"ცდილობენ შექმნან განწყობა, რომ ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე" - კვირის პალიტრა

"ცდილობენ შექმნან განწყობა, რომ ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე"

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სრულად აქვთ მოზიდული დაფინანსება, შერჩეული ჰყავთ გენერალური კონტრაქტორი და ასე შემდეგ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში შექმნან განწყობა - პროექტს და კონკრეტულ ინვესტორს მთავრობა ებრძვის, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

"და რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე - აი, ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი", - დასძინა ცქიტიშვილმა.

მინისტრმა დღეს ისიც აღნიშნა, რომ ის პიარი და კამპანია, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან აქვს ადგილი, აცდენილია კონსორიციუმის მიერვე წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განმარტა, დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი წარმოდგენილია უშუალოდ ქართული მენეჯმენტის მიერ და არც ჩანს ის გამოცდილება და ფინანსური მდგომარეობა, რამაც პროცესში კონსორციუმს გაამარჯვებინა.

"კონსორციუმმა "კონტი ჯგუფის" გამო გაიმარჯვა და არა მხოლოდ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამო", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"