"ონლაინთამაშისთვის რეგულაციები დასაწესებელია, მაგრამ..." - რას ფიქრობენ უმრავლესობაში პარლამენტში "გაჭედილ" კანონპროექტზე?
"ონლაინთამაშისთვის რეგულაციები დასაწესებელია, მაგრამ..." - რას ფიქრობენ უმრავლესობაში პარლამენტში "გაჭედილ" კანონპროექტზე?
ფოტო:ზაქარია ქუცნაშვილი, ნინო გოგუაძე, ნუკრი ქანთარია
"ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას არადა არ დაადგა საშველი, მეტიც, დაპირებული რეგულაციები, რომელიც ონლაინ თამაშისთვის უნდა დაეწესებინათ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, დაივიწყეს.

ამის პარალელურად ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება. "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი. მათ შორის, 2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, ხოლო 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა და 2017 წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ
5,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა. იხილეთ სრულად

მოკლედ, ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში.

უკვე კარგა ხანია ჩვენში ლაპარაკობენ,
რომ საჭიროა ამ მიმართულების იმგვარი რეგულირება, რომ მისი მავნე გავლენა საზოგადოებაზე მაქსიმალურად შემცირდეს.
ჯერ კიდევ 2015 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რეგულაციების გარეშე ონლაინ-კაზინოები მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებსო, შესაბამისად, ამ საკითხზე მუშაობის პირობაც დადო.

ამის კვალდაკვალ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს გულისხმობს.

"აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობასთან შეთანხმებული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ეს სერვისი მიმართული იქნება უცხოელ ვიზიტორებზე, ხოლო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ისეთი ბარიერების გაკეთებას შევეცდებით, რომ თამაშის დაწყების გადაწყვეტილებამდე ძალიან რთულად მივიდნენ", -  ამბობდა იმჟამად ლევან გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილის ავტორობით შექმნილი კანონპროექტის მიხედვით, ე.წ. ონლაინთამაშებთან დაკავშირებით დაგეგმილია, რომ ანგარიშსწორება მოხდეს მხოლოდ ბანკების საშუალებით და ყველანაირი ფსონი ოფიციალური საბანკო ტრანზაქციით დაფიქსირდეს. ასევე, დაიბლოკება ქართული ბარათების გამოყენებით გარე, უცხოურ საიტებზე ონლაინ თამაშები. ასევე პირს შესაძლებლობა ექნება, სასამართლოს მიმართოს და ამ გზით საკუთარი ოჯახის წევრი იმ პირთა სიაში შეიყვანოს, ვისაც აზარტულ თამაშებზე წვდომა შეზღუდული აქვს.

თუმცა ეს და სხვა ინიციატივებიც ჰაერშია კვლავაც გამოკიდული, უკვე "ქართული ოცნებიდან" წასულმა ლევან გოგიჩაიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ღიად განაცხადა, რომ "აზარტული თამაშობების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეჩერდა: "სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის "თხოვნით თუ მოთხოვნით" არის გაჩერებული", - განაცხადა მან.
ლევან გოგიჩაიშვილი
"ჩვენ ვიყავით შეთანხმებულები, რომ "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი შემოჰქონდა მთავრობას. თუ მთავრობა არ შემოიტანს, ამ ყველაფრის ხელახლა ინიცირება მე მომიწევს და გამოჩნდება, რეალურად, იქნება თუ არა პარლამენტში მხარდაჭერა. ერთ შემთხვევაში, რეკლამაზე მე ვარ ინიციატორი, ყველა კომიტეტი გაიარა და კენჭისყრა დაახლოებით, ორი თვით არის შეჩერებული. მეორე კანონპროექტში, რომელზეც პოლიტიკურად შეთანხმება ასევე შედგა და მის მომზადებაში საპატრიარქოც ჩართული იყო, დებატები ასაკთან დაკავშირებით მიმდინარეობდა... ვფიქრობ ამ კანონპროექტის შემოტანის დროც მოვიდა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა "360 გრადუსში"

თავის დროზე კვირიკაშვილის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის მნიშვნელოვანი ნაწილისგან მხარდამჭერი განცახდებები მოჰყვა, თუმცა ახლა მათი დიდი ნაწილი კომენტარზეც კი უარს ამბობს. ნაწილი კი აცახდებს, რომ რეგულაციებს ემხრობა, თუმცა მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებში რა წერია, არ იცის. შეგახსენებთ, ლევან გაჩეჩილაძის თქმით, კანონპროექტმა, რომელიც სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვას შეეხება, საკომიტეტო მოსმენები უკვე გაიარა.

გთავაზობთ ქართველ საპარლამენტო უმარვლესობის წევრ კანონმდებელთა კომენტარებს.

ნუკრი ქანთარია:
"ონლაინთამაშისთვის რეგულაციები, დასაწესებელია, რადგან ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა და ამას მიხედვა უნდა. ამიტომ ამ საკითხის დეტალური განხილვა რომ მოხდება, ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ. შეზღუდვები საჭიროა, მაგრამ როგორ და რანაირად მოსაფიქრებელია. იდეა და მიზანი ძალიან კარგია, მაგრამ როგორ უნდა განხორციელდეს ეს, რა დაბრკოლებები აქვს, აქამდე რატომ არ განხორციელდა, ეს ყველაფერი გასარკვევია".

მისი თქმით, გოგიჩაიშვილის უმრავლესობიდან წასვლა არ ნიშნავს, რომ კანონი დაიბლოკება.

"თუ კანონი იქნება სარგებელის მომტანი, ადგე და დაბლოკო, ასე არ გამოვა", - გვითხრა ქანთარიამ.

ლევან გოგიჩაიშვილის ავტორობით შექმნილი კანონპროექტის შინაარსი არ ახსოვს დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს. ამბობს, რომ გაეცნობა ამ პროექტს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას დაუჭერს თუ არა კანონს მხარს.

"აზარტული თამაშების დიდი მომხრე არ გახლავართ, მას არც სპორტს ვეძახი და არც გართობის საშუალებად მივიჩნევ. ცდუნების იმ ასპარეზად ვუყურებ, სადაც გამარჯვებული არ არსებობს.
გოგიჩაიშვილის ინიციატივა არ მახსოვს, შეიძლება განვიხილეთ, მაგრამ მე დამავიწყდა. გავეცნობი კიდევ ერთხელ და შემდეგ გამოვთქვამ აზრს და მხარსაც ამის შემდეგ დავუჭერ".

ანალოგიურად ფიქრობს, უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ნინო გოგუაძე:
"ამის რეგულირების თემას არ ვეწინააღმდეგები პირიქით, ახალგაზრდები და განსაკუთრებით არასრულწლოვანები, რომლებსაც ადვილი წვდომა აქვთ სათამაშო სისტემაზე არ შეიძლება ჩვენი ყურადღების მიღმა იყვნენ. რაღაც ფორმით სჭირდება ამ საკითხს რეგულირება ოღონდ ეს რეგულაცია არ უნდა იყოს თვითმიზანი და უნდა იყოს ეფექტური, რომელიც შედეგს მოიტანს.

ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივა არ ვიცი, ჯერ ვერ შევძელი ამას რომ გავცნობოდი, მაგრამ რეგულირების საჭიროებას ნამდვილად ვხედავ. ვფიქრობ, პარლამენტმა ამას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პოპულისტური განცხადება მსმენია თუ როგორ შეიძლება ამის დარეგულირება, მაგრამ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ამიტომ ვამბობ, საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობა. მე პირადად ნამდვილად ვიმუშავებ ამ საკითხზე რადგან ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი საკითხია".

მოკლედ, ხომ გახსოვთ ელდარ შენგელაიას უკვდავი ფილმი "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" და მისი ლეგენდარული "გამყრელიძის დასკვნა, რომელსაც ყველა ეთანხმება, თუმცა ნაწარმოებში რა წერია არავინ იცის... სწორედ ამგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენი პარლამენტარების პასუხები.

ვცდილობდით სხვა დეპუტატების აზრის გაგებასაც, მაგრამ მათმა ნაწილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა, ნაწილმა ამ საკითხის კომენტირებაზე უარი თქვა.

ონლაინთამაში კი სულ უფრო ბევრ ოჯახს აუბედურებს ქვეყანაში....


(სპეციალურად საიტისთვის)

ნუ მაცინებთ
23 მარტი 2019 10:10
6 წელია პარლამენტში ხართ და ღილაკის ფერი ვერ გისწავლიათ. იქნებ არც აფიქსირებდით აქამდე?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?