"გარეგინ II ხისტი განცხადებებით არის ცნობილი, თუმცა ზურაბიშვილთან შეხვედრისას მანაც ვერ მონახა შესაბამისი განმარტება" - კვირის პალიტრა

"გარეგინ II ხისტი განცხადებებით არის ცნობილი, თუმცა ზურაბიშვილთან შეხვედრისას მანაც ვერ მონახა შესაბამისი განმარტება"

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს სომხეთში სომხურ და რუსულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს პრეზიდენტის მკაცრი განცხადებების განხილვასთან ერთად, სომხური მხარე იმის გამოც გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ ზურაბიშვილი პირველად აზერბაიჯანში ჩავიდა და შემდგომ სომხეთში. ასევე საინტერესოა, რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილის მიერ გახმაურებულ პრობლემებზე? ამაზე ჯერ ვერაფერი მოვისმინეთ...

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ვიზიტს ექსპერტი მამუკა არეშიძე აფასებს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

- მართალია, მთავრობის განცხადებები ამ თემაზე არ მოგვისმენია, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: სალომე ზურაბიშვილი არსად ისე არ მიდის, რომ კონკრეტულ ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობასთან ერთად არ ჰქონდეს დამუშავებული. რაც მან თქვა, აუცილებლად იქნებოდა განხილული მთავრობის წარმომადგენლებთან. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად შეთანხმებული იყო, მაგრამ იქნებოდნენ ამაზე ინფორმირებული. ერთიცაა, სერიოზულმა სომხურმა ისტებლიშმენტმა კარგად იცის, რატომ ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი პირველად აზერბაიჯანში. ისიც კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილი სადაც უნდა ჩავიდეს, ის საქართველოს წარმოადგენს, თუმცა მის სამუშაო პორტფელში აუცილებლად არის გზავნილები ევროპიდანაც.

ის ახალგაზრდა, რომელიც სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ხელმძღვანელობს, იმ პოზიციიდან ლაპარაკობს, რაც პოპულარულია სომეხ საზოგადოებაში. თურმე უსიამოვნო ნალექი დარჩა ბაქოში ყარაბაღის საკითხზე ჩვენი პრეზიდენტის განცხადებით, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს: ამ განცხადებამდე მთიანი ყარაბაღიდან არაერთი ვიზიტი ყოფილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, რის გამოც ძალიან უკმაყოფილო იყო ქართული მხარე, თუმცა ამას არავინ ამბობდა, ახლა კი სალომე ზურაბიშვილმა სავსებით დროულად მიუთითა სომხეთის ხელისუფლებას ამ პრობლემაზე.

მამუკა არეშიძე

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს დიპლომატია არ ეშლება. ვინმეს მისი ნათქვამი შეიძლება მკვახედ მოეჩვენოს, მაგრამ მან გააკეთა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი განცხადებები. ასევე უმნიშვნელოვანესია ის პოზიცია, რაც მან გარეგინ II-სთან შეხვედრისას გამოხატა, როდესაც საუბარი შეეხო აფხაზეთის სომხური ეკლესიის დაქვემდებარების საკითხს. ვფიქრობ, ეს საკითხი თვითონ ეჩმიაძინისთვისაც უხერხული თემაა. შესაბამისად, ზურაბიშვილის განცხადება, რომ ეს ვითარება უნდა გაირკვეს და დროულად დაესვას წერტილი, აბსოლუტურად გამართლებული და დროული იყო.

ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ეჩმიაძინს არა აქვს, რაც ამ შეხვედრაზეც კარგად გამოჩნდა. გარეგინ II ხისტი და პოლიტიკურად გაუმართლებელი განცხადებებით არის ცნობილი, თუმცა ზურაბიშვილთან შეხვედრისას მანაც ვერ მონახა შესაბამისი განმარტება და არგუმენტი იმის ასახსნელად, რაც ხდება.

რა თქმა უნდა, სომხეთი ჩვენი მნიშვნელოვანი მეზობელია, რომელთანაც აქტიური ურთიერთობა გვჭირდება, თუნდაც ვითარების დაბალანსებისთვის, მაგრამ ცნობილია, რომ შუბი ხალთაში არ იმალება და ამიტომ აუცილებელია ურთიერთპრეტენზიების განხილვა და პრობლემების მოგვარება.

- აქამდე ჩვენი ხელისუფლება ამ პრობლემებზე ლაპარაკს ერიდებოდა...

- დიახ, და ამიტომაც ვერც პრობლემების გადაჭრა ხერხდებოდა. იმედია, სალომე ზურაბიშვილის გამბედაობა რეალურად შეცვლის ვითარებას. ის უკომპრომისო ადამიანია, დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში რაც სათქმელია, ყველაფერს ამბობს და იტყვის მომავალშიც.

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში" - რა შეახსენა სალომე ზურაბიშვილმა სომეხ პოლიტიკოსებს