"არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ" - ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან
"არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ" - ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან
ფოტო:მამუკა ხაზარაძე
"ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი. ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება"

ტერმინი "ორკესტრირებული შეტევა", რომელიც მამუკა ხაზარაძემ თავის დროზე მისი საწინააღმდეგო ქმედებების შესაფასებლად გამოიყენა, ხელისუფლებამ ახლა უკან შეუბრუნა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სწორედ რომ ორკესტრირებული უწოდა შს მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სკანდალურ წერილთან დაკავშირებულ ბრალდებას. მეტიც, ახლა "ქართული­ ოცნება" ერთხმად აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე "თიბისი ბანკის" საქმის გადაფარვას სხვა თემების აქცენტირებით ცდილობს. "თიბისი ბანკის"
ერთ-ერთ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- "ქართული ოცნების" ლიდერები აცხად­ებენ, რომ თქვენ "თიბისი ბანკის" საქმის გადა­ფარვას ანაკლიის პორტის თემით ცდილობთ, რეალურად კი ამ პროექტს საფრთხე არ ემუქრება.

- სამწუხარო კომენტარებს ვისმენ.ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხალხის რჩეულები, მნიშვნელობა არა
აქვს, რომელი პარტიიდან არიან, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე აკეთებენ შეფასებებს და არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას. ის, რაც მე საპარლამენტო ტრიბუნაზე გულახდილად ვთქვი, ყველა ის პუნქტი, რომლებიც ჩამოვთვალე, მათ შორის მუქარის წერილი, თუ გულისხმობს იმას, რომ ეს პოლიტიკაა, მაშინ კითხვა მაქვს: სად უნდა შეწყდეს სიმართლის თქმა? მოვყევი ის, რაც თავს გადამხდა და გავაპროტესტე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და შესაბამისად, არაფერს და არავის ამოვფარებივარ. თქვენ ნახეთ, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადავდექი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დამეცვა დეპოზიტორების, კლიენტებისა და ინვესტორების უფლებები იმ შემოტევებისგან, რომელსაც ბანკი განიცდიდა. ცნობილია, როგორ იზარალეს ბანკის ინვესტორებმა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ორი განცხადების (პროკურატურა. - ავტ.) შედეგად.

- ბანკიდან წამოსვლის შემდეგ საჯარო წერილში აღნიშნეთ, რომ ახლა დიდ ყურადღებას დაუთმობთ ანაკლიის პორტს, თუ დაგცალდათ. დავაზუსტოთ: დღეს დგას ასე საკითხი, რომ მამუკა ხაზარაძე უნდა წავიდეს ანაკლიის პორტიდან?
- ამ კითხვაზე პასუხი იმ შეფასებებშია, რომლებიც ძალიან მაღალი თანამდებობის პირებისგან მოვისმინეთ. პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, აშენდება პორტი თუ არა, რომ თითქოს რაღაც ვადა გაგრძელდა და ა.შ. მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ ლაპარაკი არ არის სამშენებლო პროცესის გადავადებაზე, ლაპარაკია ბანკებთან ფინანსური საკითხების დახურვის გადავადებაზე და კონკრეტულად 400 მილიონ დოლარზე. ბანკებთან მოლაპარაკება ერთ წლის წინ უნდა დაგვესრულებინა.

მიუხედავად იმისა, რომ 6 თვით გადაიდო, ჩვენი რისკით პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტირება მოვახდინეთ (ეს ინვესტორების ფულია. ანაკლიის პორტის ინვესტორები არიან მსხვილი ამერიკული კომპანიები SSA MARINE, "კონტი ჯგუფი" და ასევე, საერთაშორისო კომპანიები ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან), უზარმაზარი სამუშაო ჩავატარეთ და სამშენებლო პროცესი ერთი დღითაც არ გაჩერებულა, ზუსტად მივყვებით იმ გეგმას, რომელიც წარვუდგინეთ სახელმწიფოს. ჩვენ რომ დავლოდებოდით ბანკებისგან დაფინანსების მოზიდვას, მაშინ პორტის გახსნა, მინიმუმ, წლინახევრით გადაიდებოდა.
რატომ მოხდა ეს? მართალია, ჩვენ ანაკლიის პროექტის რეალიზების უფლება მოვიპოვეთ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის დროს, მაგრამ თითქმის ორი წელი დაგვჭირდა სახელმწიფოსთან კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად. ბოლოს მოვაწერეთ იმ კონტრაქტს ხელი, რომელსაც მოვაწერეთ, რადგან მეტად დროის გაჭიანურებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ან უარი უნდა გვეთქვა, ან დავთანხმებულიყავით იმ იმედით, რომ თუ ამ პროექტს ბანკები მიიღებდნენ დასამუშავებლად, ისინი თავად დაუბრუნდებოდნენ კონტრაქტში არსებულ იმ 8 პუნქტს, რომლებიც ჩვენ წინასწარვე ვიცოდით, რომ მათთვის არ იქნებოდა მისაღები. სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა. სახელმწიფოსთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩვენ, როგორც კონსორციუმი, არანაირ ცვლილებას არ ვითხოვთ, ცვლილებებს ბანკები ითხოვენ.
ასეთია მათი საერთაშორისო გამოცდილება.

- კონკრეტულად, რა ცვლილებას ითხოვენ და ეს ხომ არ შეცვლის თამაშის წესებს?
- ახლა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ბანკები (ოპიკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკი) ითხოვენ სახელმწიფო გარანტიას. საკითხი ასე არ დგას. ლაპარაკია ე.წ. ტრაფიკრისკზე, რაც ნიშნავს, რომ პორტის აშენების დროს სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაყვანილი რკინიგზა და გზა (პორტი სხვა ინფრასტრუქტურისგან განცალკევებულად არ მუშაობს). სამწუხაროდ, შარშან სამჯერ ან ოთხჯერ ჩავარდა ინფრასტრუქტურის პროექტირების ტენდერი.

ბანკებს ეჭვი ეპარებათ, რომ პორტის მშენებლობის პარალელურად მოესწრება 18 კილომეტრი გზის გაყვანა. ამიტომ ამბობენ, თუ ჩვენ ამ რისკს ვიღებთ, თქვენ აიღეთ ვალდებულება დანარჩენ ინფრასტრუქტურულ რისკებზეო. ლაპარაკია მხოლოდ პროცენტის დაფინანსებაზე და არა მთლიანად 400 მილიონზე. მეორე მხრივ, ყველა კვლევის მიხედვით, ტვირთი იმაზე მეტია, ვიდრე პირველ ფაზას სჭირდება. უბრალოდ, ლაპარაკია პირველ ორ-სამ წელიწადზე, სანამ ბაზარზე ყველაფერი დალაგდება. სწორედ ამას ითხოვენ ბანკები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საკითხია.

- ამ ეტაპზე სახელმწიფოს დახარჯული აქვს თუ არა თანხა ანაკლიის პორტზე და თუ აქვს, რამდენი?
- პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის 0. რაც შეეხება 100 მილიონს, ეს ძვირად ღირებული სუბორდინირებული სესხია, რომელსაც კონსორციუმი მიიღებს პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ.

- პარალელურად ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებაზეა საუბარი. იქაც ოპიკია (კერძო ინვესტიციების საერთაშორისო კორპორაცია) ჩართული. შეიძლება ვთქვათ, რომ კონკურენტი გამოუჩნდა ანაკლიის პორტს?
- მაშინ ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით: ყველაზე მთავარი პორტის საქმიანობაში ოპერატორი კომპანიის მოძიებაა. ჰოლანდიელებმა, რომლებიც ჩვენი კონსულტანტები არიან ამ პროექტში, საერთაშორისო ტენდერი ჩაგვატარებინეს და გამოვავლინეთ გამარჯვებული - სინგაპურის პორტის ადმინისტრაცია, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში. მათთან მოვილაპარაკეთ, პროექტი მოეწონათ, ინვესტიციაზე აიღეს ვალდებულება, ჩაატარეს დიუ-დილიჯენსი (საინვესტიციო ობიექტის დეტალურად შესწავლა რისკების თავიდან ასაცილებლად. - ავტ.) და ბოლოს თქვეს, რომ სჭირდებათ 5-წლიანი ექსკლუზივი. ამ პერიოდში სხვა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა არ იქნებოდა გაცემული (აქ არ იყო ლაპარაკი არსებული პორტის გაღრმაწყლოვანებაზე).
მთავრობას მაშინ ჩვენ ბევრი მაგალითი წარვუდგინეთ, როცა ახალი პორტის მშენებლობისას ძველი პორტის მფლობელი კომპანია იწყებს პიარსვლებს, რაში გჭირდებათ ახალი პორტი, როცა შემიძლია უკვე არსებულის გადაიარაღება მოვახდინოო. ხშირად ასეთ დროს აღარც ახალი პორტი შენდება, რადგან ინვესტორს ამ პირობებით ვეღარ იზიდავ და აღარც ძველის გადაიარაღება გამოსდის, საბოლოოდ კი ასეთი ქვეყნები პერსპექტივის გარეშე რჩებიან. თუმცა მაშინ მთავრობამ ამაზე გვიპასუხა, რომ ეს იქნებოდა კონკურენციის შეზღუდვა და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ჩვენს პორტებში ოპერირებენ, ამის გამო შეეძლოთ ხელისუფლებისთვის ეჩივლათ. მოკლედ, ბევრი საუბრის შემდეგ ჩვენ მიერ შერჩეულმა პორტის ოპერატორმა მოითხოვა, რომ სახელმწიფოს 600 მილიონიდან 200-ის თანაინვესტირება მოეხდინა. ამ საკითხზე შევხვდი ბიძინა ივანიშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს. შევთანხმდით, რომ სახელმწიფო გამოყოფდა 100-მილიონიან საკრედიტო ხაზს, რომელსაც საპარტნიორო ფონდი მოიზიდავდა გარედან, ეს არ იქნებოდა ბიუჯეტის თანხა, და გვასესხებდა ჩვენ. თუმცა შერჩეული ოპერატორი კომპანიისთვის ეს პირობა მისაღები არ გამოდგა. აი, აქ კი აღმოვჩნდით ვაკუუმში და ამ დროს გამოჩნდა SSA MARINE - ცნობილი და სერიოზული კომპანია, რომელიც ჩვენი ოპერატორი გახდა.
ფოთში ერთ-ერთი ტერმინალის 12 მეტრით დაღრმავება არ ნიშნავს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას.

- მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ისე გამოდის, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტი შენდება. თქვენი აზრით, დღეს ამ საკითხის წინ წამოწევა დამთხვევაა თუ კონკრეტული მიზანი აქვს?
- ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს. თვითონ იმ ბანკირებსაც, რომლებიც ფოთის პორტსაც აფინანსებენ და ჩვენთან მუშაობენ, ცოტა არ იყოს, გაუკვირდათ, როცა ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებაზე პრესრელიზები ნახეს. 50 მილიონად პორტი ვერ აშენდება. მე მივესალმები ნებისმიერი ბიზნესის გადაიარაღებას, მაგრამ როცა ბუზისგან სპილო იქმნება იმიტომ, რომ რაღაც გადაიფაროს, ეს უკვე სხვა თემაა.
ამის მიზანი იმ აზრის დამკვიდრებაა, თუ ანაკლია არ აშენდება, აგერ ფოთიც შეასრულებს ამ ფუნქციასო. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა: ფოთის პორტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ანაკლიას აკისრია. ბანკებმა რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე პირდაპირ დასვეს საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირდაპირ და მკაფიოდ გვითხარით ყველაფერი ფოთის პორტზეო.
სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი პუნქტია ზემოთ ხსენებული რვიდან. არ შეიძლება თან ანაკლიას აშენებდე, თან ასე აპიარებდე ფოთის პორტს, ახალ პორტს ვაშენებთო. ეს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე პირდაპირი დარტყმა და დაკნინებაა.

- და თქვენი აზრით, ვინ დგას ამის უკან?
- იქით გკითხავთ: თქვენი აზრით, რატომ დაიწყო ასე ინტენსიურად შემოტევა "თიბისისა" და ჩემზე რაღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე?

- ანუ, თქვენი აზრით, ამ პიარკამპანიის უკან ის პირები დგანან, რომლებიც თქვენ ორკესტრირებულ შეტევაში დაადანაშაულეთ? ვინ არიან ისინი?
- იმდენი მხრიდან გვიტევენ, რომ ეს მართლაც ორკესტრირებულია. სახელმწიფოს ხელმძღვანელებისგან კი, ნაცვლად იმისა, პროკურატურას მიმართონ საქმის დროულად გამოსაძიებლად ან დასახურად, პასუხად იმ წერილის გაშარჟება მივიღე, რომელიც მივიღე და ეს გულწრფელად ვთქვი. არაფრის გადაფარვის და არც პოლიტიკურ დებატებში ჩაბმის სურვილი არა მაქვს. მარტო წერილზე ხომ არ ვთქვი? განვაცხადე კიბერშეტევაზე, ჩვენს ორგანიზაციაში ერთდროულად ოთხი უწყების შემოსვლაზე, ფულის გათეთრების შესახებ აბსურდულ ბრალდებაზე... თუმცა არც ერთ საკითხზე რეაგირება არ მომხდარა. არავინ მოსულა, არავის უნახავს ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის თუ ჩვენი აუდიტის დასკვნა და ეროვნული ბანკის შემოწმების აქტი. ასეთ ვითარებაში რა უნდა ვიფიქრო? დამთხვევაა? ჩემი აზრით, არ არის დამთხვევა.

- "ქართული ოცნების" ცნობილი შეხვედრა მინდა გავიხსენო, რომელზეც, ოფიციალური ინფორმაციით, "იუნისეფის" კვლევას განიხილავდნენ. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მაშინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ მან თქვენ მონოპოლიური მდგომარეობა შეგიქმნათ ანაკლიის პორტის პროექტში. გსმენიათ ამის შესახებ?
- მსმენია, რომ ჩემი სახელი რამდენჯერმე ახსენეს. ისიც გავიგე, თურმე რუსთაველზე დემონსტრაციებს ვაფინანსებდი. აბსურდული ბრალდებები და ჭორაობა იყო. არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში, თუ არ ჩავთვლით იმ განცხადებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გავაკეთე. ისიც იმიტომ, რომ როდესაც ამხელა რაღაც აგორდა ჩემს წინააღმდეგ და ელაპარაკები სახელმწიფოს, თან ამდენი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, იქნებ რაღაცნაირად გადამეგორებინა.

- მუქარის წერილში, რომელიც, თქვენი თქმით, გიორგი გახარიამ შუამავლის ხელით გამოგიგზავნათ, ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ თქვენ მეორე ტურის წინ "ნაციონალების" რევანშის საფრთხეზე უნდა გესაუბრათ. დავაზუსტებ: თქვენ მუქარის წერილის ერთ-ერთი პირობა შეასრულეთ თუ მართლაც გულწრფელად ფიქრობდით რევანშის საფრთხეზე?
- იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერ. გულწრფელი ვიყავი. ერთი მხრივ, ყოფილი ლიდერი გაკულაკებით გვემუქრებოდა, მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა. იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა "ნაციონალების" დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ.

