"სააკაშვილი მეუბნებოდა,- მოდი, მოვილაპარაკოთ, შენ პრემიერ-მინისტრი იყავი, მე ვიცე-პრემიერიო..." - რას ყვება ავაკოვი სააკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი მეუბნებოდა,- მოდი, მოვილაპარაკოთ, შენ პრემიერ-მინისტრი იყავი, მე ვიცე-პრემიერიო..." - რას ყვება ავაკოვი სააკაშვილზე?

"მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავში არც ჩაჯდება და არც უკრაინაში შემოუშვებენ"

უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ინტერვიუ ჩამოართვა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაკოვს. მათი საუბარი შეეხო რეფორმებს, ოლიგარქებს, კორუფციას, საპრეზიდენტო არჩევნებს და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ყველამ დაინახა თქვენი ცნობილი "ჭიქით სროლა" მიხეილ სააკაშვილისაკენ.. - ვერ მივაწვდინე...

- მაგრამ ჭიქა ნამდვილად ესროლეთ, რეფორმების საბჭოს სხდომაზე, 2016 წლის დეკემბერში. ამასთან ზოგიერთ წყარო თქვენი გარემოცვიდან მიყვებოდა, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილთან ამ ინციდენტამდე საკმაოდ კარგი ურთიერთობება გქონდათ... - სწორედ ამიტომ ვესროლე ჭიქა, რადგან ასეთ უნამუსობას მისგან არ ველოდი. საბჭოს სხდომამდე სულ რაღაც ორიოდე დღით ადრე იგი ჩემთან კაბინეტში იჯდა, ჩაის სვამდა და მეუბნებოდა - მოდი, მოვილაპარაკოთ, შენ პრემიერ-მინისტრი იყავი, მე ვიცე-პრემიერიო თუ პირიქით... ზუსტად აღარ მახსოვს... საერთოდ, მე არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი გენიალური მმართველია, რომ იგი ჩვენთან, უკრაინაში, კორექტულად მოქმედებდა. ჩემი აზრით, მან თავს უფლება მისცა, რომ პეტრო პოროშენკოს იარაღი ყოფილიყო არსენ იაცენიუკის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მთავარ იარაღად? - დიახ, უპირველეს წამომწყებად. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ შებრუნდა. ადამიანმა თავის ნამოქმედარზე ხომ პასუხი უნდა აგოს... და მან მიიღო ის, რაც მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა ბევრი რამ ისე გააკეთა, როგორც არ უნდა გაეკეთებინა. იგი, აბსოლუტურად, უპრინციპო პიროვნებაა. მან მოიმკო ის, რაც დათესა.

- თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ არ შეცვლილა ამდენი წლის შემდეგ? - ანუ იმის შემდეგ, რაც იგი ქვეყნიდან იქნა გაძევებული? არა, ნამდვილად არა.

- ესე იგი, თქვენი დამოკიდებულება იგივე რჩება. - და საერთოდ, განა რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა? მე იმ ინციდენტის შემდეგ ქართველებს ვესაუბრე, სხვათა შორის, მისი გუნდის წევრებსაც. მათ ამიწერეს რეალური სურათი, თუ რა ხდებოდა საქართველოში ნამდვილად და არა ლამაზად დახატული სახით. მე  უკრაინის ასეთი მომავალი არ მინდოდა.

- როცა უკრაინელმა მესაზღვრეებმა ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ საზღვრის გარღვევა მიხეილ სააკაშვილის მიერ 2017 წლის სექტემბერში, პრეზიდენტის გარემოცვა ამბობდა, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილს "მიმცობანას" ეთამაშებოდით, ანუ მესაზღვრეებს ძალის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ არ გამოიყენესო. როგორ იყო სინამდვილეში? - ოჰ, ეს პრეზიდენტის გარემოცვა... სინამდვილეში მე მაშინ პრეზიდენტთან ძალზე მწვავე საუბარი მქონდა. უკვე იყო ის დრო დამდგარი, რომ ჩვენ ქცევის წესი ამოგვერჩია - ან საზღვარზე სროლა დაგვეწყო და დეტონატორი მიგვეღო კონფლიქტის გაფართოებისათვის ან ისე გაგვეკეთებინა, როგორც გამოვიდა და შემდეგ დაგვემყარებინა წესრიგი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ ინციდენტის თითქმის ყველა მონაწილე დავაკავეთ, ყველა სასამართლოში ვაყურყუტეთ, ყველა მაშინდელი ოპოზიციონერის ჩათვლით - იქ იყო იულია ტიმოშენკოც, მუსტაფა ნაიემიც... რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან არანაირი გარიგება არ ყოფილა. ეს, უბრალოდ, გონივრული გადაწყვეტილება იყო. მე მაშინ ერთ-ერთმა საზღვრის დაცვის ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა დამრეკა და მითხრა - რა ვქნათ, მასობრივად ირღვევა საზღვარი და იარაღი გამოვიყენოთო? მე ვუთხარი - ხომ არ გაგიჟდი, ეგ არ გააკეთო-მეთქი. ჩვენ ამით ერთგვარი გამოცდილებაც მივიღეთ. საერთოდ, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სახელმწიფოსადმი უპატივცემლობაა და ამ საკითხში მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად უკანონოდ მოიქცა.

- ერთი კვირის წინათ ჩემთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა თავის აიფონში მაჩვენა ელექტრონული ავიაბილეთი და თქვა, რომ პირველ აპრილს, ვარშავიდან კიევში, 14 საათსა და 05 წუთზე, იგი ბორისპოლის აეროპორტში ჩამოფრინდება. იმ დროისთვის უკვე ცნობილი იქნება, რომ პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და მესაზღვრეები მას - მიხეილ სააკაშვილს - ვერ დააკავებენ. რას გააკეთებთ თქვენ, როგორც მინისტრი, როგორც საზღვრის დაცვის სამსახურის კურატორი, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პირველ აპრილს მართლაც ჩამოფრინდება?

- ეს 300-დოლარიანი პიარია, საპირველაპრილოდ. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ ამგვარად გადაგიხადოთ თქვენს ტელეარხზე გამოსვლის ფასი. მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავში არც ჩაჯდება, აქ არ შემოუშვებენ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა აკრძალული აქვს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