გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს - აღენიშნება თუ არა ცხედარს დაზიანებები? - კვირის პალიტრა

გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს - აღენიშნება თუ არა ცხედარს დაზიანებები?

გალის რაიონში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან ცხედარს ნათესავები და ახლობლები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ.

რუსლან აბაშიძის განცხადებით, კვარაცხელიას პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

"ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს ფაქტების გადამოწმება. ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ყველა ფაქტს დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება. ჩატარდა პირველადი ექპერტიზა, ცხედარი ამჟამად გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ვერსიებზე ვერ ვისუბრებთ, ამას დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება", - აღნიშნა აბაშიძემ.

"გადმოსვენების პროცესში "აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, განსაკუთრებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცხედარს ჩაუტარდება კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათავლისწინებით, როდესაც გახდება ცნობილი ცალკეული დეტალები, საზოგადოება ინფორმირებული იქნება. მე სამწუხაროდ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა ჟურნალისტებთან სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ და კითხვაზე, აღენიშნებოდა თუ არა პირველადი დათვალიერებით ცხედარს დაზიანებები, ანთიძემ განაცხადა, რომ მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

იხილეთ ვიდეო