ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა კენჭისყრამდე, თავად დატოვა - კვირის პალიტრა

ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა კენჭისყრამდე, თავად დატოვა

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა. ამის შესახებ კვაჭანტირაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, განცხადების წარდგენას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ის დღეს აპირებდა, თუმცა, განმეორებით გამართულ ბიუროს სხდომაზე არ მიიწვიეს.

"როდესაც ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა, მე გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ გადავწყვიტე დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს. მე რომ ბიუროზე მიმეღო მონაწილეობა, დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება. შემიძლია ეს განცხადება ახლავე გადმოგცეთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც თქვენი სინდისით დღეს იხელმძღვანელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს. ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია და ჩათვალეთ, რომ ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან თავდაპირველად გამართული კენჭისყრისას ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი იყო, 8 წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი"