"ივანიშვილი ქვეყანაში ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის ნომერ პირველ დაბრკოლებად გადაიქცა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ქვეყანაში ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის ნომერ პირველ დაბრკოლებად გადაიქცა"

"ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის ნომერ პირველ ვალდებულებად და დაბრკოლებად გადაიქცა" - ამის შესახებ წერს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნი ღია წერილში.

ფადი ასლი წერილში მისი კომპანიის, წინა ხელისუფლებების მმართველობისას ბიზნესის მდგომარეობაზე, სავაჭრო პალატის შექმნის აუცილებლობაზე და სხვა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

"2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ხმა მივეცი "ქართულ ოცნებას" და 2012 წლის 5 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებით გავმართეთ ჩვენი ბიზნეს საზოგადოების პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. ამ შეხვედრის დროს ბატონი ივანიშვილი ბიზნეს საზოგადოებას დაჰპირდა ძალადობისა და ზეწოლისაგან დაცვას, სამწუხაროდ, მისი სიტყვები იმავე დღეს - მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა, რამეთუ შემდგომ სწორედ იგი გახდა საქართველოში ბიზნესის ნომერ პირველი მჩაგვრელი.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, წარსული ისტორია თქვენთვის გავიხსენე, რათა გესმოდეთ, რომ საქართველოში 21 წლის მანძილზე ჩემი ბიზნეს- მოღვაწეობის, ქვეყნის მსხვილი ბიზნეს ორგანიზაციების ხელმძღვანელობისა და ასობით ჩაგრული და შევიწროებული უცხოელი ინვესტორებისა თუ ადგილობრივი ბიზნესის პრობლემების გადაჭრაში აქტიური ჩართულობის შემდეგ მე როდესაც ვხედავ ზეწოლას, ვიცი რომ ნამდვილად ზეწოლაა და ამისათვის არ მჭირდება მესამე მხარის დასტური.

გასული 21 წლის განმავლობაში მე ყოველდღიურად ვხედავდი, თუ როგორ იყენებდა მთავრობა სისტემატურად სახელმწიფო აპარატს ბიზნესმენების ამოსაძირკვად, დასასუსტებლად და დასაშანტაჟებელად.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენმა მთავრობამ გააკოტრა უამრავი საწარმო, რომლებიც, თქვენი მოსაზრებით, სააკაშვილის ადმინისტრაციასთან იყვნენ დაახლოებულნი; ზოგიერთი კომპანიის სახელი ICC-მ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა პრესისთვის ჩვენს მიერ დასახელებული იმ 21 კომპანიის სიიდან, რომლებიც თქვენი მმართველობის ამა თუ იმ ეტაპზე დაექვემდებარნენ ზეწოლას, შევიწროებას, განადგურებას ან რომელთა პრობლემების მიმართაც მთავრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა სრულ ლეთარგიულ დამოკიდებულებასა და დაუინტერესებლობას.

ჩემთვის არც ის არის გასაკვირი, რომ თქვენი მთავრობა დაუკავშირდა ჩვენს მიერ სიაში მითითებულ ზოგიერთ კომპანიას და სთხოვა, გაეკეთებინათ განცხადება, სადაც უარყოფდნენ მათზე ზეწოლის ფაქტებს. ასე მოიქცა მთავრობა და ძალზე მცირე ოდენობის - რამდენიმე კომპანია, რომლებიც შეთანხმდნენ ამგვარი განაცხადის გაკეთებაზე, რაც ძალზე არასერიოზული და არაპროფესიონალური მიდგომაა, რამეთუ პრობლემები, რომლის წინაშეც ეს კომპანიები იდგნენ, საჯაროდ გახლდათ ცნობილი და ფართოდ შუქდებოდა იმ დროისათვის მედიასაშუალებებში. აღნიშნული კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად დაშინებულია საქართველოში ბიზნესი.

თქვენ არ შეგიქმნიათ პრეცედენტი თქვენი საპასუხო ზომებით იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც თქვენი პოლიტიკისადმი არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევთ; სააკაშვილის ადმინისტრაცია დევნიდა, სჯიდა და აკოტრებდა ბიზნესმენებს, რომლებიც იმ დროისათვის შევარდნაძესთან ან - მოგვიანებით - ოპოზიციასთან დაახლოებულად მოიაზრებოდნენ და სულაც არ გამიკვირდება, თუკი ხელისუფლება, რომელიც თქვენ შეგცვლით, იგივენაირ ზომებს გაატარებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ბიზნესისა და სხვა - მასთან დაახლოებული ბიზნესმენების წინააღმდეგ, რადგანაც, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ასეთი კულტურა და მოქმედების რეჟიმი აქვს.

