"რა უნდა ჩავთვალოთ მტკიცებულებად?" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილზე არჩილ თალაკვაძე? - კვირის პალიტრა

"რა უნდა ჩავთვალოთ მტკიცებულებად?" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილზე არჩილ თალაკვაძე?

ჩვენ ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი, რომელსაც არავითარი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნია და იმასაც არ გვეუბნებიან, თუ ვინ მიუტანა ეს ამობეჭდილი ფურცელი ბანკის დამფუძნებელს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, გაურკვეველია ვის მიერ და ვისთვის არის გაგზავნილი აღნიშნული წერილი.

"ობიექტურობისთვის, გამოძიების პარალელურად, ჩვენ პარლამენტშიც მივეცით ბანკის დამფუძნებლებს საშუალება, რომ ღიად ესაუბრათ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ სხდომაზე ჩვენ მოვისმინეთ ღია ბრალდება თითქოს ხელისუფლების წარმომადგენელი ბანკის დამფუძნებელს დაემუქრა და თითქოს არსებობს ამის დამადასტურებელი წერილიც. ბუნებრივია, ჩვენი პირველი და ლოგიკური მოთხოვნა იყო, რომ ეს წერილი უნდა ყოფილიყო სათანადო წესით წარმოდგენილი. დღეს უკვე აშკარაა, რომ წერილი, რომელზეც იყო საუბარი, რეალურად არის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი, რომელსაც მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, თუ ვის გაეგზავნა, ან ვისგან იყო გამოგზავნილი, არ აქვს. რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? რეალურად ჩვენ ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი, რომელსაც არავითარი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნია, იმასაც კი არ გვეუბნებიან, თუ ვინ მიუტანა ეს ამობეჭდილი ფურცელი ბანკის დამფუძნებელს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, წერილის ასლით, რომელიც საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი, გაუგებარია საერთოდ რა შუაშია მამუკა ხაზარაძესთან და მის საქმესთან ტელეკომპანია "პირველი" და რა კავშირი აქვს მას ტელევიზიასთან.

"გაუგებარია "არტარეას" საკითხიც, საერთოდ რა შუაშია ეს არხი პოლიტიკასთან, თუნდაც თეორიულად, რაში შეიძლება უშლიდეს ხელს ხელისუფლებას არხი, რომელიც კულტურასა და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემებს და საჯარო ლექციებს გადმოსცემს. აქვე მსურს განვაცხადო, რომ სახელმწიფო ყოველთვის დაიცავს საბანკო სექტორის და მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი სისტემური ბანკის კანონიერ ინტერესებს, როგორიც არის "თიბისი ბანკი" და კანონიერი მექანიზმებით უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებასა სტაბილურობას, აღკვეთს იმ შესაძლო უკანონო ინტერესებსაც, რომელიც მის მიმართ შეიძლება რომელიმე კერძო პირს ჰქონოდა ან ჰქონდეს მომავალში. დაველოდოთ საქმის სრულყოფილ შესწავლას, გამოძიების შედეგებს და ნურავინ ეცდება ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. ახლანდელი მოცემულობით ეს აშკარაა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"