"ჩემ შესახებ ფილმი უნდა გადაეღოთ ნიკოლას ქეიჯის შესრულებით, მაგრამ უარი თქვა იმიტომ, რომ ფილმში სრულიად გიჟი უნდა ვყოფილიყავი და..."
"ჩემ შესახებ ფილმი უნდა გადაეღოთ ნიკოლას ქეიჯის შესრულებით, მაგრამ უარი თქვა იმიტომ, რომ ფილმში სრულიად გიჟი უნდა ვყოფილიყავი და..."
ფოტო:მიხეილ სააკაშვილი, ნიკოლას ქეიჯი
"წონაში დაკლება ჯერ კიდევ უკრაინაში ყოფნისას დავიწყე, როცა მოქალაქეობა ჩამომართვეს.... ასე რომ, ზოგი ჭირი მარგებელია"

უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა პირდაპირი ჩართვით. "მეგობრებო, დღეს ჩვენთან სტუმრადაა ადამიანი, რომელმაც შეცვალა საქართველო და შეეცადა უკრაინის შეცვლას", - ასე დაიწყო გადაცემის წამყვანმა თავისი საუბარი ექს-პრეზიდენტთან, რომელიც, მისი თქმით, ამჟამად აშშ-ში იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილისა და დიმიტრი გორდონის საუბარი ორ
საათზე მეტხანს გრძელდებოდა - უკრაინის თანამედროვე მდგომარეობაზე, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და მისი გარემოცვის კორუმპირებულობაზე, სამომავლო გეგმებზე და ა.შ. გთავაზობთ ამონარიდებს:

დიმიტრი გორდონი: მიხეილ ნიკოლოზოვიჩ, წონაში დაიკელით, გახდით თუ მეჩვენება?
მიხეილ სააკაშვილი: წონაში დაკლება ჯერ კიდევ უკრაინაში ყოფნისას დავიწყე, როცა მოქალაქეობა ჩამომართვეს... ასე რომ, ზოგი ჭირი მარგებელია.

დიმიტრი გორდონი:
ამჟამად სად ცხოვრობთ?
მიხეილ სააკაშვილი: ვცხოვრობ ამსტერდამსა და ვარშავას შორის. ვარშავაში ამას წინათ უკრაინელ თანაპარტიელებს შევხვდი. ვიყავი ლიეჟში, რომში, სადაც ქართველებს შევხვდი. ახლა ნიუ-იორკში ვარ... მოკლედ, დავდივარ მსოფლიოში და ვემზადები შემდგომი ბრძოლისათვის.

დიმიტრი გორდონი: დღეს თქვენ თავს უფრო მეტად გრძნობთ მსოფლიოს მოქალაქედ?
მიხეილ სააკაშვილი: არა, არა... მიუხედავად იმისა, რომ მე (კონკრეტული ქვეყნის) მოქალაქეობა არ მაქვს, თავს მსოფლიოს მოქალაქედ არ ვგრძნობ. უბრალოდ, მე მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც ორი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს ჩამორთმეული და იმავდროულად მაინც აქტიურ საქმიანობას განაგრძობს.

დიმიტრი გორდონი: რა სახსრებით ცხოვრობთ, რა შემოსავლები გაქვთ?
მიხეილ სააკაშვილი: ამჟამად კონტრაქტი მაქვს დადებული ნიდერლანდების სპიკერთა აკადემიასთან, რომელიც ჩემს ლექციების ჩატარებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყნებში. ხელფასს ბევრს არ მიხდიან, მაგრამ უფრო მეტს ვიღებ, ვიდრე ოდესის ოლქის გუბერნატორობის დროს ვიღებდი მთელი წლის განმავლობაში. ჩავატარე ლექციები როგორც ნიდერლანდებში, ასევე გერმანიაში, ახლა პოლონეთისთვის ვემზადები. ჩემი ლექციები უპირატესად პოლიტიკის სფეროს ეხება. გარდა ამისა, როცა მე პოლიტიკურ საქმეებზე დავდივარ, ვთქვათ, ვხდები ქართველ ემიგრანტებს, მათ თავიანთი ფონდი აქვთ და ჩემს მგზავრობას ისინი აფინანსებენ. როცა უკრაინელებს ვხვდები, მათ შორის არიან ადამიანები (მაგრამ არა ოლიგარქები), რომლებიც მეხმარებიან. აი, ასე მიწევს ცხოვრება. არავის ეგონოს, რომ მე დიდი მატერიალური რესურსები მაქვს. სამწუხაროდ, ასე არ არის".

გადაცემის დროს საუბარი შეეხო უკრაინის ხუთი წლის წინანდელ მოვლენებს, ყირიმის ამბებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, 2014 წელს, როცა პეტრო პოროშენკო ჯერ კიდევ არ იყო უკრაინის პრეზიდენტი, იგი გეგმავდა, რომ ყირიმზე უარი ეთქვა და ამის სანაცვლოდ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებულიყო.

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ყირიმის საკითხში უკრაინა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ყირიმის მიმართ (რუსეთმა) თავის დროზე იგივე გააკეთა, რაც ცხინვალის რეგიონში. იქაც გამოჩნდნენ "მწვანე კაცუნები", რომლებიც სინამდვილეში გადაცმულები იყვნენ. ჩვენ მათ წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ რადგანაც საქართველო პატარა სახელმწიფოა და ჩვენ სტრატეგიული სიღრმე არ გვქონდა, წინააღმდეგობა რომ არ გაგვვეწია, ისინი, "მწვანე კაცუნები", თბილისს აიღებდნენ. 2014 წელს უკრაინა არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ მას წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო. უფრო მეტიც - არა მხოლოდ უკრაინა არ იყო მზად, არამედ აშშ-ის ადმინისტრაციაც ძალიან აწვებოდა კიევს. მე მაშინ კიევში ვიყავი და მომსწრე ვარ ამ ზეწოლისა - ჯონ კერი რეკავდა ხოლმე და ამბობდა, წინააღმდეგობა არ გაუწიოთო. არადა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც წინააღმდეგობის გაწევა სურდათ და ასე რომ გაკეთებულიყო, ყირიმი შენარჩუნდებოდა. მოკლედ კიევში ქაოსი იყო და არავის არ უნდოდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე.

მეტსაც გეტყვით: როცა ეს მოვლენები ხდებოდა, ვესაუბრე პეტრო პოროშენკოს ამ თემაზე, ძალიან აღელვებული ვიყავი ყირიმის გამო. ჰოდა, მან ასე მითხრა: "იცი, მიშა, შენ ხომ პრაქტიკულად შეეჩვიე, შეეგუე იდეას, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს არასდროს არ დაუბრუნდებიან. ზუსტად ასევე ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ყირიმი უკრაინის აღარ იქნება. სამაგიეროდ ჩვენ ევროკავშირში და ნატოში გავწევრიანდებითო. მე მას ვუთხარი: "პეტია (მაშინ ჯერ კიდევ პეტროს ნაცვლად პეტიას ვეძახდი, თანაც ჯერ პრეზიდენტი არ იყო და ერთმანეთს "თქვენობით" არ მივმართავდით), ჯერ ერთი, ვინ გითხრა, რომ ჩვენი ტერიტორიები საქართველოს ნაწილები აღარ იქნებიან? მათ დავიბრუნებთ და თან ძალიან მალე. ჩვენ, ქართველები, ამისთვის მუდამ ვიბრძვით. მეორე - ვინ გითხრა, რომ თუ ყირიმის დასაბრუნებლად არაფერს გააკეთებთ, ნატოსა და ევროკავშირში მიგიღებენ? პირიქით, ეს ის მიზეზი იქნება, ის ტერიტორიული კონფლიქტი, რის გამოც არ მიგიღებენ. და მესამე - ვინ გითხრა, რომ (რუსეთი) ყირიმზე გაჩერდება და ეს ყველაფერი დონბასზე არ გავრცელდება? პეტრო მეუბნება, რომ არა, არა, იქ ჩვენ ძლიერი პოზიციები გვაქვს, მსგავსი რამ არ მოხდება და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო

დიმიტრი გორდონი: თუ თქვენს შესახებ ოდესმე მხატვრულ ფილმს გადაიღებენ, როგორ სახელს უწოდებთ?
მიხეილ სააკაშვილი: ჩემს შესახებ უკვე რამდენიმე ფილმია გადაღებული, მაგალითად, იულია ტიმოშენკოსთან ერთად... ამერიკელებმა გადაიღეს ჰოლივუდური ბლოკბასტერი, სადაც ჩემს როლს მსახიობი ენდი გარსია ასრულებს... შემდეგ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაეღოთ ნიკოლას ქეიჯის შესრულებით, მაგრამ ბოლო მომენტში მან უარი თქვა - იმიტომ, რომ იმ ფილმში სრულიად გიჟი უნდა ვყოფილიყავი და ნიკოლას ქეიჯს ეს არ მოეწონა. მოკლედ, ფილმები ბევრია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორს გადაიღებენ და საერთოდ, როგორ ჩაიწერება ისტორიაში. მე მაინც ვერც წავიკითხავ და ვერც ვნახავ. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ვნახო შედეგები. აი, სწორედ ესაა ცხოვრების არსი - მუდმივი მოძრაობა, არსებობისთვის ბრძოლა და ის, რომ ჩვენ სწორად გამოვიყენოთ ჩვენი დრო".

საუბრის დასასრულს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი გეგმავს პირველ აპრილს უკრაინაში ჩავიდეს და ამისათვის უკვე თვითმფრინავის სამგზავრო ბილეთიც აქვს ნაყიდი (აჩვენებს მობილური ტელეფონით): "ვემზადები ბორისპოლის აეროპორტში ჩამოსაფრენად. ბილეთი უკვე აღებული მაქვს - იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ: პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა. და როგორც კი ეს მოხდება, მჯერა, რომ არცერთი უკრაინელი მესაზღვრე აღარ მოისურვებს მისი ბრძანების შესრულებას უკრაინაში ჩემი შეშვების აკრძალვაზე". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

მოქალაქე
14 მარტი 2019 10:10
გიჟები ქმნიან ისტორიას.
მიშამ შექმნა ის,რითიც ვამაყობთ დღეს.
გრიმიორი
14 მარტი 2019 02:08
არ მოეწონა კი არა შენ, იმდენად ახლოს ხარ რეალობასთან კეიჯი ვერ გაქაჩავდა მართლა გაგიჟდებოდა
...
14 მარტი 2019 00:28
Gachrili vashlivit gvanan ertmanets miho da nikusha :)
Tyupi zmebi gegoneba ))))

რუბრიკის სხვა სიახლეები