხრიდან მხარდაჭერაში დავრწმუნდეთო.

სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი უკიდურესად თავშეკავებულადაა გამოხატული კრემლის რეაქციაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებისადმი: რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინმა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა აღიარეს, რომ ქართველი და რუსი ხალხები ერთმანეთთან სიახლოვე და იმავდროულად ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის შექმნილ დიდ დისტანციას.

თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარე დაახლოების პროცესმა სულაც ვერ მოახდინა გავლენა დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებზე, რომელთა ბაგეთაგან პროპაგანდისტული განცხადებები და მოსკოვის მიმართ ხოტბა-დიდება ისმის. თბილისის მიმართ კი ისინი ყოველგვარი კავშირების გაწყვეტის პოლიტიკას აგრძელებენ.

ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის კორნელი კაკაჩიას თქმით, სეპარატისტული რეგიონების საკითხი უკიდურესად რთულია და მას, ერთი მხრივ, ურთიერთობის რამდენიმე დონე (საქართველო-აფხაზეთი, საქართველო - ე.წ. სამხრეთ ოსეთი, საქართველო-რუსეთი) განსაზღვრავს, მეორე მხრივ კი - გლობალური დონე (რუსეთი-დასავლეთი). ქვეყნის მასშტაბისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური წონის გათვალისიწინებით, საქართველოს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს პრობლემების შეზღუდული რაოდენობა, ამიტომაც, კორნელი კაკაჩიას აზრით, აუცილებელია შუამავლობა იმ სუბიექტების მხრიდან, რომლებსაც რუსეთთან კარგ ურთიერთობა აქვთ. მათ შეუძლიათ ისარგებლონ თავიანთი პოლიტიკური გავლენით, რათა სტატუს კვო მკვდარი წერტილიდან დაიძრას. ამ საკითხით დაინტერესებული ყველა მხარისათვის აშკარაა, რომ თბილის-სოხუმ-ცხინვალს შორის ურთიერთობის აღდგენა, მართლაც წინასწარი პირობაა ყოველი იმ პროექტისათვის, რომელიც საქართველოს მომავალს ეხება და რომელიც მუდმივად ორ ცეცხლს შუა იმყოფება: ნატო-ევროკავშირში გაწევრებასა და მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს შორის.

სავაჭრო ურთიერთობები: არის თუ არა შანსები? საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიქმნება კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance-ს მონიტორინგი განახორციელოს სავაჭრო ტვირთბრუნვის პროცესზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის (აფხაზეთისა და ცხონვალის) გავლით იწარმოებს. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ პროცესებთან. საქმე იმაშია, რომ საქართველოს და რუსეთს ერთმანეთთან ერთადერთი სახმელეთო გზა აკავშირებს, რომელიც ზემო ლარსის საკონტროლო-გამსვლელ პუნქტზე გადის. "საქართველოს სამხედრო გზა", რომელზეც მუდმივად მოძრაობს დიდტვირთიანი მძიმე და მსუბუქი ავტოტრანსპორტი, წელიწადში ხშირადაა ბლოკირებული უამინდობისა და რთული რელიეფის გამო.

გზაზე მოძრაობის შეფერხების გამო ზარალდება სომხეთი, რომელიც ბევრად არის დამოკიდებული კრემლზე. მართლაცდა სომხეთი, პატარა კავკასიური რესპუბლიკა, საქართველოს სამხრეთი მეზობელი, რუსეთთან მხოლოდ სამხედრო გზით არის დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან მოყოლებული, თბილისში იწყება და ვლადიკავკაზში მთავრდება.

ყველაფრის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას მოწმობს ქართველი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სიტყვები, რომელთა მიხედვით, საქართველო რჩება სატრანზიტო ქვეყნად რუსული გაზის სომხეთში ტრანსპორტირების საკითხშიც.

მართალია, საქართველო საკუთარ თავს აზერბაიჯანული გაზით უზრუნველყოფს, მაგრამ იმავდროულად თბილისი უარს არ ამბობს ენერგეტიკული გზაჯვარედინის როლის შესრულებაზე რეგიონში. ამ რთულ სცენარში სომხეთი ძალიან არის დაინტერესებული იმით, რომ მუდმივად "უბიძგოს" რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს სატრანზიტო შეთანხმების რეალიზებისაკენ, სეპარატისტული რეგიონებზე გავლით. ამ საკითხის დელეგირება მესამე ნეიტრალური მხარისათვის (შვეიცარული კომპანიისათვის) შესაძლოა ის დადებითი ფაქტორი გახდეს, რომელიც მხარეთა შერიგების პროცესზე კეთილ გავლენას მოახდენს, თუმცა ამისთვის მრავალი სხვა ბარიერის გადალახვაც იქნება საჭირო.

თბილის-მოსკოვის ორმხრივი ურთიერთობების რთულ ხასიათს უმთავრესად ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი განსაზღვრავს: რუსეთის მიერ აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო "რესპუბლიკების" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ამასთან, ქართული მხარე თვლის, რომ ხსენებული რეგიონები რუსეთის მიერაა ოკუპირებული. როგორც ჩანს, ამ საკითხში კომპრომისის მიღწევის გარეშე ყველანაირი მოლაპარაკება საბოლოოდ მაინც ჩიხში შევა. სამწუხაროდ, სავაჭრო-ეკონომიკური სფეროს წარმატებები პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაში პოზიტიურ როლს ვერ ასრულებს. პირიქით - შესაძლოა სიტუაცია უფრო გაუარესდეს კიდეც. როგორც თვითონ კორნელი კაკაჩია თვლის, გულუბრყვილობა იქნებოდა თბილისი მოსკოვთან დამოკიდებულებაში მხოლოდ სავაჭრო კავშირების იმედზე იყოს. მხარეთა შორის ძალთა თანაფარდობა ისეთია, რომ ეკონომიკური ფაქტორი რუსეთის ხელში შეიძლება იმ რბილი ძალის ინსტრუმენტი გახდეს, რომლითაც მოსკოვმა საქართველოზე გავლენა მოახდინოს.

საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფო აღარაა

ამასობაში კი ევროპა საქართველოს ინვესტირებას ახდენს. 2019 წელს ევროკომისიამ თბილისს, ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, 3,5 მილიარდი ევრო გამოუყო ქვეყანაში 18 ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების მიზნით, რომელთა შორის სატრანსპორტო სფერო პრიორიტეტულად ითვლება: თბილისმა მთავარი ყურადღება მას უნდა დაუთმოს და მოდერნიზება განახორციელოს. პროექტებს შორის არის ანაკლიის მასშტაბური ნავსადგურის მშენებლობა, რომელსაც დამფუძნებლები სიმბოლურად "ევროპის ყველაზე აღმოსავლეთ ნავსადგურს" უწოდებენ. გეგმის მიხედვით, ანაკლია შავი ზღვის უდიდესი საერთაშორისო პორტი უნდა გახდეს. მისი ღირებულება, ზოგიერთი მონაცემემით, დაახლოებით 400 მილიონი დოლარია. ინვესტორები ძირითადად უცხოელები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ანაკლიის პორტით "ტრასეკას" (Transport Corridor Europe-Caucasus-Asia) სავაჭრო მარშრუტს "ახალი სუნთქვა" გაეხსნება - მრავალრიცხოვანი ტვირთების გადაზიდვის პერსპექტივით, ევროპიდან აზიაში და პირიქით. ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის არსებობა ბოსფორის სრუტით კონტეინერმზიდი დიდი გემების მიღების საშუალებას იძლევა, ბოსფორის სრუტის გავლით. იმადროულად სწორედ ეს გარემოება აღიზიანებს რუსეთს, რადგან პერსპექტივაში საქართველოს ნატოს დიდი სტრატეგიული სამხედრო ხომალდების მიღების შესაძლებლობაც ექნება.

კრემლი ჯერჯერობით დუმს, მაგრამ მას ანაკლიის პორტის პროექტი კატეგორიულად არ მოსწონს. სამაგიეროდ, მას მხარს უჭერს ჩინეთი. სწორედ ჩინეთი გახდა საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი, რომელმაც კავკასიურ ქვეყანასთან ვაჭრობის მოცულობა, 2002 წელთან შედარებით, თითქმის 40-ჯერ გააფართოვა. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მხოლოდ ერთი ჩინური "აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი" ანაკლიის მშენებლობის ღირებულების 25%-ს აფინანსებს. თბილისმაც, თავის მხრივ, ჩინური წარმოების 28 მატარებელი შეიძინა და დათანხმდა ჩინეთთან თანამშრომლობას ენერგეტიკული ქსელისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების იმ პოზიტიურ ასპექტებს შორის, რომლებიც მოსკოვისათვის მოსაწონი შეიძლება იყოს, უმთავრესად არის თბილისის აწონილ-დაწონილი და პრაგმატული ურთიერთობის გაგრძელება თეირანთან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭირა აშშ-ის ხისტ პოზიციას ირანთან მიმართებით.

ენერგეტიკულ სექტორში (სამხრეთკავკასიური გაზსადენი) აზერბაიჯანთან და თურქეთთან წარმატებული სამმხრივი თანამშრომლობა იმის დემონტრირებას ახდენს, რომ საქართველო, როგორც იქნა, ნატოსა და ევროკავშირის დახმარებით, პოსტსაბჭოთა ორბიტის გარეთ იმყოფება. ქვეყანამ შეძლო ის, რომ მას უკვე თავისი, საკმაოდ ავტონომიური და მრავალფეროვანი სივრცე აქვს აზია-ევროპას შორის გზაზე მანევრირებისათვის. საერთოდ კი, წინააღმდეგობების ურთიერთშეთავსება, ისტორიულად, კავკასიის ბუნების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