"შეიძლება ხალხმა შიმშილი მოითმინოს, უმუშევრობა მოითმინოს, მაგრამ უსამართლობას არ მოითმენს" - კვირის პალიტრა

"შეიძლება ხალხმა შიმშილი მოითმინოს, უმუშევრობა მოითმინოს, მაგრამ უსამართლობას არ მოითმენს"

შეიძლება ხალხმა შიმშილი მოითმინოს, გაჭირვება მოითმინოს, უმუშევრობა მოითმინოს, მაგრამ უსამართლობას საზოგადოება არ მოითმენს,- ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ფოფხაძის თქმით, ქართული მართლმსაჯულების და საქართველოს დაცვა ყველა ადამიანის მორალური ვალდებულებაა.

"მე ვიცი, რომ პროცესი ქვეყანაში უკვე დაწყებულია და ხალხს უნდა სამართლიანობა, ამას ხალხი ითხოვდა ჩვენამდეც და სანამდე იარსებებს ეს ქვეყანა, მანამდე ექნება ქართველ ხალხს სამართლიანობის მოთხოვნა. შეიძლება ამ ხალხმა შიმშილი მოითმინოს, გაჭირვება მოითმინოს, უმუშევრობა მოითმინოს, ბევრ რაღაცას გადაიტანს ეს ხალხი, მაგრამ უსამართლობას საზოგადოება არ მოითმენს. ჩვენც ვიგრძენით ჩვენს თავზე, რომ ჩინჩალაძის სია ვერ გავიდოდა, გავიდოდა და დამთავრდებოდა ყველაფერი, ჩვენ დავმთავრდებოდით თუ ჩინჩალაძის სია გავიდოდა შარშან დეკემბერში.

ახლა ნუ შევუწყობთ ისეთი სამართლებრივი რეგულაციებით ხელს ამ პროცესს, რომელიც მაინც ჩვენ მოგვიბრუნდება. ფაქტობრივად მიდის პროცესი, რომლის დროსაც ისევ უკვე სამართლებრივად დალაგებული გზით, იუსტიციის საბჭოს ეძლევა საშუალება თავისი სია, თავისის სატელიტები, თავისი მართვადი აგენტურა შეიყვანოს უზენაეს სასამართლოში, აი ეს პროცესი არ უნდა შედგეს, ამის მორალური ვალდებულება ყველას გვაქვს და ეს მორალური ვალდებულება გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ქართული მართლმსაჯულება და დავიცვათ საქართველო. ჩვენ სხვა მორალური არჩევანი ამ ვითარებაში არ გვაქვს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"ინტერპრესნიუსი"