"ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს" - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი გზავნილები - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს" - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი გზავნილები

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თავისი პირველი ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა.

ზურაბიშვილმა პირველი, ყოველწლიური მოხსენება უცხოეთში ვიზიტების მიმოხილვით დაიწყო.

"ჩემი ინაუგურაციიდან ჯერ არ გასულა 100 დღე. ამ საპასუხისმგებლო გზის საწყის ეტაპზე მინდა, მოგახსენოთ ჩემი პირველი ნაბიჯების შესახებ და გაგიზიაროთ ჩემი პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ ვიზიტების თანამიმდევრობა შემთხვევითი არ ყოფილა: როგორც გაცხადებული მქონდა, ჯერ ევროკავშირსა და ნატო-ს ვესტუმრე, შემდეგ - ევროპის ორ წამყვან მეგობარ ქვეყანასა და პარტნიორს - საფრანგეთსა და გერმანიას; როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც შორეულ ავღანეთში თავიანთი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით საქართველოს ასახელებენ. ქაბულში შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს; ჩვენს რეგიონში კი პირველი ვიზიტით მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს ვეწვიე და ვერ დავივიწყებ კახში, ისტორიული ჰერეთის მოსახლეობის დახვედრას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველგან მკაფიოდ არის გამოხატული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რაც განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით და მისი რეალური პერსპექტივებით და არა პიროვნული დამოკიდებულებებით: "ჩვენ, ზოგჯერ, თავს ვიტყუებთ ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით, ზოგჯერ კი გვიჭირს ჩვენივე რეალური მიღწევების დაჯერება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გარედან უფრო ჩანს, რა გზა გაიარა საქართველომ და, ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორ პოზიტიურად უყურებენ მას დღეს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს".

"ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა 27 ქვეყანას საგანგებოდ მიმართა და შესთავაზა ახალი ევროპის კონცეფცია - "ყველასთვის ღია ევროპა", რომელიც გაფართოებისა და გაწევრიანების არსებული მოდელების გადააზრებას მოითხოვს. იგი გვიხსნის ახალ გზებს, რათა უშუალოდ ჩავერთოთ "სხვადასხვა სიჩქარით" წინ მიმავალ ევროპაში. ასეთ გზაზე ნაწილობრივ უკვე ვდგავართ, - გავხდით მთელი რიგი პროგრამებისა და ფორმატების მონაწილე და მივისწრაფით სხვა მიმართულებებში ჩართვისკენ. ასეთი ნაბიჯ-ნაბიჯ "შესვლის" გამოცდილება გვაქვს განათლების, უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. ვართ ევროპოლის სრულყოფილი წევრი. ვითხოვთ, რომ საქართველო სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული ევროპის კულტურულ სივრცეში. ჩვენ მიმართ მაღალია მზადყოფნა პარტნიორების მხრიდან, რათა გაითვალისწინონ ჩვენი, როგორც ასოცირებულ ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებული წევრის, განსაკუთრებული პოზიცია. ამ მზადყოფნის დასტურია ევროპელი პარტნიორების მიერ ატაცებული ჩვენი გზავნილი - "მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა - საქართველოში", - აღნიშნა საპარლამენტო გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ასევე, პოზიტიური განწყობის ნიშანია საქართველოს პარტნიორების მიერ დაანონსებული, მაღალი რანგის წარმომადგენლობითი მონაწილეობა ბათუმის კონფერენციაზე, სადაც საქართველოს საკუთარი პოზიციების დროულად წარდგენის შანსი ეძლევა.

"დროულად, რამეთუ წლის ბოლოსთვის იგეგმება საფრანგეთის მიერ ორგანიზებული მასშტაბური "კონფერენცია ევროპისათვის", სადაც ახალი ევროპის კონცეფციას ხორცი უნდა შეესხას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შავი ზღვისა და კავკასიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფნის მიმართ ევროპის გაზრდილი ინტერესი ახალ პერსპექტივებს გვისახავს და შავი ზღვის ორ სანაპიროს შორის ფიზიკურ კავშირს აყალიბებს. "აზერბაიჯანში (ვიზიტისას) დიდი ინტერესი იყო გამოხატული ტრანსკასპიური და შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის ერთობლივი გამოყენების კუთხით...

ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთი, ამერიკასთან ერთად, გახდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და არის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მომწოდებელი.

კულტურის დარგში კი გვაქვს შემოთავაზება - ვუმასპინძლოთ პარიზის 2020 წლის წიგნის ბაზრობას", - აღნიშნა სალომე ზურბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი საპარლამენტო გამოსვლისას დიასპორა, რეგიონებთან და კულტურასთან ერთად, მისი საქმიანობის პრიორიტეტად დაასახელა.

ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია გამარტივდეს ორმაგი მოქალაქეობის მიღებისა და შენარჩუნების საკითხი, რათა ემიგრანტებმა შეინარჩუნონ კავშირი საქართველოსთან. მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებზე და შეუქმნას მათ სამშობლოში დაბრუნებისთვის ყველა მნიშვნელოვანი პირობა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საგარეო ურთიერთობებთან ერთად, პრეზიდენტის როლი საზოგადოების ახალ საფეხურზე აყვანის კუთხით არანაკლებად საჭიროა და ამისათვის მან რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა - რეგიონები, კულტურა, დიასპორა, საზოგადოების დაუცველი ფენები. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რეგიონებში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ახალი პოტენციალის ამოქმედება გადამწყვეტია.

"რეგიონების განვითარება ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია. მიმაჩნია, რომ რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტები უნდა იყოს უცხოეთში ვიზიტებზე არანაკლებად ხშირი და შედეგიანი.

სალომე ზურაბიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მომხდარი ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილის შედეგი იყო.

"უმძიმესი ტრაგედია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილისა და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია. იმ რეალობაში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოება, და პირველ რიგში - ახალგაზრდები ჩვენგან მაგალითს ელოდებიან. საზოგადოებრივი თანხმობა არის ერთადერთი პასუხი ამ მოლოდინზე. მე გამოვედი ასეთი ინიციატივით, რამაც გამოიწვია ორმაგი დამოკიდებულება და შიში იმისა, რომ იგი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. თუმცა, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რაზეც დგას თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. მეორე მხრივ კი, ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციების სახით ემუქრება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე ისაუბრა მოსამართლეების საკითხზეც. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისას მთავარი მამოძრავებელი პრინციპი არის სასამართლოს მიმართ ნდობის გამყარება და გაძლიერება.

"მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის პირადი შეხედულებების გაჟღერება მიუღებელია, რამეთუ, ეს იქნება ჩარევა სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციაში. ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტს შეუძლია, - შეახსენოს ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ. მიუღებელია მათგან პოლიტიკური განცხადებები. ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მოგეხსენებათ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერს ვენეციის კომისიაც. ასევე, უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებში, თუმცა მათი შერჩევის პროცედურები ძალიან მაღალი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით ხასიათდება. ამ საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ივარგებს. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას. ამის შედეგი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლება იქნება. ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე გადის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთთან ურთიერთობაზეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლება, რათა მოლაპარაკებების ფორმატი მხოლოდ ტექნიკურ დონეზე აღარ წარიმართოს.

"ხომ ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზეწოლის, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზიდან. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება ძალადობისა და მუქარის პოლიტიკაზე.

ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია, არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატი დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე, მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

იხილეთ ვიდეო