"ოცნებისთვის" გამოწვევა იქნება, თუ ბიზნესმენები ოპოზიციისკენ მიმართევენ საკუთარ ფინანსურ რესურსს" - კვირის პალიტრა

"ოცნებისთვის" გამოწვევა იქნება, თუ ბიზნესმენები ოპოზიციისკენ მიმართევენ საკუთარ ფინანსურ რესურსს"

„ქართულ ოცნებას“ თუ გამოეცალა იმიჯი, რომ მისი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფლად სუნთქვას, „ოცნება“ დამთავრდება, თუმცა ვფიქრობ, ამ კრიტიკულ ზღვრამდე საქმე მისული არ არის ,- ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაძიძემ, ბიზნესმენების მიერ ხელისუფლების მიმართ ბოლო დროს გამოთქმული პრეტენზიების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ექსპერტი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, მისი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფალია და თუ ეს ასე არ გაგრძელდება, მაშინ, ის საზოგადოებას თავს ბევრი სხვა რამით ვერ მოაწონებს.

ამასთან, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, „ოცნებისთვის“ გამოწვევა იქნება, თუ ბიზნესმენები ოპოზიციისკენ მიმართევენ საკუთარ ფინანსურ რესურსს.

„ქართული ოცნებისთვის“ ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რა თქმა უნდა, იქნება ის, თუ შეიქმნა კრიტიკული მასა იმ ბიზნესმენების, რომლებიც იფიქრებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მათ ბიზნესს განვითარება არ უწერია და აქედან გამომდინარე, იძულებულნი იქნებიან დაიწყონ ოპოზიციის დაფინანსება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა „ქართული ოცნებისთვის“ იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ბიზნესი შეავსებს დეფიციტს. ქართულ ოპოზიციას“ დღეს აქვს ორი უმნიშვნელოვანესი დეფიციტი ადამიანური და ფინანსური რესურსის. თუ კრიტიკული მასა ასეთი ბიზნესმენებისა ჩამოყალიბდება, რომლებიც თავისი ბიზნესის განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი დაიწყებენ ალტერნატიული პოლიტიკური ძალების დაფინანსებაზე ზრუნვას და ამდენად, სრული ფინანსური ვაკუუმის შევსება დაიწყება ოპოზიციურ ფლანგზე“-, განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ბიზნესმენები ღიად საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე და ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ, მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ ქვეყანაში არ არის ისეთი ვითარება, რომ ბიზნესის მიმართ ხელისუფლების მიერ მასობრივ ზეწოლაზე იყოს საუბარი.

"ამავდროულად, მინდა ისიც ვთქვა, რომ ჯერ ამ კრიტიკულ ზღვარზე „ქართული ოცნება“ არ მისულა. ის ჯერ არ არის საფრთხე ბიზნესისთვის. თუნდაც ის, რომ დღეს, ეს ბიზნესმენები“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან განსხვავებით, ბედავენ გამოდიან და ღიად გამოთქვამენ თავის პრეტენზიებს ხელისუფლების მიმართ, ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ჯერ ისეთი გარემო საქართველოში ბიზნესთან მიმართებაში ნამდვილად არ არის, რომ ამას ვუწოდოთ ხელისუფლების მასობრივი ზეწოლა ბიზნესზე. ამას ადასტურებს სწორედ ის, რომ ამ ბიზნესმენებს არ აქვთ შიში თავისი პრეტენზიების თავისუფლად გამოთქმის. აქედან გამომდინარე, კრიტიკულ ზღვარს არ მიუღწევია „ოცნების“ ბიზნესთან დამოკიდებულებას“,- აღნიშნა ლაგაზიძემ.

ექსპერტი „ქართულ ოცნებას“ ორ რჩევასაც აძლევს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება რაციონალურ არჩევანს გააკეთებს.

„ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს ორ რამეს - ერთი ის, რომ ბიზნესის თავისუფლება მათთვის ნამდვილად არის ის მთავარი მიღწევა, რომელსაც თუ ხაზს გადაუსვამენ, ასეთ შემთხვევაში ბევრი საამაყო და შესათავაზებელი საზოგადოებისთვის მართლაც აღარაფერი ექნებათ და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ზოგადად, თავისუფალი ბიზნესგარემო საქართველოში შენარჩუნდება. მეორე კი არის ის, რომ თუ ბიზნესი იგრძნობს, რომ მათთვის შეუძლებელია ამ გარემოში ბიზნესის კეთება, რა თქმა უნდა, ისინი ალტერნატიული გზების ძებნას დაიწყებენ. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მაინც რაციონალურ არჩევანს გააკეთებს და თავისუფალ ბიზნესგარემოს შეინარჩუნებს“,- განაცხადა ექპერტმა.

ამასთან, ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლითაც ისინი ბიზნესს გარკვეულწილად ემუქრებიან.

„კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ასე ვთქვათ ბიზნესს მაინც „ქართული ოცნების“ წიაღისკენ უბიძგებს არის, მაგალითად, გუშინდელი განცხადება იგივე გიგი უგულავასი, რომლითაც ის ირაკლი იაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსების დაუფარავი აგრესია ბიზნესის მიმართ არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ბიზნესს სურვილს უკარგავს რომ ოპოზიციის დაფინანსებაზე იფიქროს. ხელისუფლებაში არმყოფი პოლიტიკოსები რომ ასე იმუქრებიან და იქ ფრაზა იყო დაახლოებით ასეთი - ვინც ტარაკნებივით ბზუის სასტიკად გავუსწორდებითო, ხელისუფლებაში არმყოფი რომ ასე ემუქრება ბიზნესს, იოლი წარმოსადგენია ხელისუფლებაში რომ დაბრუნდება რა ელოდება. ეს ყველაფერიც „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ჯერ ნამდვილად არის შენარჩუნებული ისეთი გარემო, რომ სტატისტიკურ ბიზნესმენს შიში „ქართული ოცნების“ პირობებში საკუთარი ბიზნესის განვითარების არ ჰქონდეს“,- აღნიშნა ლაგაზიძემ.

ექსპერტი ხელისუფლებას მოუწოდებს ბიზნესმენის განცხადებები, რომლებიც ბოლო პერიოდში გაჟღერდა, პასუხგაუცემელი არ დატოვოს.

„ვფიქრობ, ცალკეული განცხადებები, რაც მოვისმინეთ ბიზნესმენებისგან „ქართული ოცნების“ მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. თუ „ოცნებამ“ ბიზნესმენების განცხადებებზე რეაგირება არ მოახდინა, მთიდან დაგორებული ლოდის პრინციპი ამოქმედდება. თუ „ოცნებას“ გამოეცალა იმიჯი, რომ მისი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფლად სუნთქვას, ამასთან ერთად „ოცნება“ დამთავრდება. ყველა მსგავს შემთხვევას ხელისუფლებამ უნდა მოუძებნოს ძალიან რაციონალური, ოპერატიული ახსნა“,- განაცხადა ლაგაზიძემ.