მედვედევი პუტინის "კამანდას" დაერია - კვირის პალიტრა

მედვედევი პუტინის "კამანდას" დაერია

მოსკოვში ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. საზოგადოებრივი მოძრაობა "არხნადზორი" მოითხოვს, რომ რუსეთის დედაქალაქი ქართველი მოქანდაკის ნამუშევრებისგან გაიწმინდოს. იმის გამო, რომ ეს გამოსვლები  იური ლუჟკოვის თანამდებობიდან წასვლას დაემთხვა, გაჩნდა მოსაზრება, თითქოს წერეთელს ლუჟკოვთან მეგობრობის გამო სდევნიან. ისიც ითქვა, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, წერეთლის ქართველობაც იყოს. თუმცა გაუგებარია, რას ერჩიან რუსები პეტრე პირველის ქანდაკებას, რომელიც  წერეთელმა მოსკოვში 1997 წელს დადგა.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ წერეთელი პარიზში გაფრინდა. რუსეთის დედაქალაქში ვარაუდობენ, რომ ქართველი მოქანდაკე  მანამდე გაუჩინარდება, ვიდრე ხელშეუხებლობის გარანტიას არ მიიღებს.

ჯონი კვარაცხელია, მოსკოვში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "ლაზარეს" ხელმძღვანელი: - ლუჟკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებისთანავე გავრცელდა ხმები მასთან დაახლოებულ ჩინოსანთა და გავლენიან პირთა შესაძლო გათავისუფლებისა და შევიწროების შესახებ. ამ ვერსიით, ზურაბ წერეთელსაც მიადგებიან, არა მარტო როგორც ლუჟკოვის მეგობარს, არამედ როგორც დიდი  ქონების პატრონს. თუმცა ჯერჯერობით მის წინააღმდეგ მხოლოდ იმის თქმას ახერხებენ, რომ წერეთლის ქანდაკებები მოსკოვს აუშნოებს. პეტრე პირველი ქვეყანას პეტერბურგიდან მართავდა, ამიტომ ძეგლიც ამ ქალაქში უნდა გადავიტანოთო.

- ამბობენ, რომ წერეთელს, ლუჟკოვის მსგავსად, კარგი ურთიერთობა აქვს პუტინთან, რომლის ქანდაკებაც ააგო.

- ახლა პუტინი თავს იცავს და არა - ახლობლებს. დღეს რუსეთში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ პუტინს ავიწროებენ როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ოპოზიცია ლუჟკოვის მოხსნას თავის გამარჯვებად  თვლის, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვანაირად არის - პუტინისა და მედვედევის კლანებს შორის დაპირისპირებას საბოლოოდ აეხადა ფარდა.

მათი დაპირისპირება გამოაშკარავდა, როცა ვერ შეთანხმდნენ ხიმკების ტყესთან დაკავშირებით. პუტინის იდეით, ტყეზე უნდა გაჭრილიყო უმოკლესი გზა მოსკოვსა და პეტერბურგს შორის. ეკოლოგები ამ აზრს არ დაეთანხმნენ,  თუმცა, პუტინმა ყურად არ იღო ეს და ბრძანა, მისი იდეა განხორციელებულიყო.

ამის მიუხედავად, დაახლოებით 15 დღის წინ პრეზიდენტმა მედვედევმა ეკოლოგების მოთხოვნა დააკმაყოფილა და პუტინს მბრძანებლური ტონი შეაცვლევინა. ამ პროექტის განხორციელება უნდოდათ იური ლუჟკოვსა და მის მეუღლეს,  სამშენებლო ჰოლდინგ "ინტეკოს" პრეზიდენტ ელენა ბატურინას. სწორედ იგი ფლობს მოსკოვში არსებული სამშენებლო ბაზრის 1/5-ს. მისი პირადი ქონება მილიარდ დოლარს აღემატება.

ხიმკების ტყის სკანდალი ლუჟკოვის გათავისუფლებით დაგვირგვინდა. ამან საბოლოოდ ახადა ფარდა მედვედევისა და პუტინის გააფთრებულ ბრძოლას. ირანისთვის ჩ 300 ტიპის რაკეტების მიყიდვაზე მედვედევის უარიც პუტინის მარცხი იყო, რადგან ეს პროექტი მას ეკუთვნოდა.

- პუტინი ასე იოლად წირავს ერთგულ გარემოცვას?