- თუ მუქარის წერილის ავტორმა ნახა, რომ თქვენ მოთხოვნის ერთ-ერთი პუნქტი შეასრულეთ, არ იფიქრებდა, რომ დანარჩენი პუნქტების შესრულებაზეც თანახმა იყავით?
- არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. როგორც კი წავიკითხე წერილი, რომელიც მივიღე, იმავე საღამოს დავწერე ზემოხსენებული განცხადება.
მივხვდი, რომ არჩევნის წინაშე მაყენებდნენ და რაღაც უნდა გამეკეთებინა, დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, არც გამივლია თავში, რომ რომელიმე ტელევიზიის საქმიანობაში ჩავრეულიყავი, მივსულიყავი ავთო წერეთელთან და მეთქვა, იცი, მე პრობლემები მაქვს პროკურატურასთან და ამიტომ შენზე ზეწოლა უნდა მოვახდინო-მეთქი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რატომ იყვნენ ასე დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებდი, არ ვიცი. ეტყობა, ეჭვობენ, რომ "ტვ პირველთან" რაღაც კავშირი მაქვს.

- საერთოდ არანაირი კავშირი არ გაქვთ?
- არა. იმ ყველაფრიდან, რომელზეც მე ვისაუბრე (იგულისხმება პარლამენტში გამართული საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. - ავტ.) პროკურატურაში მხოლოდ წერილის საკითხზე დამიბარეს, რომლის შესახებ წინა, დეკემბერში მიცემული ჩვენებისას მაქვს ნათქვამი, რომ მუქარის წერილი მომივიდა, მაგრამ შეგნებულად არ გამახვილებულა ყურადღება. მეორედ რომ გამომკითხეს, იგივე ვთქვი. თქვეს, ფარატინა ქაღალდიაო. აბა, წერილი რა ფორმით უნდა ყოფილიყო დაწერილი?!

- პირველი დაკითხვისას თქვენ უთხარით გამომძიებელს, რომ მუქარის წერილი გიორგი გახარიასგან მიიღეთ?
- არა.

- კი მაგრამ, რატომ?
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, როგორ იქნებოდა მათი რეაქცია: როდესაც პროკურატურას ეუბნები, რომ ხარ ორკესტრირებული შემოტევის ობიექტი, იღებ მუქარის წერილს და კითხვას არ გისვამენ... ამიტომ ეს მე შემდგომისთვის დავიტოვე.

- კოზირად?
- მე არავის ვეთამაშები. ვამბობ იმას, რაც არის. მთავარი საკითხი (პირველი დაკითხვისას. - ავტ.) იყო ფულის გათეთრების თემა და ამიტომ იმაზე ვიყავი კონცენტრირებული. მეორედ გამოკითხვისას პროკურატურაში მკითხეს, ეს წერილი ვინმეს თუ გააცანიო. მე ვუთხარი, ჩემს ორ თანამშრომელს-მეთქი. დაინტერესდნენ, არჩევნების მეორე ტურის წინ გავრცელებული განცხადება როდის დაწერეო. ვუთხარი, როგორც კი მუქარის წერილი მივიღე, დავიწყე განცხადების წერა, რომ მეორე დღესვე გამევრცელებინა. ამასთან, მუქარის წერილი გავაცანი ბიზნესასოციაციის წევრებს და დავუსახელე მათი ვინაობა-მეთქი. ამის შემდეგ მეორე დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს და ამ საკითხს სვლა არ მიეცემა. ეს ნორმალურია?!

- პროკურატურა და "ოცნების" წარმომადგენლები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ თქვენ არ ასახელებთ შუამავალს, რომელიც დაადასტურებდა, გახარიამ წერილი მას უშუალოდ თქვენთვის გადმოსაცემად რომ გამოატანა.
- თუ არ მექნება თანხმობა ამ ადამიანისგან, ამას არ გავაკეთებ. გამოვიყენე კანონით მინიჭებული უფლება და ის ვერ ჩავაყენე უხერხულ მდგომარეობაში.

- "რუსთავი 2"-ის ვერსიით, შუამავალი ბადრი ჯაფარიძე იყო.
- კიდევ ერთხელ გეუბნებით, ახლა ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. თუ რამეს ვამბობ, ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. დაველოდოთ ექსპერტიზასა და მოვლენების განვითარებას.

- მუქარის წერილი ლონდონის ექსპერტიზის ბიუროში გაქვთ გაგზავნილი. გაქვთ იმედი, რომ რეალური ავტორის ვინაობას დაადგენენ, მაგალითად, იპოვიან გახარიას თითის ანაბეჭდებს?
- მარტო თითის ანაბეჭდებზე არ არის ლაპარაკი, ექსპერტიზა ბევრ რაღაცას იტყვის. დაველოდოთ შედეგს.

- თქვენ თქვით, გამიკვირდა, გახარიასგან წერილი რომ მივიღეო...
- ნამდვილად გამიკვირდა. ბოლო რვა თვის განმავლობაში არც ერთ თანამდებობის პირთან ურთიერთობა არ მქონია. წერილიც მივწერე, დასკვნებიც გავუგზავნე და არავინ შემხმიანებია.

- სანამ ეს რვათვიანი პერიოდი დაიწყებოდა, მანამდე გქონდათ კომუნიკაცია გახარიასთან?
- არა.

- თქვენი აზრით, რატომ გამოგიგზავნათ წერილი უშუალოდ შს მინისტრმა?
- არ ვიცი, შიგნით როგორ აქვთ ეს ამბავი დალაგებული.

- მუქარის წერილში ანაკლიის პორტი არ არის ნახსენები...
- როდესაც უსამართლოდ გიშვებენ იმ ბანკიდან, რომელსაც 27 წელი აშენებდი, როდესაც თეთრი ძაფით შეკერილი საქმის შესახებ პროკურატურის პრესკონფერენციის ფონზე ეროვნული ბანკი იღებს გაუგებარ გადაწყვეტილებებს, ყველაფერს უნდა ელოდო.
შავი პიარის ფონზე ეროვნული ბანკი მეუბნება, უნდა გადადგე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან და ამ დროს მიგზავნის წერილს, სადაც წერია, მათი კომპეტენციის ფარგლებში ფულის გათეთრების კრიმინალური ფაქტი არ დასტურდება და პრეტენზია ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება. როცა ვუთხარი, ამ წერილის გასაჯაროება მინდა-მეთქი, მიპასუხეს, არა, შენ უნდა წახვიდე "თიბისიდან", წერილს კი ბანკს მივცემთ, რომ გააგრძელოს მუშაობაო. ეს არ არის შანტაჟი?! შეიძლება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ასეთი ენით ილაპარაკოს?! რატომ არ აკეთებენ ოფიციალურ კომენტარს, იყო თუ არა ფულის გათეთრება?!

- კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: თქვენ ვინმემ პირდაპირ გითხრათ, რომ უნდა დატოვოთ ანაკლიის პროექტი?
- არა. ასეთი რამ არ თქმულა. თუმცა არის კითხვა: რატომ დაინტერესდნენ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციით იმ დროს, როდესაც ანაკლიის თემა ბოლო ფაზაშია? რატომ შემოვარდა ოთხი უწყება ჩვენს ორგანიზაციაში ზუსტად მაშინ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან?

- არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ ჯერ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც თქვენ გაიმარჯვეთ და შემდეგ ჩაიწერა ანაკლიის პორტის შესახებ კონსტიტუციაში. მოკლედ, არის მოსაზრება, რომ თქვენ ანაკლიის პროექტში უკონკურენციოდ ჩაერთეთ...
- კონსტიტუციაში ეწერა ლაზიკა და შემდეგ შეიცვალა ანაკლიით. რაც შეეხება ვითომდა უკონკურენციობას, ეს ტყუილია - 12 საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა კონკურსში. ბოლოს დავრჩით ჩვენ, ამერიკელებთან ერთად, და ჩინური კომპანია. მე ვარ ბიზნესმენი და როცა დავინახე, რომ შეიძლება სინერგია მოხდეს, მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, რომ ჩვენ და ამერიკელები ჩინელებთან გავერთიანებულიყავით. თუმცა ამ შეთავაზებაზე პასუხიც არ გამცა ჩინურმა მხარემ და ბოლოს ჩვენ გამოვცხადდით გამარჯვებულად. ანაკლიაზე ატეხილ ხმაურს ერთი დადებითი შედეგი ის მოჰყვა, რომ მგონი, ყველამ გაითავისა, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის.

სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე სამი კვირით ადრე, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ანაკლიასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. მას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მაია ცქიტიშვილი და მეც. შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს აღარავინ შეუშლიდა. სამი კვირის შემდეგ კვირიკაშვილი მოხსნეს...

- რა მოხდა ამ სამ კვირაში? თუნდაც კულუარებში არ გიცდიათ ამის გარკვევა?
- არა ვარ ის ადამიანი, რომ კულუარებში რაღაცები ვარკვიო.

- ანუ ხელისუფლებასთან არ გქონიათ კულუარული ურთიერთობა სხვადასხვა საკითხზე. სხვათა შორის, როდესაც პროკურატურამ იანვარში გააკეთა განცხადება ზემოხსენებულ ტრანზაქციაზე, ამას მოჰყვა ხანგრძლივი პაუზა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თქვენ კულუარულად ცდილობდით ურთიერთობის დალაგებას.
- ვიმეორებ, კულუარულად არაფერს ვაგვარებთ. ბიზნესი არის ხელშეკრულების დადება, ნაკლები დანაკარგით სიარული და ასე ვმოქმედებთ 29 წლის განმავლობაში... სხვათა შორის, თავის დროზე, ასეთი ბრალდებებით შეუტიეს "ქართუსაც". მაშინ მისი ადვოკატი შალვა თადუმაძე იყო და როდესაც არქივი ვნახე, მეგონა, ჩემი ადვოკატი ლაპარაკობდა. დღეს ეს ადამიანი მთავარი პროკურორია. რასთან გვაქვს საქმე? არაფერი შეცვლილა?!

- თქვენ პარლამენტში გამოსვლისას ახსენეთ ერთ-ერთი შეხვედრა, რომელზეც დასწრებასაც ნანობთ. ლაპარაკია ბიძინა ივანიშვილთან თქვენი, ბადრი ჯაფარიძისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრაზე. თავად "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ამ შეხვედრის შემდგომ ჩხარტიშვილმა თქვენთან სასამართლო დავა შეწყვიტა. იქნებ გვიამბოთ შეხვედრის დეტალების შესახებ.
- მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა თქვა, ჰკითხეთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, რა ხდებოდა შეხვედრაზეო, მაინც ვფიქრობ, რადგან მან დაიწყო საუბარი, აჯობებს თავად მოჰყვეს, რატომ შედგა შეხვედრა და ვინ ესწრებოდა მას.

- ივანიშვილის თქმით, თქვენი ინიციატივით შედგა შეხვედრა.
- ასე არ ყოფილა.

- მისივე თქმით, ჩხარტიშვილმა 100:0 მოგიგოთ.
- არ ვიცი, კალათბურთი არ მითამაშია. მოვა დრო და თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი. იმდენ საკითხზე ვილაპარაკე და არაფერზე პასუხი არ მიმიღია. პოლიტიკოსები მაბრალებენ, რომ თურმე რაღაცების გადაფარვას ვცდილობ. რას ნიშნავს გადაფარვა?! მოვყევი ის, რაც გადამხდა და გინდა ენკი-ბენკი დაარქვან, გინდ წერილი თუ სიხარული. ასეთ არასერიოზულ თემებზე სურთ ყურადღების გადატანა. ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია და ვერაფერს მიაჩუმათებენ. არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ: ან დაადგინონ ჩემი ბრალეულობა, ან შეწყვიტონ საქმე. ამ ყველაფერმა სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი. ამაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომელიღაც შეხვედრას ვინ ესწრებოდა.

- თუმცა საზოგადოებას აინტერესებს, ას­ეთ შეხვედრებზე წყდება, ვინ ვის უნდა უჩივლოს და ვის არა?
- თვითონ ივანიშვილმა არ თქვა, დავსვი ორივე მხარეო?! ანგარიშის ნომერიც ჩაიწერა. უზარმაზარ დავაზე იყო ლაპარაკი. ჩვენ არარსებულ თანხაზე გვიჩიოდნენ და იქიდან დამადლებული გამომიშვეს.

- ივანიშვილმა განაცხადა, ხაზარაძეს წესიერად მადლობაც არ გადაუხდიაო.
- ზრდილობა არ მეშლება. მადლობა გადავუხადე, მეტი რა უნდა მექნა?

- ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ხომ არ გიბიძგათ, რომ პოლიტიკაში მოსვლაზე გეფიქრათ?
- არა და ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. სიმართლე არის სიმართლე! თუ ამას ვიღაც პოლიტიკას ეძახის, ეს შეფასება საერთოდ არ მაინტერესებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ უაპელაციოდ ატრიალებენ ამ 17 მილიონის თემას და თან არანაირი დეტალური ინფორმაცია არა აქვთ, თუ რა მოხდა რეალურად. აქცენტი იმაზე გადააქვთ, რომ მოსახლეობას უთხრან, აი, წაიღო 17 მილიონი და არ დაუბრუნებიაო. ასე არ არის, ხალხო! ჩვენ არავის ვალი არა გვაქვს, ყველაფერი გასტუმრებულია და კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგვიკეთებია. თუ ლაპარაკია იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც არასრულყოფილია - ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ჩვენ დავარღვიეთ ბანკთან დაკავშირებულ პირთა პროცედურა, ამასაც გავასაჩივრებდით, მაგრამ ბანკისთვის პრობლემები რომ აგვერიდებინა, იძულებული გავხდით ეროვნულ ბანკთან დავა შეგვეწყვიტა. ანუ, რასთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, ეროვნულმა ბანკმა დაამთავრა ჩვენთან ამ თემაზე საუბარი და თუ დაამთავრა, მაშინ რაზეა ლაპარაკი?! ამიტომ ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა. ახლა მიდის ინტენსიურად ლაპარაკი იმაზე, რომ მამუკა და ბადრი ცალკე არიან და "თიბისიში" ყველაფერი კარგადაა. ამბობენ, რომ ანაკლია დიდი პროექტია, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, ხოლო მამუკა და ბადრი დაქირავებული მენეჯერები არიან. დაქირავებული მენეჯერები და ბიუროკრატები თავად არიან. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც ნამყოფი არ არის ანაკლიაში, არც გემი უნახავს, არც ის სამუშაო, რომელიც ჩატარდა და შეფასებებს აკეთებს, რა ჰქვია ამას?! ოთხჯერ რომ ჩავარდა ანაკლიაში გზისა და რკინიგზის დაპროექტების ტენდერი, მილიარდი ლარი რომ ვერ აითვისა ქვეყანამ შარშან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეს რისი ან ვისი ბრალია?! ჩვენ ახალი სახსრები უნდა მოვიზიდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან და ამათ აგერ ანგარიშზე აქვთ თანხა ბიუჯეტში, ვერ ითვისებენ და ამ ადამიანებისგან გვესმის პრეტენზიები... ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი. ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება.

- ეს შეაფერხებს ანაკლიის პორტის მშენებლობას?
- რა თქმა უნდა. პირდაპირ გეუბნებით: ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ამხელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებასო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან.

არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია. როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და, ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპარაკება ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება, შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავაგრძელებო. სწორია, რომ ახლა მთელი ჩვენი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს, ფულის გათეთრება იყო თუ არა, როცა ერთ დღეში "გაარკვიეს", მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა.

ვიმეორებ: უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის შემოტევის მსხვერპლი ვართ. დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, თან გირტყას ადამიანმა და თან გითხრას, ფეხზე რატომ არ დგახარო.

- თქვენ "თიბისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან წახვედით და იქნებ მათ, ვისაც თქვენ ორკესტრირებულ შეტევაში ადანაშაულებთ, იმედი აქვთ, რომ ასევე თქვენი ნებით წახვალთ ანაკლიის კონსორციუმიდან?
- რას ნიშნავს წავალ? ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე. ხვალ შეიძლება მითხრან, რომ საქართველოდანაც წადიო.

- სხვათა შორის, ზაფხულიდან ვრცელდება მესიჯები, ხაზარაძეს დაიჭერენო.
- არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა?! ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?!

- ისე, გამორიცხავთ, რომ მართლაც დაგაკავონ?
- ამ სიტუაციაში მე არაფერს გამოვრიცხავ.

- გასაგებია, რომ ბევრი რამ არის საეჭვო ხელისუფლების ქმედებებში, მაგრამ ჩნდება ასეთი შეკითხვაც: ხომ შეიძლებოდა დივიდენდებიდან აგეღოთ ის 17 მილიონი, რომელსაც ახლა პროკურატურა გედავებათ?
- 2007 წელს ეროვნულმა ბანკმა აგვიკრძალა საკრედიტო პორტფელის ზრდა კაპიტალის ადეკვატურობის ნორმის დარღვევის გამო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მოგვცა რეგულატორმა საშუალება, რომ მოგვეძიებინა წყარო კაპიტალის შესავსებად და ერთი წელი ვიყავით გაჩერებული. ამ ერთ წელიწადში ჩვენ ორი გარიგება დავდეთ. ერთი ჩაგვიშალეს, მეორე გარიგება გავაფორმეთ ირლანდიურ ბანკთან AIB, JP Morgan-ისგან ვისესხეთ 60 მილიონი, 3 მილიონი ჩემი ფრანგი პარტნიორისგან, ხოლო 17 მილიონი ავთო წერეთლისგან, რომელსაც ჩვენთან საკრედიტო ხაზი ჰქონდა და რამე რომ გვქონოდა ჩაფიქრებული, იმდენი მაინც ვიცით, რომ დილით გამოტანილი სესხი საღამოს ჩვენს ანგარიშზე არ უნდა დამჯდარიყო, მაგრამ ძალიან ტრანსპარენტულად და გულწრფელად გავაკეთეთ ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ მოპირდაპირე მხარეს იყო 80 მილიონი დოლარის ოდენობის ხელშეკრულება­ AIB-თან,­ ასევე იყო ხელშეკრულება გაფორმებული, რომ ისინი 200-მილიონდოლარიანი ბანკის 20%-ს ყიდულობდნენ. ამასობაში მოხდა აგვისტოს ომი და ბანკს "ჩამოეკიდა" 200 მილიონის ვადაგადაცილებული სესხები, მათ შორის ავთო წერეთლის სესხიც. რა გავაკეთეთ ჩვენ: მე და ბადრის გვქონდა ბანკის 80%, 10% ჰქონდა IFC-ის და 10%-იც გერმანიის განვითარების ბანკს. ბანკი რომ შეგვემცირებინა, დაახლოებით 1500 კაცი უნდა გაგვეშვა და სისტემისთვის უნდა შეგვექმნა პრობლემა. ჩვენი 60%-ით გავქვითეთ ეს 200 მილიონი ლარის "ჩამოკიდებული" სესხები და ბანკი გავასუფთავეთ. შემოვიყვანეთ ახალი აქციონერები, რომლებთანაც ერთად მერე ამ წარმატებას მივაღწიეთ.

