რაზე ფიქრობდა სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

რაზე ფიქრობდა სააკაშვილი?

მაშინ, როდესაც საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იმყოფებოდა, ავღანეთში ოთხი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ან შეიძლება ეს  რამდენიმე საათით ადრე მოხდა, თუმცა ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია: ავღანეთში დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ნატოს ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოში ეს საზარელი ამბავი შეიტყვეს, თბილისში ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებდა, საქართველო ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ ნატოს წევრი გახდებაო.

მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის მნიშვნელობას ვერ ხვდება, მაგრამ ახლა, როდესაც ქართველი ჯარისკაცები ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპნენ, ყველა მოსაზრებაში ეჭვი შემეპარა. იმ დღეს, როდესაც ერთდროულად ვისმენდი ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო გამოთქმულ სამძიმარს და ანდერს ფოგ რასმუსენის სიტყვებს, ლისაბონში, ნატოს სამიტზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდებაო, ვფიქრობდი, რომ ნატოსთვის ჩვენი მნიშვნელობის დამტკიცება ასეთ მსხვერპლად არ ღირს.

თუ ჩვენი ავღანეთში ყოფნის მთავარი მიზანი ტერორიზმთან ბრძოლაა, იქნებ ეს მისია სხვებისთვის დაგვეთმო?! ტერორიზმი ყველას ემუქრება, მაგრამ ჩვენ ყველაზე ნაკლებად.

არადა, ამ დროს ჩვენი ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ყველაზე მეტი ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ ლისაბონის სამიტზე კიდევ ერთხელ თქვან, საქართველო ნატოს წევრი გახდებაო თუ იმიტომ, რომ თბილისში ნატოს წარმომადგენლობა გახსნან? ამისთვის ღირს ქართველი ბიჭების გაწირვა? არ ვიცი, შეიძლება საკითხს არასწორად ვაყენებ, მაგრამ დღემდე ვერ მოვისმინე არგუმენტირებული განმარტება, რომელიც ამ მსხვერპლს გაამართლებდა. ვიდრე მსხვერპლი არ იყო, ეს განმარტებები მეტ-ნაკლებად მისაღები გახლდათ, მაგრამ ახლა... ახლა ყველაფერი შეიცვალა.

ვიცი, პრეზიდენტი ვერასოდეს ვერ ვიქნები. წარმოიდგინეთ, როგორი შეგრძნებაა: იღებ გადაწყვეტილებას, შემდეგ კი მას მსხვერპლი მოჰყვება. სწორედ შენი გადაწყვეტილების გამო იღუპებიან ადამიანები. ეს ძალიან მძიმე ტვირთია. მაინტერესებს, რას ფიქრობდა სააკაშვილი, როდესაც მას ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ამბავი აცნობეს. იმაზე, ახლა ოპოზიცია ერთ ამბავს ატეხსო თუ დაღუპულთა ოჯახებზე? ან იქნებ პრეზიდენტის მძიმე ხვედრზე?

ქართული პოლიტიკის ერთადერთი ინტრიგა

სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ იმ ამომრჩეველმა, ვისაც სააკაშვილი არ მოსწონს, ჯერ ოპოზიციას უნდა გამოუცხადოს უნდობლობა. სხვაგვარად მათ სურვილს, შეცვალონ სააკაშვილი, ასრულება არ უწერია. ისე, ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის რეიტინგში აისახება. თუმცა ბევრისთვის დაბალი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ ოპოზიციონერების დიდი ნაწილის მიზანი ხელისუფლების დამარცხება და გამარჯვების მოპოვება სულაც არ არის.

ოპოზიციის უმეტესობას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: როგორმე დარჩეს პოლიტიკაში, მინიმალური მხარდაჭერა მაინც მოიპოვოს და ამით იარსებოს, მიიღოს საბიუჯეტო დაფინანსება. მეორე ნაწილს, ვისაც ფულის პრობლემა არა აქვს, ამ ფულის დასაცავად ოპოზიციაში ყოფნა სჭირდება, ვიღაცას პირადი ბოღმა ახრჩობს და ა. შ. მათ, ვისაც მართლა სურთ სააკაშვილის დამარცხება, არ იციან, ეს როგორ გააკეთონ.

ჰოდა, არის სრული უსუსურობა და უსასოობა ოპოზიციურ ფლანგზე. ზოგი მკვდრეთით აღდგომას ცდილობს, მაგალითად, ოქრუაშვილი. მას ამაში სუბარი და გაჩეჩილაძე ეხმარებიან. ზოგი ყველაფერს თავიდან იწყებს, მაგალითად, ალასანია, რომელიც ადგილობრივ არჩევნებამდე გენერალი იყო, ახლა კი ქართული ოპოზიციის რიგითი ჯარისკაცია.

მართალია, თეორიულად ისევ აქვს შანსი გენერლობის დაბრუნებისა, მაგრამ ძალიან ძნელი იქნება. ზოგი ხსნას საარჩევნო კოდექსის გასწორებაში ხედავს. მაგალითად, "ეროვნული ფორუმი", რომელიც ხელმოწერებს აგროვებს. ზოგი ველოსიპედს იგონებს, მაგალითად, ბურჯანაძე რაღაც კრების ორგანიზებას ცდილობს, რომლის აზრი ვერავინ გაიგო. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილი ამ პროცესისგან დისტანცირებას ცდილობს. ოპოზიციას სამხიარულოდ საქმე არა აქვს, თორემ წინა კვირას გამართულ სახალხო კრების კონფერენციაზე ნამდვილად ვიტყოდი, კრება დარჩა მხიარული-მეთქი.

დღევანდელი გადასახედიდან ოპოზიცია ამომრჩეველს ახალს ვერაფერს სთავაზობს. ქართულ პოლიტიკაში დღეს ინტრიგა მკვდარია. ჩემთვის ერთადერთი ინტრიგა ახლა ის არის, 2013 წელს სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი რომ გახდება, რა არგუმენტით დაარქმევს "პრეზიდენტის სასახლეს" "მთავრობის სახლს".  აბა, თავის ასე რუდუნებით აშენებულ რეზიდენციას თითქმის უფუნქციო პრეზიდენტს ხომ არ დაუთმობს?!