გოგიჩაიშვილი ოხანაშვილს: "ნუ იბრიქები, თორემ გაბრექვას დაგანახებ" - კვირის პალიტრა

გოგიჩაიშვილი ოხანაშვილს: "ნუ იბრიქები, თორემ გაბრექვას დაგანახებ"

ნუ იბრიქები, თორემ გაბრექვას დაგანახებ, - ამ სიტყვებით დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მიმართა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვა.

დეპუტატებს ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზვიად კვაჭანტირაძეს, ელენე ხოშტარიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, მთელი რიგი კრიტიკული შენიშვნები აქვთ პროექტით შემოთავაზებულ საკითხებთან დაკავშირებით. ცხარე პოლემიკა გამოიწვია საკითხმა, თუ რატომ არ ელოდება მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნას.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა განმარტა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით არ მიიღებს მანამ, ვიდრე ცნობილი არ გახდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ამაზე ოპონენტების პასუხი იყო ის, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნების გაცნობა მნიშვნელოვანია პროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე, რადგან სწორედ პირველი მოსმენისას ხდება კანონპროექტის პრინციპების დონეზე დამტკიცება.

„რატომ ჩქარობთ და ვინ არის ის, ვინც გაჩქარებთ“, - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს ეკა ბესელიამ.

ლევან გოგიჩაიშვილმა კი ყოფილ თანაგუნდელებს ურჩია, რომ თუკი გამბედაობის გამოჩენა სურთ, ეს გამბედაობა სხვა რამეში გამოხატონ და არა ჩინჩალაძის ლობირებაში.

„მაინტერესებს, დაუჭერთ თუ არა მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძეს. მე რომ მცოდნოდა, რომ ჩინჩალაძის მომხრე იყავით, თქვენთან ერთად კენჭს არ ვიყრიდი“, – მიმართა უმრავლესობის წევრებს ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტში 11.00 საათიდან მიმდინარეობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, ინიცირებულ კანონპროექტებს პირველი მოსმენით იხილავენ.

"ინტერპრესნიუსი"