"არა ჩვენი პრეზიდენტი" - კვირის პალიტრა

"არა ჩვენი პრეზიდენტი"

"სააკაშვილი მამაჩემის ძეგლის გახსნაზე მეკეკლუცებოდა"

სააკაშვილის სკანდალური ინტერვიუ ქსენია სოკოლოვასა და ქსენია სობჩაკთან გლამურულ ჟურნალ GQ-ში გამოქვეყნდა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან "არა ჩვენი პრეზიდენტი".

ახალგაზრდა ჟურნალისტებმა ვერაფრით გადაწყვიტეს, როგორ სამოსში გამოწყობილი, რა "დრეს-კოდით" ესტუმრონ პრეზიდენტ სააკაშვილს... და უეცრად კომპიუტერის ეკრანზე აციმციმდა თინა კანდელაკის ინტერვიუ, რომელშიც რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ქალბატონი მსუბუქად მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მას უკვე წლებია დევნის იმის გამო, რომ თავის დროზე სასიყვარულო აქტზე უარი უთხრა. ინტერნეტში სხვა მასალაც მოიძიეს:

"სააკაშვილი პორნოფილმის გმირი გახდა". "სააკაშვილმა თვითონ გადაიღო პორნოფილმი". "სააკაშვილი სექსუალური ტერორისტია"

- მორჩა, - კმაყოფილებით განაცხადა სობჩაკმა, - ყველაფერი გამოვა! ჩვენს საგაზეთო სვეტსაც ხომ "სექსი" ჰქვია. სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტი მეც მეკეკლუცებოდა.

- როდის?

- როდესაც დედასთან ერთად თბილისში მამაჩემის ძეგლის გახსნაზე ჩავედი.

პრეზიდენტი - მაღალი, სიმპათიური მამაკაცი ჩვენთან შესახვედრად ენერგიულად წამოიმართა. პერანგზე თეთრი (ჩვენი მინიკაბების ფერი) საყელო დემოკრატიულად გადაღეღოდა... სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ბლიც-ექსკურსია მოგვიწყო. ვიყავით საჩუქრების მუზეუმში. პრეზიდენტმა ამაყად წარმოგვიდგინა არაბი შეიხის საჩუქარი - ოქროს ხმალი ოქროს ქარქაშით და სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც თვით ჯორჯ ბუშმა აჩუქა. "ჩემი ზომა არ აღმოჩნდა", - აგვიხსნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლე საკმაოდ ლამაზი შენობაა, "დერჟავულ" პომპეზურობას მოკლებული. მთავარი შესასვლელიდან თბილისის ბრწყინვალე ხედი იშლება.

- რა არის ეს? - ვკითხე პრეზიდენტს და სიბნელეში მინის კონსტრუქციაზე მივუთითე.

- ეს ხიდია ფეხით მოსიარულეთათვის. ყველაზე გრძელი ევროპაში.

- ამ ქართველებს ყველაფერი ყველაზე დიდი და გრძელი აქვთ, - ჩაიბურტყუნა ქსენია სობჩაკმა.

სასახლის შესასვლელთან დაჯავშნილი "მერსედესი" მოსრიალდა. პრეზიდენტმა ჩვენ უკანა სალონში დაგვსხა, თვითონ კი წინ, მძღოლის გვერდით დაჯდა. ჯორჯ ბუშის ქუჩით კორტეჟი აეროპორტისკენ დაიძრა.

- რა მოხდება, თუკი რუსები ამწუთას თავს დაგესხმებიან? ჩვენ კი აქ ვართ...

- ნუ გეშინიათ, გოგონებო, - დაგვამშვიდა პრეზიდენტმა, - თქვენებმა არ იციან, როგორ მოიხმარონ Google Maps-ი (რუკა)...

"იცით, რომ ძალიან ცუდი გემოვნება გაქვთ"?

ბათუმში პრეზიდენტის თვითმფრინავით - ჩჰალლენგერ-ით გავფრინდით...

თავდაპირველად დისკოთეკაზე მივედით. საცეკვაო მოედანზე ჩვენი გამოჩენა იქ მყოფთ გაუხარდათ. ქართველი გოგონები პრეზიდენტთან ფოტოებს იღებდნენ, რაზეც ქსენია სობჩაკს პროფესიული ეჭვიანობის შეტევა დაემართა. ბათუმის ახალმშენებლობებმა გაგვაოგნა, ამდენი ახალმშენებლობა ერთად ბოლო დროს მხოლოდ შანხაიში ვნახეთ.

- ახლა კი გაჩვენებთ სახლს, რომლის ფასადი თვითონ დავხატე.

ჩვენ საოცარ შენობას მივუახლოვდით, რომელმაც პოეტ კორნეი ჩუკოვსკის ლექსის სტრიქონი მოგვაგონა: "დაკლაკნილი მდინარის მიღმა დაკლაკნილ სახლში ვცხოვრობთ"...

- მე, უბრალოდ, თავი მოვუყარე დიზაინის ყველა ჩემთვის საყვარელ ელემენტს და თითოეული ფანჯარა, თითოეული აივანი სხვადასხვანაირი გავაკეთე, - გვითხრა სააკაშვილმა.

ასეც იყო. ჩუქურთმიანი აივნები ფრანგული სტილის სარკმლებთან მონაცვლეობდა... აპოკალიფსურ დიზაინს მოოქრული გემბანი ამშვენებდა არაბული ზღაპრიდან.

- იცით, რომ ძალიან ცუდი გემოვნება გაქვთ? - ჩემი მკაცრი ხმით მსოფლიო ჰარმონია დაეკითხა პრეზიდენტს.

- რა თქმა უნდა, - მხიარულად გვიპასუხა პრეზიდენტმა, - მაგრამ მერიამ უკვე ყველა ბინა გაყიდა. წავიდეთ რესტორანში

- არ გეჩვენება, რომ პრეზიდენტი რაღაც... უცნაურია? - იკითხა სობჩაკმა.

- რატომ?

- რაღაც უცნაური მოტორიკა აქვს, სულ სადღაც გარბის... ერთ წუთს ვერ ჩერდება ერთ ადგილზე.

- ბევრ მამაკაცს იცნობ, რომელსაც შეუძლია 10 წუთი მშვიდად დაჯდეს ნაპირზე, პლაჟზე?

- არ ვიცნობ, მაგრამ ის მაინც რაღაცნაირია... არა, არ არსებობენ ასეთი პრეზიდენტები.

- რატომ?

- რაღაც არასერიოზულია, არანამდვილი, ხელოვნური. სად არის პათოსი, "დერჟავული" სიამაყე?

რატომ ცხოვრობს პრეზიდენტი სასტუმროს აპარტამენტებში?

- რა მარკის საათი გაქვთ?

- Burbery shport.

- მოდურია. როგორია თქვენი ხელფასი?

- 8.000 ლარი, დაახლოებით 4 ათასი დოლარი თვეში. ჩემი წინამორბედი 20 დოლარს იღებდა, მაგრამ ჩვენთან სახელმწიფო მოხელის ხელფასით არ ცხოვრობდნენ, ახლა ცხოვრობენ.

- თქვენ თვითონ სად ცხოვრობთ?

- თბილისში, ჩემს სახლში. აქ, ბათუმთან ახლოს მაქვს საპრეზიდენტო რეზიდენცია, მაგრამ იქ მოწყენილი ვარ, ამიტომ სასტუმროს აპარტამენტებში ვცხოვრობ.

- ღამის სამ საათზე არასდროს გძინავთ?

- თითქმის არასდროს.

- დღისით როგორ მუშაობთ?

- ცოტა ხანს მძინავს, 10 საათზე ვდგები.

"ყველა ვღეჭავდით ჰალსტუხებს, როცა პიონერები ვიყავით"

სოკოლოვა: - დააკმაყოფილეთ ჩვენი ცნობისმოყვარეობა და, ბოლოს და ბოლოს, ამცნეთ მსოფლიოსL, რატომ შეჭამეთ ჰალსტუხი?

სააკაშვილი: - ოჰ, როგორ მომბეზრდა ეს ისტორია ჰალსტუხზე!

სოკოლოვა: - ჰალსტუხზე იმიტომ კი არ გეკითხებით, რომ გვაინტერესებს, რომელ ქსოვილს მიირთმევთ საუზმეზე. საქმე ის არის, რომ ამ ისტორიას ეფუძნება, მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი თქვენი მედიასახე, როგორც ექსტრავაგანტური, უცნაური ადამიანის, რომელიც არაპროგნოზირებადია და საშიშია უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე.

სააკაშვილი: - გასაგებია. ომის მძიმე დღეებში ჩემს კაბინეტში ვიყავი. იქ ტელეკამერა იყო, რადგან დღეში რამდენჯერმე პირდაპირ ეთერში ინტერვიუს ვაძლევდი. კამერა ჩართული აღმოჩნდა იმ დროს, როცა პირდაპირი ეთერი არ უნდა ყოფილიყო. კადრები Youtobe-ზე მოხვდა. სულ ეს იყო. იმ დღეებში მართლა ძალიან ვღელავდი, ყოველ საათში მსხვერპლსა და ნგრევაზე ვიღებდი ინფორმაციას. არ ვიცოდი, რომ ტელეკამერა მუშაობდა  - ჩემს საქციელში ექსტრავაგანტურს ვერაფერს ვხედავ!

სობჩაკი: - და მაინც, "ღეჭავს ჰალსტუხს", - ეს პირველია, რაც Google-ში თქვენი გვარის აკრეფისას ჩნდება.

- ეს ხომ სისულელეა! უბრალოდ, სასაცილო ჩვეულებაა! ყველა ვღეჭავდით ჰალსტუხებს, როცა პიონერები ვიყავით.

სობჩაკი: - ჩვენ არ ვღეჭავდით.

სოკოლოვა: - რატომ განვითარდა ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის ასე კატასტროფულად?

სააკაშვილი: - ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩემსა და პუტინს შორის მსოფლმხედველობრივი სხვაობაა. პუტინს, გარკვეული თვალსაზრისით, ქუჩის ავტორიტეტის მენტალიტეტი აქვს, მე ყოველთვის ფრიადოსანი ვიყავი. მახსოვს, როცა სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ქუჩის ბიჭებთან შეტაკება მიხდებოდა, ვჩხუბობდი და თავს არავის ვაჩაგვრინებდი. რაღაც ასეთი ხდება პოსტსაბჭოურ სივრცეშიც, ქუჩის ავტორიტეტმა ხუთოსანს კისერში წაუთაქა, მან კი პანღური ამოარტყა. ამ დროს უბანში პოლიციელმა შემოიხედა და ყველანი ჩააწყნარა..

სობჩაკი: - ამბობენ, რომ საკმაოდ სკანდალური ახალგაზრდა იყავით, სტუდენტობისას პორნოფილმებს იღებდით.

სააკაშვილი: - პორნო არ გადამიღია. თბილისურ მაფიასა და მის მამხილებელ პატიოსან პოლიციელზე კი გადავიღე ფილმი, ალბათ, ეს კომისარ კატანიზე ცნობილი ფილმის გავლენაც გახლდათ.

ჟურნალ GQ-ის მიხედვით,  ნინო კვიტაშვილმა

გაზეთი "ყველა სიახლე" #39