"სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში" - რა შეახსენა სალომე ზურაბიშვილმა სომეხ პოლიტიკოსებს - კვირის პალიტრა

"სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში" - რა შეახსენა სალომე ზურაბიშვილმა სომეხ პოლიტიკოსებს

სომხური და რუსული მედია დიდი აქტიურობით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ორდღიან, ოფიციალურ ვიზიტს.

ფოტოგალერეა რუსული გამოცემა «КоммерсантЪ» -ი აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "საქართველოს პრეზიდენტმა ამიერკავკასიაში ბალანსი დაარღვია", რომლის ავტორიც გიორგი დვალია. გთავაზობთ მის შემოკლებულ ვარიანტს:

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ერევანში ვიზიტისას სომხეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრა-მოლაპარაკების ერთ-ერთ თემას რეგიონული კონფლიქტები წარმოადგენდა. სომხური მხარე შეეცადა გაერკვია, თუ რა ჰქონდა მხედველობაში ქართველ ლიდერს, როცა მან ბაქოში ყოფნისას "აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების" შესახებ განაცხადა. ამით სალომე ზურაბიშვილმა არა მარტო დაადასტურა თავისი პოზიცია მთიანი ყარაბაღის მიმართ, არამედ სომხეთის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ბრალდებითაც გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის ხისტმა პოზიციამ შეიძლება დაასრულოს თბილისის ის პოლიტიკა, რომელიც სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მხარეთა მიმართ "თანაბარ დაშორებაში" გამოიხატება და რომელსაც საქართველო თითქმის მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა...

... «КоммерсантЪ»-ის მონაცემებით, ერევანში ქართველი ლიდერის შეხვედრების დროს სომხეთის პრეზიდენტთან არმენ სარქისიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, სალომე ზურაბიშვილის ბაქოში გაკეთებული განცხადებების თემა მართლაც დადგა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი არც ფიქრობდა თავის მართლებას ან თავისი ნათქვამის დეზავუირებას. პირიქით, იგი სომხური მხარის მისამართით რიგი პრეტენზიებით გამოვიდა. კერძოდ, ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს სალომე ზურაბიშვილმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ თბილისისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება სომხეთის მხრიდან არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ქართველმა ლიდერმა იქვე განმარტა, რომ მას მხედველობაში აქვს მთიანი ყარაბაღის დელეგაციების ვიზიტები აფხაზეთ-"სამხრეთ ოსეთში": პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად

"ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად. ამ მხრივ, ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა, - "ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ [სომხეთში - «КоммерсантЪ») არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს".

თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ასეთ განცხადებას უპრეცედენტოთ თვლიან მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდში, რომლის განმავლობაში საქართველო ერთგვარ ნეიტრალიტეტს ამჟღავნებდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მხარეების მიმართ. ასეთი თვალსაზრისი გამოხატა «КоммерсантЪ»-თან საუბრისას ოპოზიციური პარტიის "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სერგი კაპანაძემ. მისი აზრით, პრეზიდენტმა ამგვარი "მგრძნობიარე თემების" მიმართ "დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს". იმავდროულად სერგი კაპანაძემ აღიარა, რომ მას სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ გაჰკვირვებია: "ეს მხოლოდ დასაწყისია, მსგავსი განცხადებები კიდევ იქნება", - დამაჯერებლად თქვა დიპლომატმა.

საქართველოს მთავრობაში თავი შეიკავეს პრეზიდენტის ბაქოში და ერევანში გაკეთებული განცხადებების კომენტირებაზე. ასევე მოიქცნენ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" დეპუტატებიც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სალომე ზურაბიშვილს გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

დამოუკიდებელმა პოლიტოლოგმა დავით ავალიშვილმა «КоммерсантЪ»-თან საუბრის დროს აღნიშნა: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური უფლებამოსილება აქვს, ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მართლაც "ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა", ერევნელი და ბაქოელი სერიოზული პოლიტიკოსები ამ განცხადებებს არ ჩათვლიან საქართველოს სახელმწიფოს პოზიციის კარდინალურ ცვლილებად სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მიმართ". წყარო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა სომხეთის ეკლესიის მეთაურს, გარეგინ II-საც. შეხვედრაზე ეკლესიის მეთაურმა საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა გარეგინ II-სთან

პრეზიდენტის განცხადებით, კი, საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე. ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ყველა ეკლესიის აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება.

"ჩვენ შეგვიძლია მეცნიერულად შევისწავლოთ თითოეული ეკლესია, რომელიც მიგაჩნიათ საჭიროდ, რადგან ეს არის საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა. კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციის მიზნით საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტის პრესამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, შეხვედრაზე ასევე ხანგრძლივად  ისაუბრეს ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მეთაურთან დააფიქსირა მისი მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით.  ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად და მოსთხოვა კათოლიკოსს გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიის და სამრევლოს წინამძღვრის სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო.

სომხური ეკლესიის მეთაურმა დასძინა, რომ "ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში", - პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. წყარო

იხილეთ სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ვიზიტის ამსახველი ფოტოები

მოამზადა სიმონ კილაძემ