"კალათბურთი არ მითამაშია" - რას ამბობს ხაზარაძე ივანიშვილის განცხადებაზე, რომ მას ჩხარტიშვილმა 100:0 მოუგო - კვირის პალიტრა

"კალათბურთი არ მითამაშია" - რას ამბობს ხაზარაძე ივანიშვილის განცხადებაზე, რომ მას ჩხარტიშვილმა 100:0 მოუგო

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრაზე ილაპარაკა, რომლის თაობაზეც პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მასზე დასწრებას ნანობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან: - თავად "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ამ შეხვედრის შემდგომ ჩხარტიშვილმა თქვენთან სასამართლო დავა შეწყვიტა. იქნებ გვიამბოთ შეხვედრის დეტალების შესახებ. - მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა თქვა, ჰკითხეთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, რა ხდებოდა შეხვედრაზეო, მაინც ვფიქრობ, რადგან მან დაიწყო საუბარი, აჯობებს თავად მოჰყვეს, რატომ შედგა შეხვედრა და ვინ ესწრებოდა მას.

- ივანიშვილის თქმით, თქვენი ინიციატივით შედგა შეხვედრა.

- ასე არ ყოფილა.

- მისივე თქმით, ჩხარტიშვილმა 100:0 მოგიგოთ.

- არ ვიცი, კალათბურთი არ მითამაშია. მოვა დრო და თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი. იმდენ საკითხზე ვილაპარაკე და არაფერზე პასუხი არ მიმიღია. პოლიტიკოსები მაბრალებენ, რომ თურმე რაღაცების გადაფარვას ვცდილობ. რას ნიშნავს გადაფარვა?! მოვყევი ის, რაც გადამხდა და გინდა ენკი-ბენკი დაარქვან, გინდ წერილი თუ სიხარული. ასეთ არასერიოზულ თემებზე სურთ ყურადღების გადატანა. ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია და ვერაფერს მიაჩუმათებენ. არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ: ან დაადგინონ ჩემი ბრალეულობა, ან შეწყვიტონ საქმე. ამ ყველაფერმა სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი. ამაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომელიღაც შეხვედრას ვინ ესწრებოდა.

- თუმცა საზოგადოებას აინტერესებს, ასეთ შეხვედრებზე წყდება, ვინ ვის უნდა უჩივლოს და ვის არა?

- თვითონ ივანიშვილმა არ თქვა, დავსვი ორივე მხარეო?! ანგარიშის ნომერიც ჩაიწერა. უზარმაზარ დავაზე იყო ლაპარაკი. ჩვენ არარსებულ თანხაზე გვიჩიოდნენ და იქიდან დამადლებული გამომიშვეს.

- ივანიშვილმა განაცხადა, ხაზარაძეს წესიერად მადლობაც არ გადაუხდიაო.

- ზრდილობა არ მეშლება. მადლობა გადავუხადე, მეტი რა უნდა მექნა? იხილეთ სრულად