ალეკო ელისაშვილი: "ბიზნესმენები საარჩევნოდ დებენ ფულს პარტიებში და მერე ერთიასად იღებენ" - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: "ბიზნესმენები საარჩევნოდ დებენ ფულს პარტიებში და მერე ერთიასად იღებენ"

"ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილის, ლაშა ნაცვლიშვილისა და ფარცხალაძის ამარაა დარჩენილი", - ამბობს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი.

- ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს, მხოლოდ ერთ კაცს ექვემდებარებიან. ხელში გვაკვდება სახელმწიფო.

შეიძლება რიგითი მოქალაქისთვის გაუგებარი იყოს და არც ადარდებდეს "თიბისი ბანკის" საქმე - ფიქრობდეს, რომ ერთი მილიონერი ივანიშვილი მეორე მილიონერ ხაზარაძეს ანგარიშს უსწორებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უკვე 7 წელია ყველაფერი გაჩერებულია, დღითი დღე უკან-უკან მივდივართ, ვღატაკდებით. აბა, ყველამ გაიხსენოს თავისი ვალები, კრედიტები და ისიც გაიხსენოს, რამხელა ჯიპებით დადის, რა კორუფციასა და ფუფუნებაში ცხოვრობს ხელისუფლება. ქვეყანა თავზე გვემხობა. ამიტომ, ვისაც ქვეყანა ედარდება, ივანიშვილი უნდა გავუშვათ, მაგრამ ისე, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს თეთრ ცხენზე ამხედრებული.

- პირადად თქვენ რას აპირებთ, ოპოზიციასთან თუ გაქვთ მოლაპარაკებები? - ლაპარაკი ყველასთან შეიძლება, ბევრთან მაქვს კიდეც, მაგრამ გაერთიანებას არავისთან ვაპირებ. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ "ოცნება" ჩამოშორდეს ხელისუფლებას და "ნაცმოძრაობა" არ დაბრუნდეს, ყველას დაველაპარაკები. რა თქმა უნდა, რუსეთის აგენტებისა და ქვეყნის მტრების გარდა. მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად რეგიონულ ოფისებს ვაფუძნებ, აქტიურ ადამიანებს ვიკრებ... არ გამოვრიცხავ, რომ შევქმნათ პოლიტიკური ორგანიზაცია და მოვემზადოთ 2020 წლისთვის.

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა, არაერთმა ბიზნესმენმა გამოთქვა ხელისუფლებით უკმაყოფილება. როგორ ფიქრობთ, ამჯერად ოპოზიციურ პარტიებს ხომ არ დააფინანსებენ? - ყოველთვის გავურბოდი ქართველ ბიზნესმენებთან ურთიერთობას, იმიტომ, რომ ჩვენთან მახინჯი ტრადიციაა - ბიზნესმენები საარჩევნოდ დებენ ფულს პარტიებში და მერე ერთიასად იღებენ. ამას ყოველთვის მოჰყვება ვალდებულებები.

არა მგონია, ჩვენთან იყვნენ ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც ქვეყნის განვითარებაზე ფიქრობენ და ოპოზიციას ვალდებულებების გარეშე აფინანსებდნენ. ახლა თუ აეხილებათ თვალები, ვერ გეტყვით, მაგრამ აქამდე პოლიტიკაში ჩადებული მათი ფული უფრო დიდ მოგებას, კორუფციასა და ათას მაიმუნობას ემსახურებოდა.

- რომ შემოგთავაზონ, არ აიღებთ? - გააჩნია. სადღაც ვიღაცის ფარულ ფულზე არ ვაპირებ დახურულ კარს მიღმა საუბარს. ვინმეს თუ ეყოფა გამბედაობა, გამჭვირვალედ, ვალდებულებების გარეშე დააფინანსოს ოპოზიცია, კარგი იქნება.

- "ოცნებაში" ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე რას ფიქრობთ? - ძალიან მეცინება, თან მედიამ "მეორედ მოსვლა" დაარქვა. ერთხელ რომ იყო, ხომ სულ კრამიტები დაამტვრია და ააშენა და ახლა მეორედ "ააშენებს". პრემიერი იყო და, ვერაფერი გააკეთა, ყველას უხერხულობის განცდას გვიჩენდა, გვეშინოდა, უცხოეთში ვიზიტისას რამე სამარცხვინო არ დაებრეხვებინა. ღარიბაშვილის დაბრუნებით იმის ჩვენება უნდათ, აი, მთლად თავზე არ დაგვმხობია "ქართული ოცნება", ყველა კი არ გარბის, ვიღაცები ბრუნდებიანო. დააბრუნეს თორემ, მაგათმაც შეარჩიეს რა, დიმიტრი ყიფიანი ან ილია ჭავჭავაძე!

- სამთავრობო ცვლილებებს ელოდებით? - ივანიშვილს რამის გაკეთება თუ უნდოდა, ამისთვის 7 წელი და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. თავის თავს მოატყუოს, რომ ჭარბი ნდობა აქვს. რაც უფრო დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში, მით უარესად გავღატაკდებით. თუ დროზე გააცნობიერებს, რომ უნდა წავიდეს თავის მექრთამეებთან ერთად, ეს მისთვისაც და ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნება.