"ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს..." - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს..."

"ცალი თვალი გავაპაროთ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისკენ... ერთი მაგალითიც არ მახსოვს, ასეთი რამ რომელიმე ბიზნესმენს გაებედა და თუ გაბედავდა, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, კარგად წარმოგვიგდენია"

შეიძლება ითქვას, რომ "თიბისი ბანკის" საქმეს და მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ მან მუქარის წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო, ჯაჭვურ რეაქციად მოჰყვა საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე ბიზნესმენის განცხადებები ხელისუფლების ზეწოლის მცდელობებსა და იმაზე, რომ ქვეყანაში პრივილეგირებული ბიზნესმენები არსებობენ, რომლებიც ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღებითა და ხელშეწყობით სარგებლობენ. ამას ხელისუფლება კატეგორიულად გამორიცხავს და ამ პროცესს პოლიტიკურად მართულს უწოდებს. ცალკე სკანდალად იქცა მამუკა ხაზარაძის განცხადება ზემოთ ნახსენები მუქარის წერილის თაობაზე. პროკურატურამ გამოაქვეყნა წერილის შინაარსი, რომლის მიხედვით ხაზარაძეს "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს სთხოვდნენ. მოგეხსენებათ, "თიბისი ბანკის" საქმეში ფიგურირებს "ტვ პირველის" დამფუძნებელიც. ამგვარი წერილის არსებობას გამორიცხავს ხელისუფლება და საეჭვოდ მიიჩნევს პროკურატურაც.

წერილის ორიგინალი ექსპერტიზისთვის გაგზავნილია ლონდონში.

მას მერე, რაც წერილის შინაარსი გახდა ცნობილი, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებში ახალი გზავნილი გაჩნდა - ისინი ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ "თიბისი ბანკის" საქმე არ უკავშირდება ანაკლიის პორტის პროექტს და პორტის ამ თემასთან დაკავშირების მიზანი საკითხის პოლიტიზება და 11 წლის წინანდელი პრობლემის გადაფარვაა. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - შეუძლებელია, ამ პროცესებმა უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობაზე.

სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან.

ხათუნა ლაგაზიძე

- "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული პროცესები კომპლექსურ თემად იქცა, რომელშიც ბევრი საკითხი და პრობლემა გადაეჯაჭვა ერთმანეთს, დაწყებული საგარეო-პოლიტიკური ორიენტირებით, უსაფრთხოების პრიორიტეტებით, მედიის თავისუფლებით, ბიზნესის დაცულობით და ა.შ. მოკლედ, "თიბისის საქმემ" ძალიან ბევრი მიმართულება მოიცვა და ამიტომაც შეძრა ასე საზოგადოება და ქვეყანა. ისე ჩანს, რომ ეს საქმე ბევრი მიმართულებით იქცევა ტესტად როგორც ხელისუფლების, ისე - საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრისთვის...

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლოდროინდელ განცხადებებში კატეგორიულად გამორიცხავენ ანაკლიის პორტთან "თიბისის" საქმის კავშირს, მაგრამ მათ ამ განცხადებების გაკეთება ძალიან დააგვიანდათ და ეს ორი საკითხი, ფაქტობრივად, გადაეჯაჭვა ერთმანეთს.

ცნობილია, რომ თავის დროზე ამ პორტით ჩინელები იყვნენ დაინტერესებული. ამბობდნენ, რომ მოგების თვალსაზრისით მათი წინადადება უკეთესი იყო, თუმცა მაშინ დასავლური ქვეყნების პოზიცია იყო ცალსახა და ნათელი - ისინი კულუარულად პირდაპირ სთხოვდნენ ხელისუფლებას, შავ ზღვაზე ჩინელებისთვის პორტის დათმობისგან თავი შეეკავებინათ. მახსოვს, იმხანად საქართველოში ჩამოსული იყო იაპონელი ჟურნალისტი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის იმჟამინდელ პირველ პირებთანაც ჩაწერა ინტერვიუები, მეც მესაუბრა და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, რომ იაპონელებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ანაკლიის პროექტში ჩინელების გამოჩენა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ პორტის საკითხში ძალიან ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ-სტრატეგიული ინტერესები გადაიკვეთა, შესაბამისად, მისი მნიშვნელობა სცდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს...

მოდი, საკითხი ასე დავსვათ - არის თუ არა განვითარებული პროცესები ხაზარაძისთვის ანაკლიის პორტის ართმევის მცდელობა? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რამხელა საერთაშორისო პოლიტიკურ-სტრატეგიული ინტერესებია ამ პორტთან დაკავშირებული, ბუნებრივია, რომ "თიბისი ბანკისა" და ხაზარაძის გარშემო შექმნილ ვითარებას აუცილებლად მიეცემოდა პოლიტიკური ელფერი და მთელი პროცესი საბოლოოდ აუცილებლად დააზიანებდა პორტის პროექტის განვითარებასაც.

საკითხი დაისმის ასეც: ამ სკანდალამდე სრულდებოდა თუ არა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებიც ხაზარაძემ და კონსორციუმმა აიღეს? ისე ჩანდა, რომ ძალიან უჭირდათ ფინანსების მოძიება. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერობისას სახელმწიფომ გაიღო მნიშვნელოვანი თანხა, რაც თავდაპირველად გათვალისწინებული არ იყო. არ ვიცი, ხელისუფლების მესიჯები, რომ კონსორციუმმა ვალდებულებები არასრულად შეასრულა, სიმართლეა თუ არა, მაგრამ ხელისუფლებამ ისე მოახერხა ამ პროცესების წარმართვა, ახლა ეს განცხადებები სიმართლე რომც იყოს, ამას ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს... მით უფრო, ამ ხმაურის ფონზე მოსალოდნელია, რომ ანაკლიის პორტის დაფინანსება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეფერხდეს. მთავარია, რას გააკეთებს ხელისუფლება, რომ ეს არ დაუშვას. რა პოლიტიკას აირჩევს სახელმწიფო, თუ კონსორციუმის მხრიდან ინვესტიციების მოზიდვა გაჭიანურდა?

მიეხმარება თუ არა ინვესტიციების მოძიებაში და ვინ იქნებიან ინვესტორები?! აი, ეს პროცესი აჩვენებს, აპირებს თუ არა ხელისუფლება, დაათმობინოს ხაზარაძესა და ამ კონსორციუმს ანაკლიის პროექტი და იმასაც, რეალურად აფასებენ თუ არა ამ პორტის მნიშვნელობას... ფაქტია, ძალიან გვიან გამოიფხიკეს ყურები და ძალიან გვიან განაცხადეს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის საკვანძო საკითხია... არ ვიცი, რატომ გაუჭირდათ თუნდაც სიტყვიერად ამის აღიარება. ზოგადად, ჩვენს ხელისუფლებას ახასიათებს გვიანი რეაქციები და ხშირად არიან ხოლმე უკან მიდევნებული ლამპრის პოზიციაში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირ აზვავდა საუბრები, რომ ანაკლიის პორტს ებრძვის ხელისუფლება, რა გახდა ერთი განცხადება იმის თაობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პორტი ქვეყნისთვის? ეს მხოლოდ ორიოდე დღის წინ თქვა გიორგი გახარიამ. განცხადება იყო სწორი, თუმცა - დაგვიანებული...

შესაბამისად, ისმის კითხვა: რატომ თავიდანვე არ გაუფრთხილდნენ ანაკლიის პორტის იმიჯს, თუ ასეთი მნიშვნელოვანი და ღირებული იყო იგი?! ახლა ის დროა, გამოვიდნენ და წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა და გარანტიები, რომ ანაკლიის პორტი ამ პროცესებით არ დაზარალდება. თუ თვე-ნახევრის წინ მხოლოდ განცხადებები იქნებოდა საკმარისი ანაკლიის პროექტში ჩართული კონსორციუმის რეპუტაციის გადასარჩენად, დღეს სახელმწიფოსგან სულ სხვა ტიპის გარანტიებია საჭირო... დღეს ხელისუფლების მართლაც ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, ისეთი, როგორიც უცხოური ფინანსების მოსაზიდ გარანტიად გამოდგება; წინააღმდეგ შემთხვევაში მტკიცებას, რომ ანაკლიის თემით მანიპულირება ხდება და ამ პროექტს არაფერი ემუქრება, ვერავის დააჯერებენ...

ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ რეალურად დაანახოს საზოგადოებას, რა ხდება, არადა, ეს მისი ვალდებულებაა... ვის ინტერესს ემსახურება ეს ქაოსი?

