"თუ უნდათ ჩათვალონ, რომ საიდუმლო შეხვედრა მქონდა ბიძინა ივანიშვილთან, ამაზე პრობლემა არ მაქვს" - კვირის პალიტრა

"თუ უნდათ ჩათვალონ, რომ საიდუმლო შეხვედრა მქონდა ბიძინა ივანიშვილთან, ამაზე პრობლემა არ მაქვს"

თუ უნდათ ჩათვალონ, რომ საიდუმლო შეხვედრა მქონდა ბიძინა ივანიშვილთან, ჩათვალონ, მე ამაზე პრობლემა არ მაქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა განაცხადა.

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კავშირს, ვისაც არა აქვს ბიძინა ივანიშვილთან კავშირი, ის სიამოვნებით ამბობს, რომ კავშირი მაქვს, ვმუშაობდი, ახლოს ვარ და ვმეგობრობ და აშ. შესაბამისად, ჩემზე ასე თუ ფიქრობენ, მე არ მინდა ახლა... ყოველთვის ასე იძახიან, რომ თითქოსდა მქონდა საიდუმლო შეხვედრა და ა.შ. თუ უნდათ ჩათვალონ , რომ საიდუმლო შეხვედრა მქონდა ბიძინა ივანიშვილთან, ჩათვალონ, მე ამაზე პრობლემა არ მაქვს",- განაცხადა თემურ აბაზოვმა ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან კავშირის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

აბაზოვი აცხადებს, რომ ის ყოველთვის სერიოზული კონკურენტი იყო ოპოზიციისათვის და მისი პოლიტიკაში დაბრუნების ეშინიათ. ყოფილი მერი ბოლო დროს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს სწორედ ამით ხსნის.

"ჩემი საარჩევნო პიარკამპანია დაიწყო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და წარმოიდგინეთ 70%-ით მოვიგეთ არჩევნები. მე ვითვლები და ვარ ძლიერი კანდიდატი და შესაბამისად, შედეგიც დადგა და ყველამ ნახა. დღესდღეობით "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს იმის განცდა, რომ შეიძლება მე ისევ დავბრუნდე. რა თქმა უნდა, ეს საშიშია მათთვის, არ უნდათ რომ მე დავბრუნდე. მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, "ოცნება" მოიგებს თუ არა, ისევ და ისევ აყვირდებიან, რომ გააყალბეს", - განაცხადა თემურ აბაზოვმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

იხილეთ ასევე: "ოჯახში ერთადერთი მარჩენალი ვარ - განაცდური ხელფასი მაინც მეკუთვნოდა და..."

"ინტერპრესნიუსი"