"ღარიბაშვი­ლის გამოჩენით "ოცნებაში" ­ წმენდა იწყება" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვი­ლის გამოჩენით "ოცნებაში" ­ წმენდა იწყება"

"პარტია არ არის ორგანიზაცია, რომ თანამშრომლები სი-ვითა და გასაუბრებით აიყვანო"

"თუ "ოცნება" ვერაფერს გააკეთებს, რიგგარეშე არჩევნები კი არა, შეიძლება საქმე დაუმორჩილებლობამდე მივიდეს... ამ გაზაფხულზე, ალბათ, მეტ-ნაკლებად სიმშვიდე იქნება და თუ რაღაც არ გამოსწორდა, შემოდგომაზე მივიღებთ ქუჩის აქციებს, რომლებიც არჩევნებამდე არ შეწყდება", - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

ვახტანგ ძაბირაძე

- "ქართულ ოცნებაში" არსებული ვითარება მიანიშნებს, რომ პარტიაში ძალების გადანაწილება მიმდინარეობს. რაც შეეხება "თიბისი ბანკსა" და საზოგადოდ, ვითარებას, შეიძლება კრიზისი არ დავარქვა, მაგრამ პროცესი ზვავისებურად მიდის და თუ არ შეჩერდა, კრიზისს მივიღებთ.

- ანუ ქვეყანა სერიოზული რყევების ზღვარზეა? - ვუახლოვდებით ამ ზღვარს. ხაზარაძემდე იყო ოქუაშვილის "ომეგა ჯგუფი"... "ოცნებას" არც ისე დიდი დრო აქვს, რომ რაღაც შეცვალოს. მის რიგებში ღარიბაშვილის გამოჩენა მიანიშნებს, რომ პარტიაში წმენდა და გადაჯგუფებები იწყება და იმედია, კრიზისიდან გამოსვლის გეგმასაც წარმოადგენენ.

- "ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს და გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმეში უცხოური კომპანიაა ჩართული. - პარტია პარტიას რომ აღარ ჰგავს, ფაქტია, ამიტომაც საჭიროა რეორგანიზაცია. მას უნდა ჩამოშორდნენ ძველი კადრები, მაგრამ საიდან მოიყვანენ ახალ ხალხს? პარტია არ არის ორგანიზაცია, რომ თანამშრომლები სი-ვითა და გასაუბრებით აიყვანო. სამოქმედო გეგმაა წარმოსადგენი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება მათთვის ბოლო მშვიდი გაზაფხული იყოს...

- თუ ხაზარაძისთვის გაგზავნილი წერილის ავთენტურობა დადასტურდება, რა მოჰყვება ამას? - ეს ნაღმი ან ხაზარაძეს ჩაიყოლებს, ან გახარიას. სხვაგვარად მისი განეიტრალება ვეღარ მოხერხდება. თუ ხაზარაძის ნათქვამი დადასტურდა, მაშინ გახარიას პოლიტიკური კარიერა დასრულდება. თუ არ დადასტურდა, მაშინ ხაზარაძე როგორც ბიზნესმენი დაამთავრებს თავის საქმიანობას. ამიტომაც აქვს წერილის პასუხს დიდი მნიშვნელობა.

- ღარიბაშვილის პოლიტიკაში "დაბრუნებაზე" რას ფიქრობთ? - როგორც ამბობენ, ახალი კადრების შერჩევა კალაძეს, პარტიაში წესრიგის დამყარება კი ღარიბაშვილს დაევალა. არა მგონია, კობახიძის გუნდი, რომელიც კალაძესთან ასოცირდება, ამ ეტაპზე შეავიწროონ. ამის აუცილებლობა არ არის.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებებს ველოდები, მაგრამ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - წამყვან პოსტებს იკავებენ ხისტი პოლიტიკოსები: კობახიძე, გახარია, ღარიბაშვილი... ეს ხელისუფლებას არ წაადგება - ყველაფრის გაკონტროლებით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებ. სააკაშვილსაც ასეთი სისტემა ჰქონდა, ასევე ჩუმი მხარდაჭერა ევროპიდანაც, მაგრამ როგორ დასრულდა, იცით... როდესაც მოსახლეობისა და ხელისუფლების გაუცხოება რაღაც დონეს მიაღწევს, ამას არაფერი შველის. ამ ზღვარს "ოცნება" ჯერ არ მიახლოებია, მაგრამ

თუ ფიქრობენ, რომ 2020 წლამდე პარტიაში წესრიგის აღდგენითა და მედიის გაკონტროლებით მივლენ, ძალიან ცდებიან. ყველაზე მეტად ახლა ეს მაშინებს, მგონი, "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებიდან მცდარი დასკვნები გამოიტანა.

მეორე ტურმა ცხადყო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმათა რაოდენობა თითქმის იგივე ჰქონდა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ნიშნავს, რომ პარტიამ ელექტორატი აღიდგინა. ასე რომ, ამაზე თამაშიც აღარ არის რელევანტური.

- თქვენი აზრით, ღარიბაშვილს რა თანამდებობაზე ვიხილავთ? - მთავრობის გადახალისების შემდგომ, ალბათ, შს მინისტრის პოსტზე. ადრე ლაპარაკი იყო, რომ გახარიას პრემიერად დანიშნავდნენ. მაგრამ რაკი გახარიას პრობლემა ამოვარდა, არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში უფრო "საფუძვლიანად" დაბრუნება გადაწყვიტოს და თავად გახდეს პრემიერი.

- რიგგარეშე არჩევნების ალბათობა რამდენად დიდია? - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა არჩევნების თავის დროზე ჩატარება, რათა რამენაირად ჩავსხდეთ ამ პერიოდულობაში და პოლიტიკური პროცესების მართვა შევძლოთ. ამიტომ რიგგარეშე არჩევნები არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას ხელს არ აძლევს.

- ვითარება ხომ არ მიგვიყვანს იქამდე? - თუ "ოცნება" ვერაფერს გააკეთებს, რიგგარეშე არჩევნები კი არა, შეიძლება საქმე დაუმორჩილებლობამდე მივიდეს...

- რევანშისტული ძალების ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე თუ არის? - თუ ე.წ. მესამე ძალა გამოჩნდება, მაშინ ერთპარტიულობა დასრულდება. რას იზამს "არანაციონალური" ოპოზიცია, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ შეძლებს ჩამოყალიბებას და საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მაშინ ავცდებით რევანშს. თუ ხაზარაძემ თავისი სიმართლე დაამტკიცა, შესაძლოა მესამე ძალა მის ირგვლივ ჩამოყალიბდეს. "ოცნებამ" მას ნებსით თუ უნებლიეთ გაუკეთა კარგი პიარი პოლიტიკაში მოსასვლელად. ის ყალიბდება როგორც ხელისუფლებისგან დევნილი ბიზნესმენი და აკეთებს ანტირუსულ საქმეს, ვგულისხმობ ანაკლიის პორტს. ერთი ნაბიჯიღა დარჩა, რომ ის ან თვითონ წამოვიდეს, ან გამოუშვან პორტის პროექტიდან. ამის მერე მას პოლიტიკური კაპიტალი ექნება. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, როგორი პასუხი ჩამოვა ლონდონიდან...