"როცა მესმის, ძველები წავიდნენ და "ოცნების" რიგები ახლით შევავსოთო, მახსენდება, საბჭოთა კავშირის დროს, მწერლებად მუშები რომ გაიწვიეს" - კვირის პალიტრა

"როცა მესმის, ძველები წავიდნენ და "ოცნების" რიგები ახლით შევავსოთო, მახსენდება, საბჭოთა კავშირის დროს, მწერლებად მუშები რომ გაიწვიეს"

დანტე ალიგიერის საზოგადოებამ პოეტი დათო მაღრაძე ოქროს მედლითა და საპატიო დიპლომით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიალი რომში, პალაცო ფირენცეში, დანტე ალიგიერის საზოგადოებაში გაიმართა.

იტალიაში გამგზავრებამდე დათო მაღრაძემ ინტერვიუ გაზეთ"კვირის პალიტრას" მისცა, რომლიდანაც გთავაზობთ ფრაგმენტებს. მოგეხსენებათ, მას კიდევ ერთხელ უწევს საზოგადოებრივ ასპარეზზე გააქტიურება და ამჯერად "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უპირისპირდება.

დათო მაღრაძე:

- გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო", რომლის თავმჯდომარეც მე ვარ. ეს საზოგადოება ბოლო დროს აღარ აქტიურობდა, მაგრამ არ გაუქმებულა, არსებობს თავისი შინაარსით, წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ჩვენში ხშირად ზოგი თავის წარსულზე ამბობს

უარს, ზოგიც მომავალზე. ჩვენ ორივეს ვაღიარებთ. ჩემთვის ძალიან დიდი ფასი აქვს მემკვიდრეობითობის - წარსულის მქონე აწმყოს განცდას. ამდენად, მოძრაობა "დაიცავი საქართველო" ძალიან საინტერესო ბიოგრაფიისა და შინაარსის საზოგადოებაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სახელისუფლებო სასტიკი რეპრესიების დროს შეიქმნა იმ ღირებულებების დასაცავად, რაც ჩვენი წინაპრებისგან გვერგო მემკვიდრეობით.

- ახლა რის დაცვას აპირებთ?

- ახლაც ამ ღირებულებებს ვიცავთ... როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოსამართლეების საკითხში თავისი არჩევანი გააკეთა, ეს ნიშნავდა, რომ მან გადაწყვიტა ქვეყანას, საზოგადოებას მშვენიერებად სიმახინჯე შეასაღოს. არადა, ჩემი აღქმით, ეს არის ზნეობრივი არჩევანი, "ქართულმა ოცნებამ" კი არასწორი გზით სიარული გადაწყვიტა. აი, ამ ღირებულებების აღრევის გამო მივიჩნიე საჭიროდ ამ საზოგადოების გაცოცხლება. მივიჩნიე იმიტომაც, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე ივანიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირებაში არ უნდა ჩარჩეს. ჩვენი ქვეყანა ამ პოლიტიკური ორპოლუსიანი სისტემისგან უნდა გათავისუფლდეს.

... - იქნებ პირდაპირ მიპასუხოთ, ეს მოძრაობა საბოლოოდ გარდაიქმნება პოლიტიკურ ძალად?

- ეს იქნება საზოგადოებრივი მოძრაობა, მაგრამ მას ექნება გავლენა პოლიტიკაზეც და ყოველდღიურ ცხოვრებაზეც...

მოდი, განვსაზღვროთ, რას ვგულისხმობთ ტერმინ "პოლიტიკაში". თუ პოლიტიკას ვარქმევთ ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ეს ერთია, მაგრამ თუ ამაში პარტიულ ცხოვრებას ვგულისხმობთ, ეს სხვაა.

მე პარტიულ მოღვაწეობას არ ვაპირებ, მაგრამ 2020 წლისთვის თუ გამოიკვეთება ის პოლიტიკური შემადგენელი, რომლის მიმართაც სიმპათია გვექნება, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ.

არ ვიცი, ჩვენი წიაღიდან აღმოცენდება ახალი ძალა თუ ჩვენი მოძრაობის მიღმა, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ხვალინდელი დღის გამოწვევას პასუხობდეს - დემოკრატიის, მმართველობის, აზროვნების კატეგორიის და ზნეობრივი არჩევნის თვალსაზრისით.

დღეს რა მივიღეთ? ძველი, რეპრესიული ხელისუფლების უსამართლობის ბურჯები დღევანდელმა ხელისუფლებამ მოძებნა და ამ ბურჯებზე გადაწყვიტა თავისი სამართლის დაშენება. არ მინდა პარალელად ჩამითვალოთ, თვალსაჩინოებისთვის ვამბობ: ქრისტემ პეტრე მოციქულზე ააშენა ქრისტიანობა, იუდაზე ქრისტიანობა არ შენდება. არ შეიძლება რეპრესიული მანქანის ბურჯებზე აშენდეს დემოკრატია და სამართალი ქვეყანაში. ამიტომ გაჩნდა აუცილებლობა, რომ ხვალინდელი დღის ახალ გამოწვევებს განახლებულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ უპასუხოს.

...

როდესაც მესმის, ძველები წავიდნენ და ჩვენი რიგები ახლით შევავსოთო, ერთი ამბავი მახსენდება: საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ქართულ სახელოვნებო სამყაროში გატარებული რეპრესიების შედეგად მწერალთა რიგები შეთხელდა, გამოვიდა ერთი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, სამწერლო ასპარეზის შევსება ახალი ძალებით უნდა მოეხდინათ. ჰოდა, ადგნენ და მწერლებად მუშები გაიწვიეს.

დაახლოებით ასეთი სურათი დაიხატა ახლაც. ერთი შეხედვით კარგი განზრახვაა ახალგაზრდების მიზიდვა პარტიაში, მაგრამ რას ახვედრებენ მათ? დამსხვრეულ სამართალს? რა ზნეობრივ პრინციპებზე უნდა ჩამოყალიბდეს ახალგაზრდა ადამიანი პოლიტიკოსად? მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართალზე?

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად