"ვფიქრობ, "ოცნებაში" განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ"
"ვფიქრობ, "ოცნებაში" განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ"
ფოტო:სალომე ზურაბიშვილი და გარეგინ II
"რუსების მოქმედება იმ შედეგზე იყო ორიენტირებული, რაც საბოლოოდ მიიღეს კიდეც - აჟიოტაჟი საზოგადოებაში, დაპირისპირება სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის და რაც მთავარია, გამოიწვიეს პანიკა, რასაც მშვენივრად შეუწყვეს ხელი იმ სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც ვითარებაში გაურკვევლად დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, თან გაზვიადებით"

"როგორც იცით, საქართველოში ორი ოკუპირებული ტერიტორიაა და თუ ლაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული. აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად. ამ მხრივ ძალიან
სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩამოდიან", - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტისას ამ ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანს, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტის დროს მთიანი ყარაბაღის თაობაზე გამოთქმულ ზოგიერთ გამონათქვამს სომეხი საზოგადოების არაერთგვაროვანი
რეაქცია მოჰყვა.

მართლაც, ზურაბიშვილის ორდღიანი ვიზიტი რეზონანსული გამოდგა. მან მკაცრად გამოხატა საკუთარი პოზიცია სომხური ეკლესიის მეთაურ გარეგინ II-სთან შეხვედრის დროსაც. ზურაბიშვილის თქმით, აფხაზეთში მდებარე სომხური ტაძრის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილება აღიქმება როგორც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების უარყოფა. როგორც წესი, დღემდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხებზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდნენ, ამიტომაც ბევრისთვის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მოულოდნელი იყო.

15 მარტს ვითარება დაძაბული იყო გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ზოლს ესაზღვრება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ნიღბიანმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზი გადმოლახეს და სოფლის მცხოვრებთა ბაღებში განლაგდნენ, რამაც ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. ვითარება იმანაც გაართულა, რომ სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები სოფელში მხოლოდ მეორე დღეს შეუშვეს. ადგილობრივების თქმით, სოფელში პრობლემები არ ყოფილა და ინფორმაცია არასწორად გავრცელდა. საპირისპიროს ამტკიცებენ სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი ნამდვილად დაარღვიეს, თუმცა უკანვე გაბრუნდნენ. სწორედ მომხდარის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

მამუკა არეშიძე

- უნდა ითქვას, რომ ეს ინციდენტი პირველი არ ყოფილა და არც ბოლო იქნება. რუსეთის ამგვარი მოქმედება ორიენტირებულია საქართველოს სახელმწიფოს სისუსტის ხაზგასმაზე. ლაპარაკი მარტო იმაზე კი არ არის, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციასა და დასუსტებას ცდილობს, არამედ მუდმივად იმის დემონსტრირებასაც ახდენს, რომ ძალა მის მხარეს არის.

სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა მართლაც გადმოკვეთეს მცირე დროით საოკუპაციო ხაზი. რუსების მოქმედება იმ შედეგზე იყო ორიენტირებული, რაც საბოლოოდ მიიღეს კიდეც - აჟიოტაჟი საზოგადოებაში, დაპირისპირება სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის და რაც მთავარია, გამოიწვიეს პანიკა, რასაც მშვენივრად შეუწყვეს ხელი იმ სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც ვითარებაში გაურკვევლად დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, თან გაზვიადებით.
ქაცარავას ჯგუფი ხშირად კარგ საქმეს აკეთებს, თუნდაც იმით, რომ ჩვენს საზოგადოებას მუდმივად ახსენებს ამ პრობლემას, მაგრამ გადაჭარბება არაფერში ვარგა, ხურვალეთის შემთხვევაში "მგელი მოდის!" პრინციპით იმოქმედეს.
ის, რომ რუსები ასე იქცევიან, რომ ამას წინააღმდეგობა როგორღაც უნდა გავუწიოთ, ვიცით, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს და პროვოკაციული გარემო არ უნდა შევქმნათ. პანიკით ხომ მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს? იქ მისვლა,
მუდმივად იმის ძახილი, რომ ერთ გოჯ მიწასაც არ დათმობ, სწორია, მაგრამ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, თან ხალხისთვის მიწოდება, არ არის გამართლებული. ამან ქვეყანას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები მოუტანოს.
როგორც ჩანს, ვიდრე არ დაალაგებდა ვითარებას და რუს სამხედროებს უკან არ გააბრუნებდა, ხელისუფლება ცდილობდა ინფორმაცია არ გაეხმაურებინა. სავარაუდოდ, იმასაც უფრთხოდა, რომ იქ სამოქალაქო აქტივისტების მისვლას პროვოკაცია არ მოჰყოლოდა და ამიტომაც არ შეუშვეს სოფელში. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ოპოზიციას რა დივიდენდების მიღების იმედი აქვს ამ პროცესისგან, რომელიც ქვეყანას აზიანებს თავისი ხელისუფლებითა და ოპოზიციით.
კიდევ ერთიც: ჩემთვის გაუგებარ განცხადებებს აკეთებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. შეიძლება კონტექსტიდან ამოგლიჯეს ჟურნალისტებმა მათი ფრაზები, ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადადაც, ამ სამინისტროს საქმიანობა ძალიან ბუნდოვანია. ვერ გავიგე ამ პროცესებისადმი მისი სახელმწიფო მიდგომა. შევეშვათ ამ სამინისტროს, თავისი უბედურება ეყოფა მინისტრიანად, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან მომენტს მინდა გავუსვა ხაზი: დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც და აფხაზეთშიც ძალაუფლება რუსული სამხედრო-საოკუპაციო ძალის ხელშია. პრაქტიკულად, იქ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მმართველობაა. აქამდე ეს უფრო აშკარა იყო ცხინვალის რეგიონში. ცხადად ჩანდა რუსი სამხედროების დამოკიდებულება დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ, რომელსაც არაფრად აგდებენ, ხანდახან სცემენ კიდეც სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს, მინისტრებსაც კი...
იგივე ხდება უკვე აფხაზეთშიც.

ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვამ დაგვანახა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არავინ არაფერს ეკითხება. სხვათა შორის, ამას აფხაზებმა თვითონ გაუსვეს ხაზი თავიანთ განცხადებაში, როდესაც თქვეს, რომ მათ არ დაუკავებიათ კვარაცხელია და ისიც პირდაპირ მიუთითეს, ვინც დააკავა.

- ირაკლი კვარაცხელიას ამბავმა ყველას გაახსენა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა.
- ამ საკითხზე მქონდა კომუნიკაცია აფხაზებთან. როგორც ამბობენ, თითქოს ირაკლი კვარაცხელიას და კიდევ რამდენიმე ქართველს, რომლებიც ასევე დააკავეს, ბიზნესურთიერთობა ჰქონიათ აფხაზებთან რუსული სამხედრო კორუმპირებული წარმომადგენლობის მონაწილეობის გარეშე. ეს, ბუნებრივია, გააღიზიანებდა რუსებს. სიმართლე გითხრათ, ამ ვერსიის დიდად არ მჯერა, რა ბიზნესურთიერთობა უნდა ჰქონოდათ? თხილის სეზონი ახლა არ არის, სხვა რა საქმეს აკეთებდნენ ერთად, არ ვიცი...

აფხაზები აშკარად არ არიან იმით კმაყოფილი, რაც იქ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა კვლავაც უარყოფითად არის ქართველების მიმართ განწყობილი, ის, რაც გალში ხდება, არ მოსწონთ. გალი, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონი, რუსულ სამხედრო ბაზად იქცა და რუსები­ თავის ნებაზე დათYარეშობენ.
აფხაზების ამ უკმაყოფილების გამოყენება და ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებაა საჭირო, რასაც უნდა აკეთებდეს ქვეყნის ხელისუფლება, მაგრამ იცის კი, რა და როგორ უნდა გააკეთოს?!

- როგორ აფასებთ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს სომხეთში, რომელსაც სომხურ და რუსულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა? საქართველოს პრეზიდენტის მკაცრი განცხადებების განხილვასთან ერთად, სომხური მხარე იმის გამოც გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ ზურაბიშვილი პირველად აზერბაიჯანში ჩავიდა და შემდგომ სომხეთში. ასევე საინტერესოა, რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილის მიერ გახმაურებულ პრობლემებზე? ამაზე ჯერ ვერაფერი მოვისმინეთ...
- მართალია, მთავრობის განცხადებები ამ თემაზე არ მოგვისმენია, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: სალომე ზურაბიშვილი არსად ისე არ მიდის, რომ კონკრეტულ ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობასთან ერთად არ ჰქონდეს დამუშავებული. რაც მან თქვა, აუცილებლად იქნებოდა განხილული მთავრობის წარმომადგენლებთან. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად შეთანხმებული იყო, მაგრამ იქნებოდნენ ამაზე ინფორმირებული. ერთიცაა,
სერიოზულმა სომხურმა ისტებლიშმენტმა კარგად იცის, რატომ ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი პირველად აზერბაიჯანში. ისიც კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილი სადაც უნდა ჩავიდეს, ის საქართველოს წარმოადგენს, თუმცა მის სამუშაო პორტფელში აუცილებლად არის გზავნილები ევროპიდანაც.

ის ახალგაზრდა, რომელიც სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ხელმძღვანელობს, იმ პოზიციიდან ლაპარაკობს, რაც პოპულარულია სომეხ საზოგადოებაში. თურმე უსიამოვნო ნალექი დარჩა ბაქოში ყარაბაღის საკითხზე ჩვენი პრეზიდენტის განცხადებით, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს: ამ განცხადებამდე მთიანი ყარაბაღიდან არაერთი ვიზიტი ყოფილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, რის გამოც ძალიან უკმაყოფილო იყო ქართული მხარე, თუმცა ამას არავინ ამბობდა, ახლა კი სალომე ზურაბიშვილმა სავსებით დროულად მიუთითა სომხეთის ხელისუფლებას ამ პრობლემაზე.

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს დიპლომატია არ ეშლება. ვინმეს მისი ნათქვამი შეიძლება მკვახედ მოეჩვენოს, მაგრამ მან გააკეთა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი განცხადებები. ასევე უმნიშვნელოვანესია ის პოზიცია, რაც მან გარეგინ II-სთან შეხვედრისას გამოხატა, როდესაც საუბარი შეეხო აფხაზეთის სომხური ეკლესიის დაქვემდებარების საკითხს. ვფიქრობ, ეს საკითხი თვითონ ეჩმიაძინისთვისაც უხერხული თემაა. შესაბამისად, ზურაბიშვილის განცხადება, რომ ეს ვითარება უნდა გაირკვეს და დროულად დაესვას წერტილი, აბსოლუტურად გამართლებული და დროული იყო.

ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ეჩმიაძინს არა აქვს, რაც ამ შეხვედრაზეც კარგად გამოჩნდა. გარეგინ II ხისტი და პოლიტიკურად გაუმართლებელი განცხადებებით არის ცნობილი, თუმცა ზურაბიშვილთან შეხვედრისას მანაც ვერ მონახა შესაბამისი განმარტება და არგუმენტი იმის ასახსნელად, რაც ხდება.

რა თქმა უნდა, სომხეთი ჩვენი მნიშვნელოვანი მეზობელია, რომელთანაც აქტიური ურთიერთობა გვჭირდება, თუნდაც ვითარების დაბალანსებისთვის, მაგრამ ცნობილია, რომ შუბი ხალთაში არ იმალება და ამიტომ აუცილებელია ურთიერთპრეტენზიების განხილვა და პრობლემების მოგვარება.

- აქამდე ჩვენი ხელისუფლება ამ პრობლემებზე ლაპარაკს ერიდებოდა...
- დიახ, და ამიტომაც ვერც პრობლემების გადაჭრა ხერხდებოდა. იმედია, სალომე ზურაბიშვილის გამბედაობა რეალურად შეცვლის ვითარებას. ის უკომპრომისო ადამიანია, დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში რაც სათქმელია, ყველაფერს ამბობს და იტყვის მომავალშიც.
სხვათა შორის, უახლოეს მომავალში იგეგმება მისი ვიზიტი ირანში, სადაც მას დიდი ინტერესით ელიან. უკვე ბევრი საკითხი დაგროვდა, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში უხერხულობას აჩენს. ირანში თვლიან, რომ საქართველოს დღეს ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ამ საკითხების მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება. იგულისხმება არა მხოლოდ საქართველოსა და ირანის ურთიერთობა, არამედ უფრო ფართო გეოპოლიტიკური საკითხები და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაც კი. რადგან ირანს შევეხე, ორიოდე სიტყვას ვიტყვი ამ ქვეყანასთან ჩვენს დამოკიდებულებაზე.

საქმე ის არის, რომ თავის დროზე სავიზო რეჟიმი ისე გაუქმდა, რომ ძალიან ბევრი რამ არ გათვალეს. ჩვენში ხომ ასე ხდება - ჯერ გადაწყვეტილებას იღებენ და შემდგომ იწყებენ ფიქრს. მოკლედ, ამ ჩვენმა გაუთვლელმა საიმიგრაციო პოლიტიკამ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და დამოკიდებულება ირანთანაც აშკარად გვიფუჭდება. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა, მით უფრო მასა და აშშ-ს შორის უკიდურესად გართულებულ ვითარებაში პატარა საქართველოს შუამავლის მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

ირანი უზარმაზარი პოტენციალისა და რესურსის მქონე ქვეყანაა. ის დღეს თავს რუსეთის მოკავშირედ თვლის, თუმცა ხშირად ეს მოკავშირეობა ეფემერულია. მიუხედავად რუსეთის უზარმაზარი ზეწოლისა, რაც ჩემი თვალით ვნახე, ირანი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

არადა, დღეს ჩვენში საკმაოდ გაძლიერდა ანტიირანული განწყობა, შესაძლოა ნაწილობრივ სამართლიანადაც ზემოთ ნახსენები არასწორი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო.
აქ, ფაქტობრივად, ირანული კრიმინალური დაჯგუფებები ჩამოყალიბდა, რომლებიც, მაგალითად, ბინათსარგებლობის საქმეში თანამემამულეებს ატყუებენ და ძარცვავენ, განუკითხაობა იყო მიწის ყიდვა-გაყიდვის საქმეშიც, რისი რეგულაციებიც ახლახან დაწესდა.

გარდა ამისა, ირანი ნარკოტრაფიკის წყაროდ იქცა. უკვე ცნობილია "თავრიზის დაჯგუფება", რომელიც ნარკოტიკების გავრცელებითაა დაკავებული. დღეს 170 ირანელი მოქალაქეა ქართულ ციხეებში და ეს საქართველოს ხელისუფლების გაუთვლელი პოლიტიკის დამსახურებაა.

ახლა ადგნენ და რევერსულად მოქმედება გადაწყვიტეს. შარშან საქართველოში ირანიდან 300 000 კაცი იყო ჩამოსული ტურისტად, ბოლო ხანს კი 3000 კაცამდე უკან გააბრუნეს. ბევრს ბინადრობის უფლება შეუჩერეს, მიწის მფლობელობაც შეუზღუდეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ლამის გააჩერონ ირანის ავიაკომპანიის რეისები საქართველოში, რაც არაფრით არ შეიძლება. აქაც მედალს ორი მხარე აქვს: არ შეიძლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა - თუ რამეს აკეთებ, ცივილიზებულად უნდა გააკეთო: ერთი მხრივ, უნდა დაიცვა შენი ინტერესები, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ირანიდან ამხელა ტურისტულ პოტენციალზე უარის თქმა და უზარმაზარი ფულის დაკარგვა,
არც ის, რომ შუამავლის როლზე ჩვენი ნებით ვთქვათ უარი და ირანს რუსული ნარატივით მოქმედებისკენ ვუბიძგოთ.

- რას ფიქრობთ "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე, რა შეიძლება შეიცვალოს ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით?
- ჯერჯერობით ღარიბაშვილის დაბრუნების შედეგებზე ლაპარაკი ძალიან რთულია, თუმცა ერთიცაა, ერთი კაცის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. დღეს "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაცემული დაპირებების შესრულება,
არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები, არამედ რეგიონულ პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაც, მათ შორის რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე და პლუს საკადრო პოლიტიკის გაჯანსაღება. ჯერჯერობით არც ერთი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, პირიქით, პრობლემები გაიმრავლეს სასამართლოსა და ანაკლიის თემებით. მოკლედ, ფუნდამენტური ცვლილებების ნიშანწყალი არ ჩანს. არ ვიცი, რას აპირებს "ქართული ოცნება"!

იცით, ყველაზე ცუდი რა არის? მმართველ ძალას უკვე ეჭვით უყურებენ ჩვენი მეგობრები და ვითარების გაუარესებას ცდილობენ ჩვენი მტრები.
ანაკლიის პორტის გამო წარმოშობილმა პრობლემებმა ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ძალიან გააღიზიანა, ევროპელი პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, რაც ნიშნავს, რომ აშკარად ეჭვით უყურებენ ამ სისტემაში თითქოს ჩატარებულ რეფორმებს და იმასაც, რის გაკეთებასაც აპირებს საქართველოს ხელისუფლება.

უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ივანიშვილს შეხვდა, თავისთავად ძალიან საყურადღებო აქცენტია. ასეთი დონის პოლიტიკური ფიგურები შემთხვევით არ ჩამოდიან. მოკლედ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დარჩა ძალიან ცოტა დრო, შეიძლება სულ რაღაც ერთი თვეც, იმისთვის, რომ ცვლილებები დაიწყოს. ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ.

ქვეყანა რთულ ვითარებაშია, მმართველი ძალა, მით უფრო.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები