"გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია" - უგულავა პროკურორებსა და მოსამართლეებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია" - უგულავა პროკურორებსა და მოსამართლეებს მიმართავს

გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია - თქვენ ეს დაიმსახურეთ, - ამ სიტყვებით მიმართავს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წერილთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას.

გიგი უგულავა მისი პატიმრობის დროს მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა პროკურატურამ უგულავას "მუქარის წერილი წარუდგინა".

"ხაზარაძის აფრიალებული წერილის არ გჯერათ? ნებისმიერს შეეძლო დაეწერა ხომ?! მაშ, მისმინეთ პროკურორებო და მოსამართლეებო. ახლა აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში. მცირე მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან. 2014 წლის 5 ივლისია, "კაპეზედან" სასამართლოში მიმიყვანეს. პროკურორი ჯერანაშვილი გირაოს დამძიმებას და წინასწარ პატიმრობას ითხოვს, მაგრამ ფორმალური საფუძველი ვერ გამონახა. უცებ საქაღალდედან აძრობს რაღაც ფურცელს და ამბობს - ესაა მუქარის წერილი, რომელიც უგულავამ მოწმე გიორგი კაპანაძეს (რიჟა) ლონდონში "შავი კაცის" მეშვეობით გადასცა. გაოგნდა ყველა. ბრიტანეთის სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში მოვითხოვეთ გამოძიება. მოსამართლე გოგინაშვილმა უდრტვინველად გაიზიარა "შავი კაცის" ვერსია. ასე დაიწყო ჩემი იძულებითი სამეცნიერო მივლინება. გოგინაშვილი აპელაციაში უვადოდ გამწესდა, ჯერანაშვილი თბილისის პროკურორის მოადგილე გახდა. შეკითხვა - იმ "შავი კაცის" წერილზე ჩემი ანაბეჭდი იყო? მუქარის ტექსტი უგულავების საგვარეულო სიგელზე იყო სისხლით ამოტვიფრული? რატომ იყო ის სარწმუნო და გახარიას ხაზარაძისადმი წერილი საეჭვო? ხომ არაფერი გამოგიძიებიათ. გაგიგიათ რა არის ორმაგი სტანდარტი ან შერჩევითი სამართალი? გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია - თქვენ ეს დაიმსახურეთ", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"