"თუ "ქართულ ოცნებაში" კადრებს ეძებენ, დაწუნებული ირაკლი ღარიბაშვილი როგორღა იპოვეს?!" - კვირის პალიტრა

"თუ "ქართულ ოცნებაში" კადრებს ეძებენ, დაწუნებული ირაკლი ღარიბაშვილი როგორღა იპოვეს?!"

"ქართულ ოცნებაში" ყოველთვის იყო კარგი კადრების კრიზისი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ახალი სახეების შესარჩევად კერძო კომპანია დაიქირავა.

"ეს პარტია არ შედგა იმ უბრალო მიზეზით, რომ პარტიას თავისი წესები აქვს, თავისი შიდა დემოკრატია, აქვს განვითარების გეგმა... " ქართული ოცნება" კი ეს არის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ობიექტი, სადაც, რასაც უნდა, იმას იზამს. მაგალითად, ისე დანიშნა კაცი პოლიტიკურ მდივნად, რომ ყრილობა არ მოიწვია, არადა, წესდება პირდაპირ ავალდებულებდა. ასეთ კრებულში, სადაც წესები არ მოქმედებს, ბუნებრივია, საშველი არასდროს იქნება. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, მთელი მათი პრობლემა ამაშია. იქ პარტიული მუშაობა არც მიმდინარეობს და არც არასდროს ყოფილა. პარტია სულ სხვა ერთობაა, ამიტომ ყველაფერს, რასაც ახლა გააკეთებენ, იქნება ისევ ის, რაც აქამდე იყო. თუ კადრებს ეძებდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი როგორღა იპოვეს?! ამდენი ეძებეს და დაწუნებული ირაკლი ღარიბაშვილი იპოვეს?! ძალიან სასაცილოა," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"ქართული ოცნება" პარტიაში ახალი წევრებისა და სახეების მოზიდვაზე მუშაობს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში რეკრუტირების პროცესი დაწყებულია - პარტიის ლიდერებმა, მათ შორის დეპუტატებმა უკვე მიიღეს დავალება, რეკომენდაცია გაუწიონ კვალიფიციურ ადამიანებს, რომელთაც პარტიულ საქმიანობაში ჩართვის სურვილი ექნებათ.

ასევე მითითება მიეცა პარტიის საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებს, ასეთ კადრებს პარტიასთან თანამშრომლობა შესთავაზონ.

"ამას პარტიის ყველა რაიონული ორგანიზაცია ახორციელებს. ახალ, ძლიერ, პატიოსან და კვალიფიციურ კადრებს პარტია თანამშრომლობას სთავაზობს. პარტია ასეთი ხალხის მოზიდვაზე გასულ წელსაც მუშაობდა. ბუნებრივია, შეთავაზებას ბევრი არ მიიღებს, რადგან ამ უმადური საქმის კეთების სურვილი ყველას არა აქვს, თუმცა ზოგი ჩაერთვება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ საპარლამენტო უმრავლესობიდან.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, "ქართულ ოცნებაში" ახალი წევრების მოზიდვის საქმე პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძეს აქვს ჩაბარებული.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ახალი სახეების შესარჩევად კერძო კომპანია ჰყავს დაქირავებული.

"ინტერპრესნიუსი"