სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ - კვირის პალიტრა

სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ

პარლამენტის ბიუროს 18 მარტის სხდომაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა წარედგინება.

პროექტით კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს. მისივე თქმით, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.

ცვლილებება ასევე ეხება წვევამდელებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ და სამხედრო სავალდებულო სამსახური გადავადებული აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, სწავლის პარალელურად მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

"ინტერპრესნიუსი"