- ერთ-ერთი ვერსიით - რუსეთის... - რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, როგორც ვიცი, იმ კონსორციუმში, რომელშიც წამყვანი ჩინური კომპანიები იყო, რუსული კაპიტალიც ფიგურირებდა... რუსეთის ინტერესი ანაკლიის მიმართ, რა თქმა უნდა, დიდია... იმგვარი აშკარა მუქარის შემცველი რიტორიკა, რაც ბოლო ხანს რუსეთიდან მოვისმინეთ, კარგა ხანია, არ ყოფილა. საკითხი პირდაპირ ასე დასვეს - ან ნატო, ან კავკასიაში სტაბილურობაო! რას შეიძლებოდა ეს გამოეწვია? აშკარაა, რუსეთი ბევრი მიმართულებით აქტიურდება, მათ შორის ერთ-ერთი უთუოდ არის ანაკლიის პორტი... ის ცდილობს ზეწოლას, მით უფრო, რომ საქართველოში ამჟამად შიდაპოლიტიკური ვითარება ძალიან მყიფეა... ამ ფონზე სერიოზული მობილიზება მართებს საქართველოს ხელისუფლებას. არ დაგავიწყდეთ - ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება", ადამიანური რესურსების თვალსაზრისთ, "შაგრენის ტყავივით" პატარავდება.

- დავუბრუნდეთ წერილს, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, მან შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო და რომელშიც ანაკლიის პორტი ნახსენები არ არის, თუმცა მისი შინაარსი არანაკლებ მძიმე თემებს ეხება, მათ შორის - მედიის თავისუფლებასაც... როგორ ფიქრობთ, რეალურია, რომ ამ წერილის უკან მართლაც გიორგი გახარია იდგეს? - ამ საკითხზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა - თუ ამ ხელისუფლებაში ვინმეს მართლაც მოუვიდა თავში მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ეს იქნება ის კერკეტი კაკალი, რომელიც ხელისუფლებას კბილებსაც დაამტვრევს და ყელზეც დაადგება...

მედიის თავისუფლებას ამ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ეს ის არის, რასაც ყველაზე ბოლოს დავთმობთ!

აშკარაა, რომ მმართველი პარტია საკუთარ კალათაში ძალიან ბევრ შავ ბურთულას აგროვებს. გასაგებია, რომ დასავლეთ საქართველოს მიმართ ისეთი აქტიური აღარ არის, როგორიც 2003 წელს იყო, მაგრამ დასავლეთის დიპლომატია ყველა შეხვედრაზე აშკარად და გარკვევით ამბობს, რომ არის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის უფლებასაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას არ მისცემენ. თავის დროზე ეს იყო "რუსთავი 2"-ის საქმე, დღეს ამ სიაში ჩაიწერა "თიბისის" თემა, რომელიც პირდაპირ ებმის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ამავე სიაში აუცილებლად ჩაიწერება "ტვ პირველის" საკითხიც, თუ ამგვარი რამ ვინმეს თავში მართლაც მომწიფდა ან მომავალში მომწიფდება... ეს ისეთი გამოწვევებია, რომელთა წინაშე დადგომასაც საქართველოს ხელისუფლებას არ ვურჩევდი, მით უფრო მაშინ, როცა ასეთი თვალსაჩინოა მმართველ პარტიაში მიმდინარე რღვევის პროცესი...

ამ ყველაფერს ემატება მოსამართლეების საკითხი, ეუთოს დასკვნითი ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე, რასაც მწვავესაც კი ვერ დაარქმევ - ეს არის ანგარიში, რომელშიც დიპლომატიურ ეტიკეტსა და ზომიერებაზე უარია ნათქვამი... ჩემთვის ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მაინც არ მინდა, ხელისუფლების რაციონალობის იმედი მთლად დავკარგო...

- ბოლო დღეებში ხელისუფლების ზეწოლის თაობაზე არაერთი ბიზნესმენის განცხადება მოვისმინეთ. თქვენი აზრით, ამ ეტაპზე როგორ შეიძლება შეფასდეს ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება? - მართლაც უპრეცედენტო მოვლენის მომსწრენი გავხდით. ხაზარაძის განცხადებებს მოჰყვა ჯერ "ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის ვიდეომიმართვა, შემდგომ კი - თამაზ ელიზბარაშვილის, გაიაშვილისა და სხვათა განცხადებები... მართლაც უპრეცედენტოა, რომ ქართულ რეალობაში ბიზნესი ბედავს და ხმას იღებს ხელისუფლების მხრიდან შევიწროებაზე. ცალი თვალი გავაპაროთ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისკენ... ერთი მაგალითიც არ მახსოვს, ასეთი რამ რომელიმე ბიზნესმენს გაებედა და თუ გაბედავდა, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, კარგად წარმოგვიდგენია. მით უფრო, რომ დღესაც კი "ნაციონალური" წარსულის ზოგიერთი პოლიტიკოსი იმ ბიზნესმენებს, რომლებიც "ნაციონალური" ხელისუფლების დროს ზეწოლაზე კიდევ ბედავენ ხმის ამოღებას, ტარაკანებივით უსასტიკესი ანგარიშსწორებით ემუქრება.