როგორც თქვენი მთავრობის ყოველდღიური დამკვირვებელი 2013 წლიდან, ვამჩნევ, რომ ქვეყანას ორი ძალაუფლება მართავს: ოფიციალური, მაგრამ ძალის არმქონე ხელისუფლება, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე და მათი გუნდი წარმოადგენს, რომელთაც ესმით, როგორ უნდა იმართოს ქვეყანა, და რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ საქართველოს წინსვლის, უცხოურ ინვესტიციების ხელშეწყობის, სიღარიბესთან ბრძოლისა და ქვეყანაში საქმიანი გარემოს გაუმჯობესებისთვის და არაოფიციალური, მაგრამ რეალური ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და რომელიც საკუთარი, არადეკლარირებული დღის წესრიგის მიხედვით მოქმედებს, რათა არ დაუშვას ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების შემოსვლა, არამედ საკუთარი საცეცებით გადაფაროს მსხვილი ბიზნესები, ჩამოიცილოს საქმიანი ხალხი, რომელიც მას არ მოსწონს, ამისათვის გამოიყენოს 1990-იანი წლების მსგავსი კრიმინალური მეთოდები, და ყოველივე აღნიშნული განახორციელოს იმის გამო, რომ მთლიანად აკონტროლებს სახელმწიფო სტრუქტურას, კერძოდ, პროკურატურას, სასამართლოსა და სამართალდამცავ უწყებას.

2018 წლის შემოდგომაზე ბატონი ივანიშვილი ტელევიზიით გამოვიდა და ტრაბახობდა, რომ 2017 წელს ფილიპ მორისისა და ბრიტანულ-ამერიკულ თამბაქოს პრობლემების უკან სწორედ იგი იდგა; ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს ძალზე ძვირი დაუჯდა და ქვეყანა წლებით უკან დახია. ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის გეგმებზე საერთაშორისო ზეწოლის გამო, რაც მისი ქმედებების შედეგად საქართველოს სასამართლო სისტემის რღვევის დაწყებას მოჰყვა.

ბატონი ივანიშვილი იდგა, ასევე, Georgian American Alloys პრობლემების უკან; ამ საკითხმა აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოსადმი მძაფრი კრიტიკა გამოიწვია და ძალზე სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს.

ბატონი ივანიშვილი თავს დაესხა ომეგა ჯგუფს; ეს გახლდათ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული საზარელი დანაშაული, კოლექტიური დასჯის უნიკალური შემთხვევა, სადაც იგი აზარალებდა 1500-მდე თანამშრომელსა და მათი ოჯახის წევრებს. ადამიანის უფლებათა 2018 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იქნა გამოცემული, 4-ე თავი მკაფიოდ აღნიშნავს ომეგას მთელ საგას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.

ბიძინა ივანიშვილის ბოლო, მაგრამ არანაკლებ მასშტაბური ქმედება გახლავთ თავდასხმა "თიბისის" დამფუძნებლებზე, მათი დაზარალების მცდელობები, შანტაჟი, ზიანის მიყენება ბანკისა და ანაკლიის პროექტისადმი, რომელიც მშენებლობის პროცესშია.

"თიბისი" ქვეყანაში ყველაზე დიდი და მყარი ფინანსური დაწესებულებაა; ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამ ინსტიტუციის განმტკიცება და დაცვა, რამეთუ "თიბისი" ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის ერთერთ საყრდენს წარმოადგენს; სამწუხაროდ, თქვენი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყოველ ზომას მიმართავდა ამ დაწესებულების ხელშეშლისთვის, მათ შორის, 11 წლის წინ ფულის გათეთრების ცრუ ბრალდებით გამოძიების გაყალბებას, რაც მიზნად ისახავდა ბანკის დესტაბილიზაციას, დამფუძნებლების შანტაჟს და ანაკლიის მშენებლობისთვის ინვესტორთა დაფინანსების შეწყვეტას.

ამ მთავრობის მიერ დაფინანსებული შანტაჟის შედეგად ბანკმა ლონდონში მხოლოდ ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგა, რამაც გამოიწვია დამფუძნებლების ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსგან იძულებით გადადგომა შემდგომი ზარალის თავიდან ასაცილებლად; ამ ზიანს შეურაცხყოფაც დაემატა და, მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლები უკვე შეუთანხმდნენ ეროვნულ ბანკს იძულებითი მორიგების თაობაზე, ხელისუფლებას ჯერაც არ შეუწყვეტია მათზე ზეწოლა და შანტაჟი ყველა შესაძლო გზით. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის ნომერ პირველ ვალდებულებად და დაბრკოლებად გადაიქცა, რაზეც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების 35%- ით შემცირება თავად მეტყველებს მდგომარეობის სავალალოობაზე", - ნათქვამია წერილში. (იხილეთ სრულად)