"ზვიად კვაჭანტირაძის გაშვებას ფლორა და ფაუნა ზეიმობს, ივანიშვილს შეუძლია დეპუტატებს ზებრა ვირად აარჩევინოს" - კვირის პალიტრა

"ზვიად კვაჭანტირაძის გაშვებას ფლორა და ფაუნა ზეიმობს, ივანიშვილს შეუძლია დეპუტატებს ზებრა ვირად აარჩევინოს"

მართალია კვაჭანტირაძე ვერ გაუშვეს, მაგრამ ივანიშვილს შეუძლია ზებრა ვირად აარჩევინოს დეპუტატებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში ნიუსრუმი" სტუმრობისას განაცხადა.

გიგი უგულავამ სასამართლო სისტემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ივანიშვილმა აირჩია ერთი "სასტავი" , ამ "სასტავს" დაეყრდნო და მათ მძევლად აიყვანეს სასამართლო. ამავე კონტექსტში გიგი უგულავამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ დღეს მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების გაზიარება კანონში, რომელიც მოსამართლეებს შეეხება, სამომავლოდ, რთული ქირურგიული ჩარევა გახდება საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად.

უგულავა მიიჩნევს, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, ივანიშვილი შეძლებს იმ ცვლილებების დამტკიცებას პარლამენტის მეშვეობით, რომელიც მას სურს.

"მთელი ამ წლების განმავლობაში სიტუაცია სასამართლოში როგორ განვითარდა - ბიძინა ივანშვილი შეხვდა და გააფორმა პოლიტიკური ალიანსი მურუსიძე-ჩინჩალაძესთან, მეორე მხრივ, აქეთ აბსოლუტურად უსაქმური, ამორალური და კორუმპირებული ნინო გვენეტაძე.

ნინო გვენეტაძე მოიქცა როგორც თავმჯდომარე აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ და უსინდისოდ. ნინო გვენეტაძე არ იყო ამ კლანის წევრი, მაგრამ არაფრით განსხვავდებოდა მისგან. მას უნდოდა ალტერნატიული თავისი "კლანის" შექმნა. მერე გვახსოვს ჩვენ ეს "შპარგალკების" ამბავი. აქ გამოიჭირა ამ ჯგუფმა და პროკურატურამ გვენეტაძე და მათ დაუდეს კომპრომატი. ეს ქალი შეშინდა და მივიდა კვირიკაშვილთან. გიორგი კვირიკაშვილმა - მე დაგიცავო. წავიდა კვირიკაშვილი, გვენეტაძე პანიკაში ჩავარდა და გავარდა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქვეყნიდან ისე გაექცა, რომ არავინ იცის. გაიქცა და მეორე დღეს გახსნა მისმა პრესსამსახურმა კონვერტი და წასვლის წერილი იყო.

ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მაშინდელ პრეზიდენტს და უმრავლესობას ეკისრება, რომ გვენეტაძის ნაცვლად უნდა დაგვენიშნა და აგვერჩია ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ადამიანებს დააბალანსებდა. ალტერნატივას შექმნიდა.

ივანიშვილმა აირჩია "ერთი სასტავი" , ამ "სასტავს" დაეყრდნო და მათ აიყვანეს სასამართლო მძევლად. ძალიან ბევრი პრობლემა იქმნება და ქირურგიული ამპუტაცია დასჭირდება თუ ეს ყველაფერი გააკეთეს. დახშული სივრცე იქნება. ამ დახშულ სივრცეს სხვანაირად ვერ გაარღვევ თუ არა ქირურგიული ჩარევა.

ჩვენ ვხედავთ, რომ 76 ხმა ივანიშვილს აქვს პარლამენტში, მეტიც. შესაბამისად, ბოლო-ბოლო ზებრას ვირად აარჩევინებს ხალხს. ჩვენ ვნახეთ ეს ღილაკების ისტორიაზე. კვაჭანტირაძის გაშვებას მართლა ფლორა და ფაუნა ზეიმობს. კვაჭანტირაძე ვერ გაუშვეს, მაგრამ ზებრას ვირად აარჩევინებს. ასეთი მდგომარეობაა საპარლამენტო უმრავლესობაში", -განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ასევე: "სალომე ზურაბიშვილი გვეყოლება "გასაკოჭი", რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს"

იხილეთ ვიდეო