ეს განცხადებები აჩვენებს, რომ ბიზნესის თავისუფლება ჯერჯერობით არსებობს, რასაც ამ ხელისუფლებას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ დღევანდელი ვითარება არსებითად განსხვავდება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წლებისგან, როდესაც ბიზნესი ერთხმად აღიარებდა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის თავისუფალი და დაცული გარემო იყო. ფაქტია, რომ იმ წლებსა და დღევანდელობას შორის განსხვავებაა.

როდესაც ერთ დღეში ოთხი-ხუთი ბიზნესმენი აცხადებს, რომ ის იჩაგრება და სხვა პრივილეგირებულია, ეს აჩვენებს, რომ სახიფათო სიგნალები გაჩნდა, და თუ ამას არ მოევლო, შესაძლოა, მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდეს...

შეიძლება ერთი რომელიმე ბიზნესმენი ამ გზით გადასახადებისგან თავის დახსნას ცდილობდეს, მაგრამ როდესაც ეს დომინოს პრინციპით იწყებს მოქმედებას, ცხადია, უნდა აშფოთებდეს საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც. კარგია, რომ ფინანსთა სამინისტრომ შიდა მოკვლევა დაიწყო "ფრესკოს" დამფუძნებლის განცხადების პასუხად. ეს უფრო ჯანსაღი რეაქციაა, ვიდრე ის ირონიული ღიმილი, უკბილო ხუმრობები, სოციალურ ქსელებში ტროლების გამოყენება, ბიზნესმენთა დაცინვა და ვითარების ვითომ გაბიაბრუება, რითაც ხელისუფლებას ფონს გასვლა გაუჭირდება...

თუ ხელისუფლება ხელების გადაგრეხის პოლიტიკას აირჩევს, ძალიან მეეჭვება, ამის რესურსი ჰქონდეთ. ამაში "ქართულ ოცნებას" საკუთარი დეპუტაციის ნაწილიც კი არ გაჰყვება.

არადა, დღეს "ქართულ ოცნებას" დიდი არჩევანი არა აქვს. მას 2020 წლამდე სიარული მხოლოდ ორი გზით შეუძლია - ან რეფორმები, რომლებსაც ძლიერი ხელი გაატარებს, ანაც ხელის გადაგრეხის პოლიტიკა, რომელსაც ასევე ძლიერი ხელი დასჭირდება, მაგრამ - რეფორმების გარეშე.

ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა სწორედ რეფორმებს ელოდება და თუ მმართველ პარტიაში ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ, გამოდის, ხელების გადაგრეხის პოლიტიკა აურჩევიათ...

ძალიან არ მინდა, რომ პროცესები ამ გზით წავიდეს. როგორც გითხარით, ეს უფრო დიდ ქაოსს გამოწვევს და "ქართული ოცნების" რღვევის პროცესიც უფრო გაღრმავდება. დღეს ისევ ბევრი დეპუტატია უმრავლესობაში, რომლებსაც მოსამართლეებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია არ გამოუხატავთ. სხედან გასუსულები სანგარში და იცით, რატომ? უარს ამბობენ ხელისუფლების პოზიციის დაცვაზე, თუმცა სხვა სანგარში გადანაცვლებისგანაც ჯერჯერობით თავს იკავებენ...

- რას ფიქრობთ მმართველი პარტიის გამოცხადებულ გეგმაზე, რომ "ქართული ოცნება" ახალი სახეების ძებნას იწყებს...

- აქ ერთი რამ არის საინტერესო - რა ფუნქციით აპირებენ ახალი ხალხის მოყვანას საკუთარ რიგებში - რეფორმატორების თუ რუპორების?

თუ ახალ სახეებს რუპორებად არჩევენ, დამერწმუნეთ, ძალიან ცოტას დაითანხმებენ. ირაკლი კობახიძისადმი საზოგადოების ანტიპათია მისი გარეგნობით კი არ არის გამოწვეული, არამედ მისი იდეებია მიუღებელი, რასაც ის დაუნანებლად აფრქვევს. ახალ ადამიანებს თუ იმიტომ არჩევენ, რომ ათით მეტი კობახიძე ჰყავდეთ, შედეგად საზოგადოების ათჯერ მეტ აგრესიას მიიღებენ.

