საზღვაო თუ სამხედრო პორტი? - კვირის პალიტრა

საზღვაო თუ სამხედრო პორტი?

რა შენდება ოკუპირებულ ოჩამჩირეში

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის კვალდაკვალ ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთმა ოჩამჩირის პორტში შავი ზღვის ფლოტის ბაზის მშენებლობა დაიწყო. რუსული და აფხაზური მედია ავრცელებენ შავი ზღვის ფლოტის მთავარსარდალ ვლადიმერ ვისოცკის განცხადებას, რომ ბაზირების პუნქტის მშენებლობა ორი-სამი წელიწადი გაგრძელდება და იქ ცალკეული ტაქტიკური ჯგუფები განლაგდება.

"ეს არ იქნება გათვლილი მსხვილი ტვირთებისთვის. ოჩამჩირის ბაზას ქართული სპეცსამსახურების მხრიდან დივერსიებისა და ტერაქტების საფრთხეების პრევენციისთვის გამოვიყენებთ..." - აცხადებს ვისოცკი.

ოჩამჩირელი ქართველი, რომელიც ამ სამუშაოებშია ჩართული, "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

ვალერი: - რამდენიმე ქართველი აგვიყვანეს სამუშაოდ. გვკითხეს, საბჭოთა ჯარში თუ გიმსახურიათო და სამხედრო ბილეთები მიგვატანინეს... გალსა და ოჩამჩირეში მიწებიც აქვთ აღებული და იქ თალგამი, ჭარხალი, სიმინდი, კომბოსტო, სხვა ბოსტნეულიც მოჰყავთ. აქაურებს ამუშავებენ და დღიურად 30-35 ლარს უხდიან. რატომღაც მათაც სთხოვენ საბჭოთა ჯარის სამხედრო ბილეთს...

- რატომ? - არ ვიცი. ხუმრობდნენ კიდეც, ძალიან ცოტა აფხაზს აქვს სამხედრო ბილეთი, თავიდანვე პარაზიტები ყოფილანო...

- პორტის მშენებლობა დაწყებულია? - რამდენიმე ადგილას გაიჭრა არხი. ამბობენ, რომ ეს გრუნტის ამოღების წინა პირობაა. სანაპირო არხი ნაგვით არის სავსე, მოსახლეობა და მცირე მეწარმეები, რომელთაც საამქროები აქვთ და თევზს აწარმოებენ, ნაგავს პირდაპირ არხში ყრიან. ითქვა ისიც, რომ აქ განაწილებული სამხედროებისთვის სახლები შენდება... ჯერჯერობით, მხოლოდ ასეთი ფრაზები გვესმის: "პრეზიდენტის ბრძანებით!" "ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი თანახმაა!.." ერთი ვერსიით, აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზები საზღვაო მიმართულებით ფართოვდება. ამბობენ, სადესანტო გემები უნდა შემოვიდნენ და ამისთვის სანაპიროს გაფართოებაა საჭიროო... ისე, ოჩამჩირეში საზღვაო ბაზა საბჭოთა კავშირის დროსაც იყო. მახსოვს, 2008 წლის ომის დროს რუსული გემები მართლაც შემოვიდნენ.

- მოსახლეობა რას ამბობს? - პორტის უფროსი იქაური ანზორ ჟვანიაა, რომელიც ტექნიკურ საკითხებზეა პასუხისმგებელი. აფხაზები ჩივიან, რომ პორტი მხოლოდ სამხედრო დანიშნულების უნდა იყოს და სავაჭრო გემებთან საერთო არაფერი ექნება. რუსმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რადგან აფხაზეთი ისევ აუღიარებელი "ქვეყანაა", აქ ტვირთის შემოტანას ვერავინ გარისკავს და ოჩამჩირის პორტი სავაჭრო დატვირთვას ვერ შეიძენს... მოსახლეობას ქალაქში ტურიზმის განვითარება ერჩივნა, თუმცა ოღონდ იქაურობა გამოცოცხლდეს და, ალბათ, ყველანაირ ინიციატივას მიესალმებიან... რუსეთიდან ჩამოიყვანეს მძიმე ტექნიკა, რამდენიმე ადგილას გზა გააფართოეს, რადგან, როგორც ამბობენ, ავტობანი უნდა გაკეთდეს...

რას გულისხმობს რუსული პროექტი...

2015 წლის ნოემბერში რუსეთის ხელისუფლებაში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, ჩრდილო კავკასია და აფხაზეთი ერთმანეთს ჩქარი ავტომაგისტრალით უნდა დაჰკავშირებოდა. ტრასა ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთზე გაივლიდა, საიდანაც ყუბანისა და კოდორის ხეობის გავლით, აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროს დაუკავშირდებოდა. გეგმაში იყო ქალაქ ბაქსანის აეროპორტისა და ოჩამჩირის საზღვაო პორტის მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში 2,7 მილიარდი რუბლი უნდა გამოეყოთ. აფხაზური მედიის ცნობით, სწორედ ამ პროექტით დაიწყო ოჩამჩირეში მშენებლობები.

შარშან ზაფხულში რუსი ჟურნალისტი ალექსეი ბალიევი აფხაზეთში კიდევ ერთი პორტის მშენებლობაზე ლაპარაკობდა, კერძოდ, 2019 წლიდან სევასტოპოლს სოხუმთან ან ოჩამჩირესთან მუდმივი საზღვაო კავშირი უნდა ჰქონოდა.

P.შ. აფხაზები ამბობენ, რომ ოჩამჩირის პორტის მშენებლობა უფრო გავლენების განმტკიცებას ემსახურება და დასძენენ, რომ ანაკლიის მსგავსი პოტენციალი ოჩამჩირესაც აქვს, მაგრამ რუსეთს აქ სამხედრო გაძლიერება უფრო აინტერესებს...

ცნობისთვის - საბჭოთა კავშირის დროს ოჩამჩირეში წყალქვეშა გემების სადგური იყო და მათ იქვე არემონტებდნენ. ახლა ყველაფერი მოშლილია და ამის აღდგენას დიდი ფინანსები სჭირდება.