"საუკეთესო ბიზნესი ამ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში ყოფნა" - კვირის პალიტრა

"საუკეთესო ბიზნესი ამ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში ყოფნა"

საუკეთესო ბიზნესი ამ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში ყოფნა, კარგი ბიზნესი არის ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება და უსაფრთხო ბიზნესი არის დუმილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. როგორც ხუხაშვილი ამბობს, ბიზნესი დღეს დუმს, რაც დიდი შეცდომაა.

"იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემას სისტემური ხასიათი ჯერ არ მიუღია. საქმე იმაშია, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია ნომენკლატურული კაპიტალიზმი, როდესაც ხელისუფლება თვლის, რომ ის არის ბიზნესის დირექტორი და ის კარნახობს თამაშის წესებს, აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს და თუ ჩნდება რაიმე ტიპის პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესი, მას აქვს უფლება, რომ აკონტროლოს ბიზნესი. ეს არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი, ასე იყო წინა და იმის წინა ხელსუფლებების დროს. ამ ნომენკლატურული ეპოქიდან ჩვენ ვერ გამოვედით. ხელისუფლების ტენდენცია განვითარდა ფინანსური ნაკადების კონტროლის მიმართულებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ბიზნესში ერევიან. ერევიან მხოლოდ იქ, სადაც ხედავენ გარკვეულ საფრთხეს, ან ჩნდება ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფის დაინტერესება ამა თუ იმ მიმართულებით. ეს მანკიერება არის ჩვენი რეალობა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ბიზნესის დამოკიდებულებას, ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიზნესი ამ ქვეყანაში ყოველთვის კონფორმისტი იყო.

„ითვლებოდა და დღესაც ითვლება, რომ საუკეთესო ბიზნესი ამ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში ყოფნა, კარგი ბიზნესი არის ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება და ჩვენ ეს ამ დღეებში მოვისმინეთ და უსაფრთხო ბიზნესი არის დუმილი. დუმილის უფლებას იყენებს ყველა პრაქტიკულად, რაც არის დიდი შეცდომა. თვითონ ხელისუფლებისთვისაც კარგი იქნება, თუ ასეთ შემთხვევაში ბიზნესი კონსოლიდირებული იქნება და დააზღვევს ქართულ სახელმწიფოს ამ მანკიერებისგან, რასაც ნომენკლატურული კაპიტალიზმი ჰქვია. ასეთ დროს ქვეყანა, ეკონომიკა ვერ ვითარდება და ეს ბუმერანგივით უბრუნდება ხელისუფლებას პრობლემების სახით. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ ხვდება. ვფიქრობ, დადგა დრო ბიზნესმა კონსოლიდირებული მოსაზრებები გამოთქვას. დღეს ბიზნესი გათითოკაცებულია და სანამ თვითონ არ შეექმნება პრობლემა, მინიმუმ სიჩუმეს ამჯობინებენ.

„თიბისის“ პრობლემატიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, სრულიად ცხადია, რომ პრობლემებს, რომელიც შეიძლება იქ იყოს, ფულის გათეთრებასთან კავშირი არ აქვს. რატომ არ ახდენს ამაზე რეაგირებას ბიზნეს ასოციაცია, გაუგებარია. ალბათ, მათი ეს დუმილი არის კონფორმიზმი, რადგან ბინზნესელიტა, სამწუხაროდ, ფიქრობს, რომ მათი წარმატება დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილგანწყობაზე და არ უნდათ ხელისუფლების გაბრაზება. ჰგონიათ, რომ ამით დაიცავენ თავს, მაგრამ ვერავინ ვერ დაიცავს თავს ამით. თუ დასჭირდებათ, ხვალ სხვასაც მიადგებიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ხელისუფლებაზე განაწყენებულმა ბიზნესმა „ქართული ოცნების“ ნაცვლად სხვა პარტიები დააფინანსონ? ხუხაშვილი პასუხობს: „მე ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესს აქვს თავისუფალი არჩევანი და ფულს დებს იმ პოლიტიკურ პარტიებში თუ ტენდენციებში, რაც მისი ინტერესებისთვის კომფორტულია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, მამუკა ხაზარაძეს ხელისუფლება პოლიტიკისკენ უბიძგებს.

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხაზარაძე გადაიყვანოს პოლიტიკურ ველზე. ეს არ არის ხაზარაშის არჩევანი, ეს არის ხელისუფლების არჩევანი. ხელისუფლება ამ შემთხვევაში უგუნურად იქცევა. მას აქვს სხვადასხვა ინტერესი, რის ჩამოთვლასაც არ დავიწყებ; მათ გადაწყვიტეს ხაზარაძე დასაჯონ ან რაღაც ეკონომიკური ინტერესი აქვთ და რაღაცის დათრევა უნდათ. თუ ხაზარაძე პოლიტიკაში წავა, ეს ხელისუფლების მიზანი კი არ იქნება, არამედ მათი ქმედების თანმდევი მოვლენა. ეს რომ არ მოხდეს, ბიზნესმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს- გამოვიდნენ კონფორმისტული ჩარჩოებიდან და ხმა ამოიღონ. ბიზნესს დუმილი ვერ გადაარჩენს, მათაც მიუკაკუნებენ. თუ დასჭირდათ თითო-თითოდ ყველას დაახრჩობენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"