პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა - კვირის პალიტრა

პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 31-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროცედურა პირობითად შესაძლოა ხუთ ეტაპად დაიყოს:

პირველი ეტაპი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონპროექტით გათვალისწინებული წესით იწყებს პარლამენტისათვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურას. ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი განცხადებით შეიძლება მიმართოს პირმა, თუ ის დააკმაყოფილებს "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების დიპლომი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილება და ფლობს სახელმწიფო ენას.

პროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე პირებად ითვლება: მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. განხილვის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება განმცხადებელთა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირის მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, რომელიც წარდგენილ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში.

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება პრინციპი, რომლის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

მეორე ეტაპი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განმცხადებელთა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და განხილვის ვადების გასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას შერჩევის პროცესში მონაწილე პირების შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე. თუ შერჩევის პროცედურა გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ერთ ან ორ ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ ეტაპზე, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე, გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო შედეგის მქონე 3-ჯერ მეტი შერჩევის პროცედურაში მონაწილე. ხოლო თუ შერჩევის პროცედურა გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არანაკლებ 3 ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ ეტაპზე, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე, გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო შედეგის მქონე 2,5-ჯერ მეტი შერჩევის პროცედურაში მონაწილე (შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადამსვლელი კანდიდატების რაოდენობა განისაზღვრება ნამრავლის მთელი რიცხვით).

კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ კანდიდატს მიენიჭება, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. შერჩევის პროცედურაში მონაწილეების შემდგომ ეტაპზე გადასულთა სია ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ აღმოჩნდება, რომ შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა რაოდენობა ნაკლებია ან ტოლია გამოცხადებული შემდგომ ეტაპზე გადასაყვანთა კვოტისა, ეს მონაწილეები კენჭისყრის გარეშე გადადიან შემდგომ ეტაპზე.

აღსანიშნავია, რომ, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი ამ ეტაპზე არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით.

მესამე ეტაპი - შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატების მოსმენა იწყება, რომელიც ტარდება საჯაროდ.

მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საბჭოს თითოეულ წევრს შესასწავლად გადაეცემა ამ კანონით დადგენილი წესით კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია. საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვით მიმართონ თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების მოსმენების დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატს აფასებენ ქულებით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 35/1 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს - 36/4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსმენების დასრულებიდან უახლოეს სხდომაზე ფარულად უყრის კენჭს უზენაესი კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობამდე დაყვანის მიზნით. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ვინაობა ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი არც ამ ეტაპზე სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით.

მეოთხე ეტაპი - კანდიდატთა ვინაობის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ კანდიდატს, ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი უფლებამოსილი არ არის ხმა მისცეს მისი კანდიდატურის საქართველოს პარლამენტში წარდგენას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი კანდიდატის თაობაზე განსხვავებული აზრის შემთხვევაში, უფლებამოსილია წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს. აღნიშნული განსხვავებული აზრი გადაეცემა პარლამენტის თითოეულ წევრს. მათ აგრეთვე გადაეცემათ ინფორმაცია კანდიდატისთვის მინიჭებული ქულის შესახებ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილმა მოსამართლეობის კანდიდატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს უნდა წარუდგინოს ცნობა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

აღნიშნული ცნობები მიღებისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარედგინება პარლამენტს.

მეხუთე ეტაპი - თუ საქართველოს პარლამენტში კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესება ვერ მოხდა, ვაკანსიის შესავსებად, 2 კვირის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონპროექტით გათვალისწინებული "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებულ სიაში დარჩენილ პირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების დარჩენილი ვაკანსიის ოდენობამდე დაყვანის მიზნით, ფარულად, უყრის კენჭს. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე დარჩენილი ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. ამ კანდიდატთაგან წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ფარული კენჭისყრით მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების ორ მესამედს მაინც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანონპროექტით დადგენილი წესით ვერ მოხდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის შევსება, 1 თვის ვადაში ხელახლა იწყება შერჩევის პროცედურა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატების წარდგენა, ვინც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობას, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

"ინტერპრესნიუსი"