ლია მუხაშავრია: "მეგონა, პრეზიდენტი ქალი მეტ ჰუმანურობას, მეტ შემწყნარ­ებლობას გამოიჩენდა" - კვირის პალიტრა

ლია მუხაშავრია: "მეგონა, პრეზიდენტი ქალი მეტ ჰუმანურობას, მეტ შემწყნარ­ებლობას გამოიჩენდა"

"ქუჩაში უნდა გამოვიდეთ, მიუხედავად ამდენი ბრძოლისა, "ოცნების" დამოკიდებულება არ იცვლება"

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ გამწესების კრიტერიუმებთან დაკავშირებით პარლამენტში ორი კანონპროექტი შევიდა: ერთი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს, მეორე კი "ოცნებიდან" წამოსულმა გუნდმა შეიტანა. სანამ პარლამენტი რომელიმე კანონპროექტს დაუჭერს მხარს, მანამდე იურისტი ლია მუხაშავრია თავის მოსაზრებებს შემოგთავაზებთ:

ლია მუხაშავრია: - ამ კანონპროექტებს დეტალურად არ ვიცნობ, ამიტომ მისი შეფასება გამიჭირდება. კარგი იქნება, თუ "ოცნება" იუსტიციის საბჭოდან თავის წევრებს გაიწვევს. ეს ინიციატივა თამარ ჩუგოშვილმა გაახმაურა და ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალურია. ნებით არც ერთი მათგანი არ წავა, მათ სასამართლო სისტემის მმართველობის სადავეები ხელში უჭირავთ, ამიტომ მათი გადაყენება ერთადერთი გამოსავალია. არც ოთო კახიძის მოსაზრებაა დასაწუნი, რომლის მიხედვითაც, მოქმედი მოსამართლეები უვადოდ არ უნდა დაინიშნონ, მაგრამ არც ერთ წინადადებას გამოხმაურება არ მოჰყოლია.

- თქვენი აზრით, რომელ კანონპროექტს დაუჭერენ მხარს დეპუტატები, კობახიძისა თუ ბესელიას გუნდის? - ვფიქრობ, პირველს გაიტანენ. ყველამ იცის, რომ კობახიძე აშკარად უჭერს მხარს ძველ მოსამარYთლეებს და კრიტერიუმებსაც მათზე მორგებულს შეიმუშავებენ.

- გამოდის, ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი ამ "ბრძოლაშიც" გაიმარჯვებს? - მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არა აქვს, მაინც საკმარის ხმას მოიპოვებს და კრიტერიუმებს კანონად მიიღებს, შესაბამისად, სასურველ კანდიდატებს დაამტკიცებს.

გამოსავალი საზოგადოებრივი პროტესტია, რათა ევროკავშირს და ევროსაბჭოს შევასმინოთ. ქუჩაში უნდა გამოვიდეთ, მიუხედავად ამდენი ბრძოლისა, "ოცნების" დამოკიდებულება არ იცვლება.

- ანუ ბესელიასა და გოგიჩაიშვილის გუნდის მცდელობა ამაოა? - ბესელიას არა აქვს ის ბერკეტები, რაც ადრე ჰქონდა. ის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და დიდწილად განსაზღვრავდა, როგორი კანონპროექტი გავიდოდა. ამიტომ ადრე უნდა ეფიქრა ამაზე. ახლა ბესელიას ამ ბრძოლაში გამარჯვება არ უწერია. თუ გავიმარჯვეთ, მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერითა და საპროტესტო აქციებით.

- პრეზიდენტს შეწყალების წესის გამკაცრება და ამ საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვა სურს. ამაზე რას ფიქრობთ? - მეგონა, პრეზიდენტი ქალი მეტ ჰუმანურობას, მეტ შემწყნარებლობას გამოიჩენდა, მან კი თავს უფლება მისცა, გაეკრიტიკებინა მარგველაშვილი და თქვა, რომ ამიერიდან შეწყალება იქნება ძალიან მკაცრი პროცედურა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროსთან გაიყოფს. ეს მას მეტი თვითნებობის შესაძლებლობას აძლევს: გაურკვეველი იქნება, პატიმრის შეწყალების გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ მიიღო თუ პრეზიდენტმა; ან როცა მოეპრიანება, ვინმეს დაკვეთით შეიწყალებს და ვერ გავიგებთ, გადაწყვეტილება ვინ მიიღო.

- არის კი ეს მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება? - "ოცნებამ" ზურაბიშვილი ამ თანამდებობაზე განსაზღვრული გარიგებით დასვა. ჩანს, საპრეზიდენტო ვადის გავლას პასუხისმგებლობის აღების გარეშე აპირებს.