სამწუხაროდ, ვერ ვხედავ მკაფიო ხაზს და რეფორმირებისთვის მზადყოფნას, საზოგადოებისკენ შემხვედრი ნაბიჯების სწრაფად გადადგმის სურვილს... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, არ იციან, რა უნდა გააკეთონ, რომ 2020 წელს ხელისუფლება შეინარჩუნონ...

ერთადერთი, რისი იმედიც მათ აქვთ, არის ოპოზიციის დაქსაქსულობა, მაგრამ ერთხელაც იქნება ეს დაქსაქსულობა დასრულდება.

კიდევ ერთი რამ არის სახიფათო "ქართული ოცნებისთვის" - იმ ბიზნესმენების კრიტიკული რიცხვი, ვინც ჩათვლის, რომ ოპოზიციის დაფინანსების გარდა სხვა გამოსავლი არა აქვთ.

ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია აქამდე საკუთარ მონაპოვრად თავისუფალ ბიზნესგარემოსა და თავისუფალ მედიას მიიჩნევდნენ. არ ვიცი, შეიძლება ახლა ზოგი მწარედაც ნანობს და ვიღაცას გაუჩნდა ილუზია, რომ შეძლებს და ამას შეზღუდავს... მათ ამის უფლებას არც საზოგადოება მისცემს და არც - დასავლელი პარტნიორები. ვიმეორებ: საკუთარ ხალხთან ბრძოლაში "ქართულ ოცნებას" თავისი დეპუტაციის მნიშვნელოვანი ნაწილიც კი არ გაჰყვება...

- რას ფიქრობთ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე? ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი გახარიას პრემიერობის შემთხვევაში, სწორედ ის დაიკავებს შს მინისტრის პოსტს... - მისი მინისტრობის პერსპექტივაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემობრუნების რამდენიმე მიზეზი ცხადია. მოგეხსენებათ, "ოცნება" დატოვა ე.წ. ძველების ნაწილმა, რომლებიც ასევე კონსერვატიულ ფრთას მიეკუთვნებოდნენ. ამ ფრთის წევრები, ვინც დარჩნენ მმართველ პარტიაში, არ ერიდებიან საკუთარი უკმაყოფილების ხმამაღლა გამოთქმას, შესაბამისად, სწორედ ამ ფრთის ე.წ. ძველების შესაკავებლად დააბრუნა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი სცენაზე. მან პარტიის შიგნით, ერთგვარად, დუღაბის როლი უნდა ითამაშოს. ამასთანავე, ის უნდა გახდეს მიზიდულობის ძალა იმ ძველი გვარდიისთვის, ვისი წყალობითაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები მოიგო, თუმცა, ვფიქრობ, "ქართული ოცნების" დაშლის პროცესის შეჩერება ძალიან გაძნელდება.

ღარიბაშვილის მოსვლით "ქართულ ოცნებას" მიეცა კარგი შანსი, ყველაფერი დაეწყო თეთრი ფურცლიდან. იმედი მქონდა, რომ "ოცნება" ჩამოიფერთხავდა ე.წ. მოსამართლეთა კლანის თემას და ამას კობახიძეს "შეატოვებდა". ვფიქრობდი, რომ ღარიბაშვილი გამოვიდოდა, როგორც ძველი ღირებულებების დაბრუნების ლიდერი, რომელიც იტყოდა, რომ ნამდვილი, ღირსეული, პირველი ფორმაციის "ქართული ოცნება" ირჩევს სასამართლო რეფორმას და უარს ამბობს "ნაციონალური მოძრაობისგან" მემკვიდრეობით მიღებულ მოსამართლეებსა და სასამართლო სისტემაზე. ეს იყო ძალიან კარგი შანსი "ოცნებისთვის", რაც არც უკან დახევად ჩაეთვლებოდათ, თუმცა ასე არ მოხდა. დასანანია...

ამიტომაც ჩემთვის უფრო ბუნდოვანი გახდა, რა მიმართულებით ივლის "ოცნება" და ხედავს თუ არა ის რეფორმების აუცილებლობას. იმედი ვიქონიოთ, რომ ხედავს, თუ არადა, ვფიქრობ, ოპოზიცია გამონახავს რაციონალურ გზებს ხელისუფლების ირაციონალურობასთან გასამკლავებლად. სხვა შემთხვევაში ქვეყანა უფრო დიდ ქაოსში ჩაიძირება.