"ქართულ ოცნებას" მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს"

"ქართულ ოცნებას" მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი "თიბისი ბანკისა" და ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს.

როგორც გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია გააჩნია, რაც არასწორი და მიუღებელია დემოკრატიული სისტემებისთვის.

"ასეთ სიტუაციაში წარმოუდგენელია, რომ ბიზნესმენმა, რომელიც ასეთი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მსგავსი წერილი შეთხზას. რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე კითხვები ჩნდება. ხელისუფლებას არ ესმის ერთი მარტივი რამ - ხელისუფლება არ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით. უდანაშაულობის პრეზუმფცია ჩვეულებრივი მოქალაქის პრივილეგიაა, ხელისუფლება კი თავის თავზე იღებს მტკიცების ტვირთს. ხაზარაძემ კი არ უნდა ამტკიცოს, რომ მასზე მუქარა განხორციელდა, ხელისუფლის პრესტიჟის საკითხია, მან ამტკიცოს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ასეთი არ მომხდარა. ხელისუფლება ახლა იქცევა, როგორც უპასუხისმგებლო სუბიექტი და გვეუბნება, რომ აქვს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც დემოკრატიული სამყაროსთვის წარმოუდგენელია. საბოლოო ჯამში ასეთი მიდგომა მთავრდება ცუდად და მათ ეს არ ესმით. ამ ამბავს თავიდან ვერ მოიშორებენ, კითხვები უფრო გაძლიერდება და "ქართულ ოცნებას" მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს", - აცხადებს ექსპერტი.

გია ხუხაშვილის განცხადებით, დღეს საზოგადოების კონსლიდირებაა საჭირო.

"თავი უნდა დავიცვათ კონსოლიდაციით, რადგან ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მოერევა ჯანსაღ პროცესს. მივმართე ბიზნესს, რომ არ გაიმეროს ის შეცდომა, რაც სააკაშვილის პერიოდში, ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით მოხდა. ნურავის ეგონება, რომ გადარჩება, რადგან თუ ხელისუფლება მადაზე მოდის, ის ყველას კართან მიაკაკუნებს. არ გაიმერონ იგივე შეცდომა ხაზარაძესთან მიმართებაში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ხაზარაძის პრობლემა, ეს ყველას პრობლემაა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.