ერევანი ბირთვული ნარჩენების რუსეთში გატანის გზას ეძებს... საქართველოს გავლით?! - კვირის პალიტრა

ერევანი ბირთვული ნარჩენების რუსეთში გატანის გზას ეძებს... საქართველოს გავლით?!

სომხური მედიაში ბოლო ხანს არაერთი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ლაპარაკია, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საცავებში ადგილი თითქმის აღარ არის.

"ერევანი ბირთვული ნარჩენების რუსეთში გატანის გზას ეძებს... საქართველოს გავლით" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სომხური გამოცემა "არავოტი", რომლის თანახმადაც სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საცავებში დღეს იმდენი გადამუშავებული ბირთვული საწვავი ინახება, რომ უკვე ადგილი აღარ არის. შესაბამისად, არსებობს პრობლემა რადიოაქტიური ნივთიერების სომხეთიდან გატანის თაობაზე. ასეთი შეშფოთება გამოხატა კომპანია "არმატომის" დირექტორმა ვაგრამ პეტროსიანმა, რომელიც სომხეთის ატომური დარგის განვითარების პერსპექტივის განხილვაში მონაწილეობდა. როგორც მან აღნიშნა, გამოყენებული ბირთვული საწვავის ნარჩენები სომხეთის (მეწამორის) აეს-ის ტერიტორიაზე მდებარე სპეციალურ სათავსოებში - თხევად აუზებსა და მშრალ საცავებში ინახება, რაც იძულებით ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ადრე გამოყენებული რადიოაქტიური ნარჩენები რუსეთის ფედერაციაში გადიოდა, სადაც ხდებოდა მისი გაუვნებელყოფა.

როგორც გაზეთ "არავოტის" კორესპონდენტს სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა არტემ პეტროსიანმა განუმარტა, უკანასკნელად სომხეთიდან რუსეთში ბირთვული საწვავის ნარჩენები 1989 წელს გაიტანეს, რკინიგზის მეშვეობით, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. მას შემდეგ ატომური მასალები სომხეთში, მეწამორის აეს-ის საცავში რჩება, რომელიც ევროკავშირის დახმარებით, ფრანგულ კომპანია Areva-სთან შეთანხმების საფუძველზე აიგო. მისი თქმით, დღეისათვის რადიოაქტიური ნარჩენების სომხეთიდან რუსეთში გატანის მიზნით, ერთადერთ ალტერნატიულ გზას საქართველოს ტერიტორია წარმოადგენს.

არტემ პეტროსიანმა "არავოტ"-თან საუბარში აღნიშნა, რომ ამჟამად განიხილება სამუშაო წინასწარი ვარიანტები ბირთვული სათბობის ტრანსპორტირების თაობაზე: "საერთაშორისო პრაქტიკაში არის ბირთვული საწვავის ნარჩენების საჰაერო გზით გადატანის მცდელობები, მაგრამ  ძირითადად მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი რეაქტორების ნარჩენები გადააქვთ ხოლმე, რომლებიც მცირეა მოცულობით და მათი რადიოაქტიურობის დონეც დაბალია. რაც შეეხება ენერგეტიკული რეაქტორების ნარჩენების რუსეთში გატანის საკითხს, ჩვენ არ გვაქვს ამ საკითხზე დადებული შეთანხმება საქართველოსთან. ვმსჯელობთ ტექნიკურ საკითხებზე - რამდენად შეიძლება მათი გადატანა რკინიგზით, მიზანშეწონილი იქნება თუ არა ფინანსური თვალსაზრისით, ეფექტური იქნება თუ არა ეკონომიკურად და ა.შ.".

როგორც სომხეთის სააგენტო "არკა" იუწყება, არტემ პეტროსიანმა პოზიცია გამოხატა აგრეთვე ბირთვული ნარჩენების საცავების მიმართაც: "პრობლემა იმაშია, რომ მსგავსი საცავების ექსპლოატაციის ვადები მხოლოდ 50 წლამდეა. შესაბამისად, ან არსებული საცავი უნდა გაფართოვდეს, ან ახალი კაპიტალური უნდა აშენდეს ძალიან ღრმა მიწისქვეშა ფორმაციებში, რაც ძალიან დიდ კვლევით ხარჯებს მოითხოვს (კანადამ მსგავსი კვლევების მიზნით 12 მლრდ. დოლარი დახარჯა). ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა გზით უნდა წავიდეთ - გადავწყვიტეთ, რომ ვიმსჯელოთ გადამუშავებული საწვავის რუსეთში გატანაზე, საქართველოს ტერიტორიის გავლით. თუმცა ეს პროექტი ჯერ "ნედლია": აუცილებელია მისი ტექნიკური რეალიზების შესაძლებლობის შესწავლა და მწარმოებელთან მოლაპარაკება", - განაცხადა არტემ პეტროსიანმა. იმავე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია პროექტის ვადებსა და ხარჯებზე ლაპარაკი იმდენად, რამდენადაც აუცილებელია ტრანზიტის პრობლემის მოგვარება და ამ მიზნით სამმხრივი შეთანხმების გაფორმება. არტემ პეტროსიანმა ასევე განაცხადა, რომ დღეისათვის მეწამორის ატომური ელექტროსადგურის საცავის მდგომარეობა ნორმალურია. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