- ვფიქრობ, ლუჟკოვი პუტინმა კი არა, საკუთარმა წინდაუხედაობამ და ზღვარგადასულმა ამბიციებმა დაღუპა. პუტინს მორჩილი ხალხი სჭირდება გვერდით. პოლიტიკაში და მით უფრო, პუტინისთვის, არ არსებობს მეგობარი. მისთვის არსებობს ადამიანი, რომელსაც გამოიყენებს და მერე, თუ საჭირო გახდება, მოისვრის.  ამიტომ, ალბათ, წერეთელიც განწირულია. შესაძლოა, პუტინს არ სურდეს ეს, მაგრამ ცხადია,  თავს უფრო უფრთხილდება.

- შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში პუტინის ძალაუფლება შეირყა?

- მედვედევი აშკარად მაღლა იწევს, თუმცა არავინ იცის, პუტინი ხვალ რას მოიმოქმედებს. დღეს მისი დასაყრდენი მხოლოდ ეფ-ეს-ბეა, მედვედევი კი ქმნის ახალ ძალას თავისთვის - მილიციას დაერქმევა პოლიცია; მედვედევი სახელშეცვლილ სამსახურში თავის ხალხს მოიყვანს. თავდაცვის სამინისტროშიც მაღალ თანამდებობებზე თავისი ხალხი დანიშნა. ძალას იკრებს, რათა საბოლოოდ დაუპირისპირდეს პუტინს. მედვედევმა აშკარად კარგად გაუგო გემო პირველი კაცის სავარძელს და  მასთან შელევას არ აპირებს.

- შერისხულებს დავუბრუნდეთ, რა ელით ლუჟკოვს, წერეთელს და მათ დანარჩენ სამეგობროს?

- ყველაზე კარგი შედეგი ის იქნება, რომ მათ ბევრ ფულს წაართმევენ. ყველაზე ცუდი კი ის, რომ  ფულსაც წაართმევენ და დააპატიმრებენ კიდეც.

რუსეთის მხატვართა კავშირის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი დიდი კაპიტალის მფლობელია, მედვედევი კი ასეთების დაპატიმრებით ორ კურდღელს იჭერს - დაპირისპირებულ ბანაკსაც ანადგურებს და  სახელმწიფოსთვისაც ფულს ამოიღებს. თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევს, ხოდორკოვსკის ბედი ელის. სხვათა შორის,

ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ პუტინისათვის კიდევ ერთი დარტყმის მისაყენებლად ხოდორკოვსკის გაათავისუფლებს მედვედევი.

ეს უკანასკნელი ხომ სწორედ პუტინის პირადი პატიმარია. რაც შეეხება წერეთელს, მისი გონიერებისა და წინასწარჭვრეტის შესახებაც ბევრს ლაპარაკობენ მოსკოვში. ამბობენ, რომ ქონების ძირითადი ნაწილი გატანილი აქვს რუსეთიდან. არ ვიცი, ეს ჭორია თუ სიმართლე, თუმცა, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ წერეთელმა გაითვალისწინა ყველა მოსალოდნელი საფრთხე და პარიზში გადაბარგებაზე დროულად იზრუნა.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ძეგლი შექმნა, როგორც ჩანს, მისი იმედი არ ჰქონდა (ამბობენ, რომ მომდევნო  დევნილი კიდევ ერთი ქართველი, ცნობილი პუტინისტი და ლუჟკოვის მეგობარი, "ქართველთა კავშირის" პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია იქნება. - ავტ.). წერეთლის მოსკოვში კარგად ყოფნა-არყოფნას ქართული დიასპორისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი ქართველობას არაფრით ეხმარებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი, სახელოსნო და საგამოფენო დარბაზი ქართული ეკლესიის გვერდით მდებარეობს, ერთხელაც არ შემოსულა ეკლესიაში. რუსებსაც კი უკვირდათ ეს.

"კვირის პალიტრა" შეეცადა, ზურაბ წერეთელს დაკავშირებოდა. მისმა თანაშემწემ, სერგი შაგულაშვილმა გვიპასუხა: - ბატონი ზურაბი რამდენიმე დღის წინ გაფრინდა პარიზში იუნესკოს გენერალურ დირექტორთან ერთად.

- მის საწინააღმდეგო გამოსვლებზე რას იტყვით?

- არაფერი არ ხდება; ტელევიზიით ორი უგუნური ჟურნალისტი რაღაცას ამბობს და ვიღაც მათ უსმენს. როგორ შეიძლება ამ უაზრო გამოხდომებზე კომენტარი გააკეთო? ბატონი ზურაბი  ძველებურად რჩება თავის თანამდებობაზე, არავინ ეხება და მის მიმართ პრეტენზიები არავის აქვს.