"გამორიცხული არ არის გავრცელებული ინფორმაციების ნაწილი პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს" - რას ამბობს გორის მერი?
"გამორიცხული არ არის გავრცელებული ინფორმაციების ნაწილი პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს" - რას ამბობს გორის მერი?
რამდენიმე წუთში სოფელ ხურვალეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, იგი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს შექმნილ ვითარებას ადგილზე თავად ნახავს.

"რამდენიმე წუთში ვიქნები სოფელ ხურვალეთის განაპირას და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას შექმნილ მდგომარეობაზე. ამ დროისთვის ინფორმაცია თავადაც ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მაქვს, ეს ინფორმაცია ფაქტობრივად, არის დაუზუსტებელი და გამორიცხული არ არის გავრცელებული ინფორმაციების გარკვეული ნაწილი პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს. ასევე ჩემი კომენტარიც ნიღბიან სამ პირთან დაკავშირებითაც არის ადგილობრივებზე დაყრდნობით გაკეთებული, ამიტომ
სულ მალე ვიქნები ადგილზე და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით რეალურად არსებულ ვითარებაზე", - განაცხადა გორის მერმა კონტანტინე თავზარაშვილმა.

ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთის გზაზე
არსებულ საგუშაგოსთან იმყოფებიან. მათ ჯერჯერობით ხურვალეთის პერიმეტრზე, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ. "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა თავდაპირველად განუცხადა, რომ სამი ნიღბიანი პირი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რაც სუს-მა არ დაადასტურა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები