"ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" ბლოკი შექმნეს და საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს - კვირის პალიტრა

"ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" ბლოკი შექმნეს და საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

"ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს.

"ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე შალვა შავგულიძემ ხაზი გაუსვა ორი პოლიტიკური ძალის საერთო ღირებულებებს.

"ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით შუალედურ არჩევნებზე. ჩვენი თანამშრომლობა დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვასა და ღირებულებებს, როგორიცაა სამართლის უზენაესობა, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება, ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით, ადამიანის უფლებათა დაცვა, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ვიხედებით მომავლისკენ. გვაქვს ქვეყნის განვითარების პოზიტიური გეგმა და დღის წესრიგი. ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობას დავუტოვოთ ქვეყნის შიგნით და საგარეო თვალსაზრისით მშვიდობიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული და სამართლიანი, ძლიერი სახელმწიფო. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა თანამშრომლობა", - განაცხადა შავგულიძემ.

"ინტერპრესნიუსი"