"დიახ, ირაკლი ალასანიას დაკავებას 2014 წელს აპირებდნენ..." - კვირის პალიტრა

"დიახ, ირაკლი ალასანიას დაკავებას 2014 წელს აპირებდნენ..."

გასულ კვირას რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა, მაგრამ ვერ დააკავა. მის განცხადებას დიდ რეზონანსი მოჰყვა. ამ და სხვა საკითხებზე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე გვესაუბრა.

- გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა რამდენიმე საათში პოსტის დატოვება გადაიფიქრა. მიუხედავად არაერთი ბრალდებისა, ის ამ თანამდებობაზეა უკვე 7 წელია. როგორ ფიქრობთ, როგორ ახერხებს პოსტის შენარჩუნებას?

- თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილს ყველა სურვილი შეუსრულა: კაბელების საქმის დროს მის გუნდში დარჩენა, სასამართლოს თუ პროკურატურის რეფორმა და ა.შ. თეა წულუკიანი გამოირჩევა იმ კურსით, რომელიც "ოცნების" იდეოლოგიური საყრდენია - ეს არის სიძულვილის კურსი.

თუ გავიხსენებთ წულუკიანის გამოსვლებს, ყველაში ჩანს ცინიკური ადამიანი.

წულუკიანმა უცნაური განცხადება გააკეთა: ეს დაპირისპირება არ ეხება სასამართლოს და არც ერთ კანონპროექტს, რომლებიც პარლამენტში გადისო. თუ ღირებულებებზეა ლაპარაკი, მაშინ მხოლოდ სასამართლოს საკითხზე უნდა ჰქონოდა პროტესტი, თუმცა მან ბრძანა, ეს ჩემთვის ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს ეხება უფლებამოსილებას, თანამდებობა კი არ არის ჩემთვის ფასეულიო. ამით გამოჩნდა, რომ ღირებულებების უქონელი ადამიანისთვის "ოცნებაში" ადგილი მუდმივად არის.

სრულიად ცხადი იყო, რომ მან სპეციალურად წამოსწია ეს თემა და არაფერსაც არ გაუჟონია მედიაში, როგორც თავად განაცხადა. აშკარად გამოჩნდა, რომ მან თავისი პირობები წამოაყენა.

- რატომ შემოსწყრა ივანიშვილი ალასანიას? - ის, რომ ივანიშვილმა კაბელების საქმით ალასანიას შეუტია, ყველასთვის ნათელია. 2014 წელს უნდოდა კიდეც მისი დაკავება. ახალი ამაში არაფერია. უბრალოდ, ეს ახლა თქვა რესპუბლიკური პარტიის წევრმა. სხვა პოლიტიკურმა პარტიამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, საქმე შეთითხნილი იყო, ირაკლი ალასანია ითხოვდა, მე დამიჭირეთ და ეს ბიჭები გაუშვითო. იცოდა, რომ ეს შეკერილი საქმე მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა - ალასანია კოალიციიდან გაეშვა და მერე დაეკავებინა კიდეც.

ირაკლი ალასანია პროდასავლური ღირებულებებისა და მისწრაფებების ადამიანია. ასე რომ, ახლა აღარ მიკვირს, რატომ აითვალწუნა ივანიშვილმა. თუმცა თავის დროზე ეს აბსოლუტურად გაუგებარი იყო, "თავისუფალი დემოკრატები" ხომ თავდაუზოგავად ვიბრძოდით ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

- რამ შეუშალა ხელი ივანიშვილს ალასანიას დაპატიმრებაში?

- პირველი შეტევა 2013 წლის დამდეგს იყო, როდესაც ახალი მოსული ვიყავით ხელისუფლებაში. მაშინ მან ალასანია ვიცე-პრემიერობიდან მოხსნა. აპირებდა თავდაცვის მინისტრობიდან მოხსნასაც, მაგრამ გადაიფიქრა. როდესაც კაბელების საქმე დაიწყო, აშკარა შეიქნა, რომ სამიზნე ირაკლი ალასანია იყო. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, მით უმეტეს, კრიმინალური ამ საქმეში არაფერი იყო, ამიტომ ვეღარ გაბედა ივანიშვილმა მისი დაკავება.

- ანუ პოლიტიკურად ირაკლი ალასანიას განადგურება ივანიშვილს თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი? - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩვენ და რესპუბლიკური პარტია კოალიციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ძალა ვიყავით. ჯერ ჩვენზე მოიტანეს იერიში, განსაკუთრებით ირაკლი ალასანიაზე, რასაც კოალიციიდან ჩვენი გასვლა მოჰყვა, შემდეგ რესპუბლიკელებზე იდეოლოგიური შეტევის ჯერიც დადგა და ისინიც გავიდნენ კოალიციიდან. ალასანიას შემდგომ მან ყველა დამოუკიდებელი პოლიტიკური პირიც ჩამოიშორა და მიიღო ერთსახოვანი მასა, რომელსაც "ქართული ოცნება" დაარქვა.