აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ცნობილია - საქართველოსთან დაკავშირებულ რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება დოკუმენტში? - კვირის პალიტრა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ცნობილია - საქართველოსთან დაკავშირებულ რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება დოკუმენტში?

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ცალკე თავი საქართველოში არსებულ ვითარებას ეხება. ანგარიშის თანახმად, ევროპაში ეუთო-ს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, როგორც კონკურენტუნარიანი და პროფესიულად ადმინისტრირებული აღწერეს, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სათამაშო მოედნის დონის არარსებობა, ამომრჩევლის დაშინება.

ანგარიშის მიხედვით, ეუთო-ს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც გამოთქვეს შეშფოთება, მათი შეფასებით, "კანდიდატებს კამპანიის წარმართვა თავისუფალ გარემოში შეეძლოთ, თუმცა ერთი მხარე უპირატესობით სარგებლობდა და კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ორივე მხარის საარჩევნო პროცესს ზიანი მიაყენა".

"მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავდაცვის სამინისტროს ეფექტური კონტროლი აწარმოა, იყო იმის ნიშნებები, რომ მათ ვერ აწარმოეს უშიშროების სამსახურის ეფექტური კონტროლი.

"ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები მოიცავდნენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის უშიშროების სამსახურის მიერ გაუმართლებელი მკვლელობა; რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრატიული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მოქალაქეების თვითნებური დაკავებები და სიცოცხლის ხელყოფა რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ; მაღალი დონის კორუფციის ბრალდებები და დანაშაულები, რომელიც მოიცავენ ძალადობას ან მუქარას LGBTI თემის მიმართ", - ნათქვამია ანგარიშის შესავალ ნაწილში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ითვალისწინებენ, ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას.

"მოსამართლეები დაუცველნი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის წინაშე, რომელიც როგორც სასამართლო სისტემიდან, ასევე სასამართლო სისტემის გარედან მოდიოდა. "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და სხვა ორგანიზაციები კვლავ შეშფოთებას გამოთქვამდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის არარსებობის გამო. წლის განმავლობაში ისინი აღნიშნავდნენ არსებულ პრობლემებს, მათ შორის: მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერება, რომელიც პირველ რიგში შედგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან და მოსამართლეებისგან; უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების გავლენა მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე; საქმეების განაწილების სისტემით მანიპულირება; უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის არარსებობა და უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეებისა და სასამართლოს თამჯდომარეების დანიშვნაში არსებული ხარვეზები", - აღნიშნულია ანგარიშში.

ტელეკომპანია "იბერიას" დახურვამ და 2017 წელს სამი ტელევიზიის შერწყმამ შეამცირა საქართველოში მედიაპლურალიზმი, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში.

"საქართველოში დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და ფართო სპექტრის მოსაზრებებს გამოთქვამდა. 17 ოქტომბერს დამოუკიდებელმა ტელევიზიამ "იბერია" მაუწყებლობა შეაჩერა. არხის მფლობელის განცხადებით, ფინანსური პრობლემები დაკავშირებული იყო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასთან. "იბერიის" დახურვამ და 2017 წელს სამი ტელევიზიის შერწყმამ შეამცირა მედიაპლურალიზმი და გაზარდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მედიასაშუალებების კონცენტრაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელებსა და მმართველ პარტიას შორის ახლო ურთიერთობა, ხოლო მედიამონიტორინგის ორგანიზაციებმა აღნიშნეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო მიკერძოებულობა მმართველ პარტიასთან მიმართებაში", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ "კანონით მედიასაშუალებები ვალდებულნი არიან გაამჟღავნონ ინფორმაცია მათი მფლობელების შესახებ.

"მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებების საკუთრების გამჭვირვალობამ მომხმარებლებს საშუალება მისცა, შეეფასებინათ ახალი ამბების ობიექტურობა, კანონი, რომელიც მაუწყებლებს აიძულებდა გაემჟღავნებინათ ინფორმაცია მათი დაფინანსების წყაროს შესახებ, არ აიყო სრულად აღსრულებული", - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ გამოხატავდნენ შეშფოთებას ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის მედიაპლურალიზმი და პოლიტიკური გავლენა მედიაში, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არის განწყობილი.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ "ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდებების გამოძიების კუთხით, თუმცა ხარვეზები მაინც დარჩა". ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეზღუდული იყო უფლებები, gანსაკუთრებით ეთნიკურად ქართველების. აღნიშნულია, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უკან დაბრუნების ნება არ დართო 2008 წლის კონფლიქტის გამო განდევნილ ეთნიკურად ქართველებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა არ აქვთ სამხრეთ ოსეთში, რათა ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყონ.

"ინტერპრესნიუსი"