ორი ქალბატონი პრეზიდენტის შეხვედრა და ქართულად ნათქვამი სადღეგრძელო - რა აჩუქა სალომე ზურაბიშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს - კვირის პალიტრა

ორი ქალბატონი პრეზიდენტის შეხვედრა და ქართულად ნათქვამი სადღეგრძელო - რა აჩუქა სალომე ზურაბიშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 7 მარტს ვილნიუსში საპატიო ყარაულის თანხლებით, ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ორი ქვეყნის სახელმწიფო დროშებს. შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის სახელმწიფო ჰიმნები. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ ფოტო გადაიღეს და საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, პატივისცემის ნიშნად, საჩუქრები გაცვალეს. სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგას ცნობილი, ქართველი მხატვრის, ზურაბ ნიჟარაძის ნატურმორტი უსახსოვრა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შეხვედრაც გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პარტნიორთა მხარდაჭერის მობილიზაციის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა, ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს იმ უდიდესი პირადი წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერის საკითხებში.

"მხარეებმა რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ აზოვის ზღვაში რუსეთის უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, ნატო-ს გადაწყვეტილება გაზარდოს თავისი წამომადგენლობა შავ ზღვაში, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

საქართველო აქტიურად მონაწილეობს შავი ზღვის უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით ყველა პრაქტიკულ ძალისხმევაში, განსაკუთრებით, ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მხარდაჭერას მიიღებს ვაშინგტონში, ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ მინისტერიალსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. საქართველოსათვის კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, განიხილება შავი ზღვის რეგიონში მსგავსი ცენტრის შექმნის ხელშეწყობის საკითხიც", – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჟენევის მოლაპარაკებებმა ძალიან ფორმალური და ტექნიკური ხასიათი მიიღო, საჭიროა, საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერით აღნიშნული ფორმატისათვის პოლიტიკური დონის ამაღლება.

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.

მოგვიანებით, დალია გრიბაუსკაიტეს სახელით, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობისა და განსაკუთრებული ურთიერთობების სიმტკიცის სადღეგრძელო შესვეს. ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს სადღეგრძელოს ნაწილი, ქართველი ხალხის პატივისცემის ნიშნად, ქართულად წარმოთქვა.

იხილეთ ასევე: "ყველგან ქართულად ლაპარაკობს, ძალიან მეამაყება!" - როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტისას?

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით