რომან გოცირიძე ხელისუფლებას: "ქართული ბიზნესი ისე თავისუფლად სუნთქავს, რომ ზედმეტმა ჟანგბადმა დაახრჩო" - კვირის პალიტრა

რომან გოცირიძე ხელისუფლებას: "ქართული ბიზნესი ისე თავისუფლად სუნთქავს, რომ ზედმეტმა ჟანგბადმა დაახრჩო"

ქართული ბიზნესი ისე თავისუფლად სუნთქავს, რომ ზედმეტმა ჟანგბადმა დაახრჩო. მივმართავ ხელისუფლებას: არ გინდათ ბიზნესის ეს ძალიან ზედმეტი თავისუფლება, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. გოცირიძემ ბიზნესის წარმომადგენლებს "თიბისი ბანკის" მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა მომავალში მათ წინააღმდეგაც არ განხორციელდეს ზეწოლა.

"ქართული ბიზნესი ისე თავისუფლად სუნთქავს, რომ ზედმეტმა ჟანგბადმა დაახრჩო.

ასე იციან თქმა: "თავისუფლად სუნთქავსო". აი, თავისუფალმა სუნთქვამ რა უყო ქართულ ბიზნესს. მივმართავ ხელისუფლებას, არ გინდათ ბიზნესის ეს ძალიან ზედმეტი თავისუფლება.

ქართული ბიზნესი არის დატერორებული. ნუთუ, საქართველოში არ არსებობს ერთი წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული მოვლენა, ეს არის ბიზნესის განადგურების მოვლენა და ზოგადად, ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის მოსპობა. მხოლოდ ფადი ასლი რატომ ლაპარაკობს? იმიტომ ლაპარაკობს რომ უცხოელია. აქვს უცხოური პასპორტი და ძნელად თუ მოექცევა ხელისუფლების რეპრესიის ქვეშ. ყველა დანარჩენი ბიზნესი დაშინებულია. შეიძლება ვუთანაგრძნო მათ, შეიძლება მართლაც არ უნდათ საკუთარი ბიზნესის რისკის ქვეშ დაყენება.

როდესაც "თიბისის" გაუკეთებენ ამას, მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც სხვა კაპიტალიც გააჩნია, რას გაუკეთებენ ყველა სხვას.

ასე, რომ არ მოხდეს, კეთილი ინებონ და გამოუცხადონ სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომელთა მიმართ რეპრესიები უმძიმესად აისახება ქვეყნის ფინანსურ სისტემასა და ანაკლიის სტრატეგიული პროექტის განვითარებაზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საკითხის კომენტირებისას რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში მიტანილ წერილსაც შეეხო. მისი თქმით, წერილზე შუამავლის თითის ანაბეჭდი მაინც იქნება, რომლის საშუალებითაც ლონდონის ექსპერტიზას მისი ვინაობის დადგენა შეეძლება.

"გამოძიება ამ საკითხში ნათელს არ შეიტანს, ვინაიდან ყველაფერი ისედაც ნათელია. ეს წერილი იყო და შუამავალი არსებობს. არ არის გამორიცხული, მის წინააღმდეგ რაღაც შეთითხნილი სულ სხვა საქმე და რეპრესიები დაიწყოს. სულ მცირე, წერილზე შუამავლის ანაბეჭდები მაინც აუცილებლად იქნება. ლონდონის ლაბორატორია დნმ-ს ამოაგდებს. ლონდონის ლაბორატორიამ შუამავლის ვინაობა თუ დაადგინა, ამ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ პასუხი ამ ექსპერტიზის შედეგებს გასცეს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"