- თქვენ პროკურატურაში გამოკითხვისას თქვით, რომ არ იცოდით, ის 17 მილიონი ავთო წერეთელს რომ თქვენი ბანკიდან ჰქონდა კრედიტის სახით აღებული. რამდენად დამაჯერებელია ეს?
- ვიცოდი თუ არა, ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, უნდა გცოდნოდაო და მილიონი ლარით დამაჯარიმა. ამით ეს თემა ამოიწურა, მიუხედავად იმისა, რომ არა აქვთ დოკუმენტაცია, მე ვიცოდი თუ არა. რატომ უნდა მცოდნოდა, მილიარდნახევრიან საკრედიტო პორტფელში წერეთელს ვაძლევთ სესხს თუ არა. კიდევ კარგი, მას სესხი ჰქონდა აღებული, თორემ თავისივე ნავაჭრიდან რომ მოეცა ფული, მერე გემტკიცებინა შენ მისი წარმომავლობა. მიხვდით ხომ ეს ფული საიდან არის? ანუ მე ვიცოდი თუ არა, დღეს ეს კითხვა არარელევანტურია. ამისათვის ჩვენ მილიონი ლარით დავისაჯეთ. სად არის აქ ფულის გათეთრება? ეს კითხვაა ძალიან მნიშვნელოვანი, სხვა კითხვა არ არსებობს. მომჩივანი არ არსებობს, დაზარალებული არ არსებობს და ამ სიტუაციაში ჩვენ ვართ დაზარალებული. ჩვენ 80-დან 20%-ზე ჩამოვედით. ჩვენ დავზარალდით ამ ტრანზაქციებით. არა მარტო ამით, არამედ ყველა ტრანზაქციით, რომლებიც ომს მოჰყვა. ყველა ეს ტრანზაქცია არაერთხელ შემოწმდა: 2008 წელს შეამოწმა ეროვნულმა ბანკმა, იმავე წელს ამერიკულმა კომპანია "ფრაიზ უოთერ ჰაუზმა"," შემდეგ ყველა იმ აქციონერმა, რომლებიც ჩვენს ბანკში ჩვენი 60%-ის ნაცვლად შემოვიდნენ.

უფრო მეტს გეტყვით: ჩვენ სასამართლო ექსპერტიზის აუდიტი მოვითხოვეთ ლონდონში, რათა იმათაც შეამოწმონ ყველაფერი. ჩავაბარეთ ყველა ჩვენი ანგარიშის ამონაწერი, ჩემი პირადი და ბადრის პირადი ანგარიშის ამონაწერი, სად მივიღეთ თანხა, სად ჩაირიცხა. ყველაფერი ბოლო თეთრამდე ჩასულია ბანკის კაპიტალში, რომელიც გაქრა იმიტომ, რომ ბანკს 200 მილიონი ჩამოეკიდა და გარესაბალანსო ანგარიშზე გავიდა.
აი, ეს არის მთელი ამბავი და არანაირ ფულის გათეთრებაზე ლაპარაკიც არ შეიძლება.

- ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ორი მსხვილი ბანკი - "თიბისი" და "საქართველოს ბანკი" - "თამაშობს" სავალუტო კურსით და უზარმაზარ მოგებას იღებს, მოსახლეობა კი ზარალდება...
- ეს კრიმინალია და გამორიცხულია, მსგავსი რამ მოხდეს. ჩვენი ვალუტა თავისუფალ ვარდნაშია. ეროვნულ ბანკს უნდა ჰკითხოთ, რატომ ყიდულობს მაღალი კურსით იმ დოლარს, რომელსაც ჩვენი დიასპორა ყოველწლიურად გზავნის.

- "პროგრესბანკზე" მინდა გკითხოთ, ივანიშვილმა გთხოვათ, ის გეყიდათ?
- სწორედ ანაკლიასთან დაკავშირებით შევხვდით ივანიშვილს ურეკში. იქ პრეტენზია გამოვთქვი, თუ რატომ გვიშლიდა ეროვნული ბანკი ბანკ "რესპუბლიკის" ყიდვას. როცა მოველაპარაკე, ფრანგებისთვის ფასი მისაღები იყო და მაინც გვიბლოკავდნენ ამ გარიგებას. მაშინ ვიკითხე, რატომ არ გვეძლევა ქართველებს ყიდვის საშუალება-მეთქი. მიპასუხა, მართალი ხარო. ამას ის მოჰყვა, რომ მკითხა, "პროგრესბანკსაც" ხომ არ იყიდითო. შემდეგ რომ ვნახეთ, საყიდელი არ იყო, არ ვიყიდეთ, მხოლოდ რამდენიმე ჯანსაღი აქტივი შევიძინეთ. ჩვენ ჩვენი სურვილი დავიკმაყოფილეთ, რომ ბანკი "რესპუბლიკა" გვეყიდა.

გიორგი კვიტაშვილი
ემა ტუხიაშვილი
ედიშერი
12 მარტი 2019 00:55
სიბრიყვეა
2008
11 მარტი 2019 15:16
შანტაჟით და ტვინის არევით დანაშაულს ვერ გაექცევიან, დანაშაული იყო გასულ წლებში და ამას აღიარება სჭირდება და არა ხალხის შეწუხება.
რეზო
11 მარტი 2019 10:40
აბა ვნახოთ ბიძინა მოერევა თუ მამუკა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები