"ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" - კვირის პალიტრა

"ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში"

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო პარლამენტებს შორის თანამშრომლობას როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის არარატ მირზოიანის განცხადებით, მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია, რადგან ეს ურთიერთობები განსაკუთრებულია ორივე ქვეყნისათვის და დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, სულიერ ღირებულებებზე და ძალიან აქტიურია ყველა სფეროში.

"ტრადიციულად, ჩვენ გვქონდა მჭიდრო საპარლამენტო ურთიერთობები და დღესაც ვავითარებთ მას. ამ ეტაპზე ჩვენს ასამბლეაში ყალიბდება საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც ქალბატონი აზარიანი იქნება, ასამბლეის ვიცე-სპიკერი. ჩვენი მყარი და მდგრადი კავშირები შესაძლებლობას გვაძლევს ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენი მოსაზრებები უამრავ საკითხებში თანხვედრაშია და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. მაგალითად, სომხური დელეგაცია თავს იკავებს ხმის მიცემისგან, ისეთ საკითხში, რომელიც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ეხება. მთიანი ყარაბახის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ეს მომდინარეობს ყველას ინტერესიდან", - აღნიშნა მირზოიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით კი, ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთთანამშრომლობა.

"თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონფლიქტები, ალბათ, ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას. როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, და აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად. ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხსაც შეეხო, რომელიც რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში არის გადაცემული, რაც ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, კანონის შესაბამისად, ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა.

"ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში. ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა. სამწუხაროდ, ახსენეთ თქვენ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებაში არსებობს ჟენევის ფორმატი, რომლებიც მეტნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში.

მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ. თუ არა, მაშინ ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ: ეკონომიკური წინსვლა, სტაბილურობა, უფრო მეტი ურთიერთობა და მათი გაღრმავება, სატრანსპორტო და ლოგისტიკის ქსელების განვითარება ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მხოლოდ სიტყვიერი განცხადებებია. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ წარმოშობით სომხები და აზერბაიჯანელები და ჩვენთვის შეიძლება ისევე მტკივნეული იყოს ეს კონფლიქტი, როგორც თქვენთვისაა, რადგან კონფლიქტი რომ გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება. ასე რომ, ამ კუთხით, მე მგონია, ჩვენი ინტერესები ძალიან ნათელია და არავისთვის არაფრის ახსნა გვჭირდება, რომ ეს არის საქართველოსთვის უალტერნატივო პოლიტიკა, რომ მისი კონფლიქტები, მის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და ასევე, ის კონფლიქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არაა, მაგრამ, რომლის გადმოტანა შეიძლება იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის, ისიც უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრაზე.

"ინტერპრესნიუსი"