ირაკლი სესიაშვილი: "ხაზარაძემ ამ ქაღალდის აფრიალებით #1 თემა გახადა­ არა ის, რომ 17 მილიონი წაიღო სახლში, არამედ ის, გახარიამ მისწერა თუ არა წერილი" - კვირის პალიტრა

ირაკლი სესიაშვილი: "ხაზარაძემ ამ ქაღალდის აფრიალებით #1 თემა გახადა­ არა ის, რომ 17 მილიონი წაიღო სახლში, არამედ ის, გახარიამ მისწერა თუ არა წერილი"

"ხაზარაძე ამ გზით შემოვიდა პოლიტიკურ პროცესში - ანტისახელისუფლებო სპექტრი გააერთიანა"

ირაკლი სესიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

- მე ვილაპარაკებ ფაქტებზე, თორემ ვერავის ადვოკატი და ვერც პროკურორი ვერ გავხდები. ფაქტია ის, რასაც თავად ბატონი მამუკა არ აღიარებს: მისმა მეგობარმა თავისი უზრუნველყოფით გამოიტანა 17 მილიონი სესხი, რომელიც ასევე სესხით გადასცა ხაზარაძეს და ვალის უზრუნველყოფაც მოხსნეს. 2012 წლის სექტემბრის ბოლოს, არასამუშაო დღეს, ვალი გადააწერეს ოფშორულ კომპანიას და შემდგომ, ფაქტობრივად, გაუნულეს კიდეც. ყოველივე ეს მეტყველებს, რომ ხაზარაძემ 17 მილიონი მიიღო, მაგრამ ისე, რომ ეს მისი ფული არ იყო... ამბობენ, ეს 11 წლის წინანდელი საქმე იყოო. რანაირად გამოდის 11 წელი? მაშინ ავთო წერეთელმა აბსოლუტურად კანონიერად გამოიტანა თანხა. ასევე შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს, როცა ხაზარაძემ ისესხა. აი, 2012 წელს რატომ გადაირიცხა ეს თანხა ოფშორში, გაურკვეველია. ხაზარაძეს 2015 წელს ვალი რომ დაეფარა, კითხვა არ გაჩნდებოდა. ეს პროკურატურის დაინტერესების საგანი მას შემდეგ გახდა, რაც აღმოჩნდა, რომ ვალი ჩამოაწერეს...

- რას ფიქრობთ წერილზე, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას გახარიამ მისწერა? - გამოძიებას დაველოდოთ, თუმცა მასში მოყვანილ ფაქტებზე კითხვები მაქვს. ყველა კარგად ვიცნობთ ინგა გრიგოლიას, დიანა ტრაპაიძეს, ვახო სანაიასა და მთელ "ტვ პირველის" სარედაქციო გუნდს და ვერ წარმომიდგენია ვინმე, ვისაც ამ ჟურნალისტებზე შეეძლოს პოლიტიკური დირექტივების მიცემა. თუ ხაზარაძის ვერსიას გავყვებით, რა, გახარიამ არ იცის, რომ ამ ჟურნალისტებზე ზეწოლა გამორიცხულია?

თუ წერილში იკვეთება, რომ ხაზარაძეს შეუძლია გავლენა მოახდინოს "ტვ პირველის" გუნდზე, ეს უპირველესად ამ ჟურნალისტების შეურაცხყოფაა. მეორე მხრივ, თუ ამას მოითხოვს გახარია, ეს ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია დამოუკიდებელი არ ყოფილა, თურმე ხაზარაძე აკონტროლებს.

წერილის შინაარსის მიხედვით, აბსურდად მიმაჩნია მასში არსებული მოთხოვნების შესრულება. საზოგადოება ვერც წარმოიდგენს, რომ ინგა გრიგოლია უცებ "ოცნების" მადიდებელი და "ნაცმოძრაობის" მაგინებელი გახდეს. აქ მესამე მომენტია: ხაზარაძემ ამ ქაღალდის აფრიალებით, ფაქტობრივად, ნომერი პირველი თემა გახადა არა ის, რომ 17 მილიონი წაიღო სახლში, არამედ ის, რომ გახარიამ მართლა მისწერა თუ არა წერილი. აღარავინ ლაპარაკობს იმ ფულის წარმომავლობაზე...

- რაში აწყობდა ხაზარაძეს ეს? - ვფიქრობ, ხაზარაძე ამ გზით შემოვიდა პოლიტიკურ პროცესში - ანტისახელისუფლებო სპექტრი გააერთიანა.

- პროკურატურა რამდენად მართებულად მოიქცა ამ წერილის გამოქვეყნებით? - როცა ხაზარაძემ პარლამენტში პირველად გაახმაურა ეს ამბავი, წერილი კი არ გაასაჯაროვა, აბსოლუტურად არასერიოზულად მოიქცა. თავად არ არის დარწმუნებული ამ წერილის ავთენტურობაში და სწორედ ამიტომაც ვერ გაბედა თავის დროზე გამოქვეყნება. ვფიქრობ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით პროკურატურა სწორად მოიქცა... ხაზარაძემ თავისი ქმედებით ხელისუფლება გადააქცია სამიზნედ. მან საზოგადოების ერთ ნაწილს აღუძრა ეჭვი, მეორე ნაწილი კი მისი მხარდამჭერი გახდა. როდესაც ვინმე ებრძვის ხელისუფლებას, ბუნებრივია, ოპოზიცია მაშინვე მას ემხრობა.

- თქვენი აზრით, ღარიბაშვილის დაბრუნება რას შემატებს პარტიას? - ღარიბაშვილი თავისი წარსულით, წინა რეჟიმთან ბრძოლით "ოცნებისთვის" ყოველთვის გამორჩეული ლიდერი იყო. მისი დაბრუნება უფრო გაგვაძლიერებს.