ხურვალეთი - სახიფათო "მხურვალება" - კვირის პალიტრა

ხურვალეთი - სახიფათო "მხურვალება"

ხურვალეთის მკვიდრი: "პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, თითქოს ესენი არიან გმირები"

15 მარტს სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.

სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. სალიას თქმით, ოკუპანტები მოსახლეობის ეზოებში იდგნენ.

ამას მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი და პანიკური განწყობები სოციალურ ქსელებში, წერდნენ, რომ რუსები სოფლის დასაკავებლად ემზადებოდნენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ ჯგუფის წევრებთან ერთად ხურვალეთში შესვლა სცადა, თუმცა საგუშაგოსთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არც მათ და არც ჟურნალისტებს შესვლის უფლება არ მისცეს.

ოფიციალური სტრუქტურები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ პანიკის საფუძველი არ იყო და რუსებს არ გადმოულახავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.

მეორე დღეს სამართალდამცავებმა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები შეიყვანეს. მათ დავით ხუროშვილისა და გია ბატონისაშვილის ბაღები დაათვალიერებინეს, სადაც რუსი სამხედროების გამოჩენაზე იყო საუბარი.

"თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ"

"მავთულხლართებთან იდგნენ, არ გადმოსულან, მე არ მინახავს ისინი. ჩვენი ბაღია, მე არ გავრბივარ და თქვენ სად გარბიხართ, დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ", - ამ სიტყვებით შეხვდა ხურვალეთის მოსახლეობის ნაწილი აქტივისტებს. აცხადებენ, რომ რუსებს ოკუპირებული ტერიტორიიდან ე.წ. საზღვარი არ გადმოულახავთ.

"თავის გამოჩენა და ქულების დაწერა უნდათ. რუსები ოკუპანტები არიან, მეც მებრძოლი ბიჭი ვარ და არც მე მინდა, რომ დადიან, არ მსიამოვნებს, მაგრამ მივიდეთ, ვეჩხუბით, ვაგინოთ და ვლანძღოთ, ამით რა გამოვა? ომს მოვიგებთ და ტერიტორიებს დავიბრუნებთ?" - აცხადებს ხურვალეთის მკვიდრი.

ადგილობრივმა გივი კალმახელიძემ ეს ამბავი პროვოკაციად შეაფასა და ჟურნალისტებთან რუსი ჯარისკაცების მიერ საზღვრის დარღვევის ფაქტი უარყო: "საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები. პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, თითქოს ესენი არიან გმირები".

"დავუშვათ, მე მატყუარა ვარ, მაშინ რატომ არ მომთხოვეს რომ ჩემს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია უარმეყო?"

დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი:

- მოცემულობა ასეთია - რუსები იყვნენ და გავიდნენ. ახლა ჩვენი ჯგუფი შედის სოფელში, მაგრამ მე მთხოვეს, არ შევსულიყავი. ეს ცოტა გაუგებარია, მაგრამ გავითვალისწინე თხოვნა. რაც მთავარია, სიტუაცია განმუხტულია. როცა მონიტორინგის ჯგუფი გამოვა, დავტოვებთ ტერიტორიას, რათა სოფელმა ცხოვრება ჩვეული რიტმით განაგრძოს.

- თქვენს განცხადებას, შემდგომ კი ხურვალეთში ჩასვლას ბევრი პროვოკაციად აფასებს... - მაქვს კითხვა: გვაქვს თუ არა უფლება, ჩავიდეთ საქართველოს ნებისმიერ ადგილას, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება და დავეხმაროთ მოსახლეობას? ჩვენი აქციის მიზანიც ეს იყო. 21 თვეა ყოველდღიურად ვპატრულირებთ მთელ რეგიონში. უამრავი სოფლის მოსახლეობას ვეხმარებით. ეს აქციაც რიგითი დახმარება იყო. ხაზს ვუსვამ - ჩვენ მიწა უნდა დაგვემუშავებინა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ეს დავაანონსეთ, კონსპირაციული და დივერსიული ამ აქციაში არაფერი იყო. თავად ქალბატონმა ციური ხუროშვილმა გაახმაურა საკუთარი გასაჭირი, მას საოკუპაციო ხაზთან მდებარე თავის ბაღში შესვლის ეშინია. ამის შემდეგ შევთავაზეთ მას დახმარება, რომელიც დიდი სიხარულით მიიღო. როდესაც ეს დავაანონსეთ, ძალოვან სტრუქტურებთანაც გვქონდა კომუნიკაცია. მათ მიუღიათ სიგნალი, რომ ჩვენს ინიციატივას დაძაბულობა მოჰყვა და ამიტომაც ვითარების განსამუხტავად აქცია გადავდეთ, იმ მიდამოებში არც გამოვჩენილვართ. ჩვენ არც დაგვიგეგმავს ხურვალეთში ჩასვლა, ატოცში ვპატრულირებდით.

- მაშინ რატომ იყვნენ მობილიზებული პოლიციის თანამშრომლები საზღვართან? - იმიტომ, რომ რუსები შემოვიდნენ და დაიკავეს ბაღები. ეს ინფორმაცია ლუდა სალიამ გაახმაურა და ბაღის პატრონმაც დაადასტურა, რომ რუსებს დაკავებული ჰქონდათ მისი ტერიტორია.

ჩემთვის ნათელია, რატომ დამალეს ეს ინფორმაცია: რუსების გაღიზიანებას ერიდებიან. ამას მოჰყვა ტროლების შეტევა ქალბატონ ლუდაზე, ჩემსა და ჩემს ორგანიზაციაზე, რომ თურმე ჩვენ ვპროვოკატორობდით. რუსი სამხედროები რომ მართლაც გადმოვიდნენ, უკვე ყველა სტრუქტურა ადასტურებს. ეს ინფორმაცია საჯარო უნდა ყოფილიყო, ამით ხელისუფლება ქულებს დაიწერდა, რომ ყველა ბერკეტის ამოქმედებით 3-4 საათში რუსები გაიყვანა ტერიტორიიდან. მე, პირიქით, საამაყო მგონია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მოახერხეს რუსი ოკუპანტების გაყვანა და ტერიტორიის შენარჩუნება. დავუშვათ, ჩვენ მოვიტყუეთ ან ავყევით ქალბატონი ლუდას "ფანტაზიას". ჯარიაშენში ვიყავით, როცა მან დამირეკა, და 20 წუთში ხურვალეთის საგუშაგოზე გავჩნდი. ლოგიკურ კითხვას დავსვამ:

თუ არაფერი ხდებოდა და ეს იყო ჩვეულებრივი დღე, ოკუპანტები თუ არ გადმოსულან, მაშინ რატომ არ მომკიდეს ხელი მე, დეზინფორმატორსა და მატყუარას, არ შემიყვანეს ტერიტორიაზე და არ მომთხოვეს, რომ ჩემი გავრცელებული დეზინფორმაცია უარმეყო? ან ჟურნალისტებს რატომ არ უშვებდნენ?

- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისაიმ თუ დაადასტურა ეს ფაქტი? - ევროკავშირის მისიამ დაწერა, არ შეინიშნება ბორდერიზაციის ნიშნებიო. არც არავის უთქვამს, რომ რუსები მავთულხლართებს ავლებდნენ. ევროკავშირის შეფასება მართებული იყო, მაგრამ მისიამ რატომ მოითხოვა შეხვედრა რუსებთან, როცა ერგნეთის შეხვედრა 24 თუ 25 მარტსაა დანიშნული?

ყველა მოცემულობა გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ რუსები მართლაც შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე.